თბილისის საქალაქო სასამართლოში „სითი პარკის“ წინააღმდეგ გამართული სასამართლო პროცესი მომჩივანსა და მოსამართლეს შორის ურთიერთშელაპარაკებით დასრულდა.
ადვოკატი ემზარ პაქსაძე, რომელიც 2016 წლის ზაფხულში, 3 კვირის განმავლობაში, მანქანის არასწორი პარკირებისთვის რამდენჯერმე დააჯარიმეს, „სითი პარკს“ უჩივის. სასამართლო პროცესები ოქტომბრიდან მიმდინარეობს, თუმცა, დღეს, იმის გამო, რომ მოსამართლემ შუამდგომლობის გაცნობა ვერ მოასწრო პროცესი 2 მარტამდე ისევ გადადო.
„თუ თქვენ ამ შუამდგომლობას დაგიკმაყოფილებთ, გამოდის, რომ სარჩელს გიკმაყოფილებთ უპირობოდ, რის მიხედვით ვიმსჯელო, თუ ამ მტკიცებულებას ამოვრიცხავ?!.““…საჯარიმო ქვითარი თავისთავად არის ადმინისტრაციული აქტი, აღსრულებაზე წახვედით და დავიჯერო ახლა, ადვოკატმა ისე აღასრულეთ ეს საქმე, რომ სააღსრულებო საქმეში არ ჩაიხედეთ, საჯარიმო ქვითარს არ გაეცანით? ვერ დავიჯერებ, რომ პროფესიონალი ადვოკატი ისე გადაიხდით 1500 ლარს, რომ სააღსრულებო საქმეში არ ჩაიხედავთ“; „ძალიან დიდი ბოდიში, ჩემი გრაფიკი იცით? მე 11-ის ნახევრიდან მაქვს დღეს პროცესები, მე-16 პროცესს ვატარებ და ელემენტარულად, თქვენს გარდა კიდევ მაქვს საქმე. მაშინ რადგან ახალი შუამდგომლობაა წარმოდგენილი, გამოვაცხადებ შესვენებას, რადგან სასამართლოს სჭირდება გონივრული ვადა ჩამოსაყალიბებლად“, _ ამ ფრაზებით მიმართა მოსამართლე ლეილა მამულაშვილმა მოსარჩელე ემზარ პაქსაძეს სხდომაზე, რის შემდეგაც პროცესი გადადო.
პაქსაძე აცხადებს, რომ მოსამართლე უკვე სამი თვეა გაუგებარი მიზეზების გამო პროცესებს დებს, რის გამოც, მომდევნო სხდომაზე მისი აცილების საკითხის დაყენებას აპირებს.
როგორც აღვნიშნეთ, საქმე ემზარ პაქსაძის დაჯარიმების საკითხს ეხება. საჯარიმო ქვითრები, „სითი პარკის“ მტკიცებით პაქსაძესა და მის მეუღლეს ჩაბარდა, თუმცა ორივე მათგანი საწინააღმდეგოს ამბობს. პაქსაძის თქმით, არცერთი საჯარიმო ქვითარი მასთან არ მისულა, რის გამოც, როგორც ჯარიმა, ასევე საურავი დაეკისრა, ჯამში კი, თანხა დაახლოებით 1500 ლარია. იმის გამო, რომ ადვოკატს ყველა საბანკო ანგარიში დაყადაღებული ჰქონდა, როგორც თვითონ ამბობს, უკანონოდ დარიცხული ჯარიმების გადახდა მოუხდა, თუმცა, სასამართლოში თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. ამასთანავე, პაქსაძეს უკვე მიმართული აქვს საგამოძიებო უწყებისთვის ქვითრებზე ხელმოწერების გაყალბებასთან დაკავშირებით. მისი მტკიცებით, არცერთ საჯარიმო ქვითარზე, რომელზეც სითი პარკი ამტკიცებს რომ პაქსაძე ჩაბარდა, მისი ან მისი მეუღლის ხელმოწერა არ არის. პაქსაძე აღნიშნულ ქვითრებზე ექსპერტიზის ჩატარებასაც ითხოვდა, თუმცა, იმის გამო, რომ „სითი პარკი“ ქვითრის დედნებს ექსპერტს არ აძლევს, ესეც ვერ ხერხდება. ამის საშუალება არც სასამართლომ მისცა, რადგან მან მხარეს დედნების წარმოდგენა არ დაავალდებულა.
„სამ თვეზე მეტია ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით იდება სასამართლო პროცესები. მოსამართლემ მიზეზად ის დაასახელა, რომ შუამდგომლობა, რომელიც შემეძლო დღევანდელ პროცესზე წარმომედგინა და გვემსჯელა, დილის საათებში მქონდა წარმოდგენილი, მას კი 16 პროცესი ჰქონდა, გადაღლილი იყო და ჩემ პროცესს ვეღარ განიხილავდა. რაც არის ნონსენსი. თუ ვერ შეძლებს 16 პროცესის გამართვას, მაშინ ნუ ჩანიშნავს, თუ საერთოდ ვერ აკეთებს ამას, მაშინ მოსამართლედ ნუღარ იმუშავებს.
ფაქტიურად, ამ მოსამართლემ მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარი მითხრა, 10 დღით გადამიდო პროცესი და თან გამაფრთხილა რომ პროცესი 15 წუთი გაგრძელდება, რადგან მას დრო ისევ არ ექნება. სიტყვები არ მყოფნის, როგორ გამოვხატო. გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება მაქვს, მარტო სარჩელის განხილვას და გადაწყვეტილებას კი არ ნიშნავს, კონკრეტულ ვადებში უნდა მივიღო სასამართლოს მომსახურება. ჩემს მიერ წარმოდგენილია ყველა მტკიცებულება, დავნიშნე ექსპერტიზები, მოპასუხე მხარე არ მაძლევს დედნებს, რომ ექსპერტიზები ჩავატარო. მივმართე პოლიციის სამმართველოს, დავაწყებინე გამოძიება, მივეცი ჩვენებები ფიცის ქვეშ, ხელი მოვაწერე, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ აღნიშნულ ჩაბარების ქვითრებზე რა არის ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ხელმოწერა. მეტის გაკეთების საშუალება არ მაქვს, გამორიცხულია სხვა რამით დავამტკიცო, რომ მე ან ჩემს მეუღლეს არ ჩაგვბარებია ეს ქვითრები“, _ აღნიშნა პაქსაძემ პროცესის დასრულების შემდეგ „გურია ნიუსთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, ქვითრებზე ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით, სასამართლოსაც მიმართა, თუმცა უშედეგოდ.
„სასამართლოს ვთხოვე დაენიშნა ექსპერტიზა, რადგან „სითი პარკმა“ წარმოადგინა დოკუმენტები A4 ფორმატზე. დაგვიდასტურეს, რომ ყველა ქვითარი ერთად დავდეთ და ისე გადავიღეთო. უკვე ეტყობა რომ გაყალბებულია. ყველას მივმართე, ექსპერტს, სასამართლოს, პოლიციას და ექსპერტიზას მაინც არ აკეთებენ. მეტი რა ვქნა, შიმშილობა დავიწყო?“_ აღნიშნავს პაქსაძე.
როგორც პაქსაძე განმარტავს, „სითი პარკი“ თვითონაა პოლიციაც, სასამართლოც და აღმასრულებელიც.
„ვინ აკონტროლებს იმას, მოქმედებს თუ არა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში „სითი პარკი“ კანონის შესაბამისად? პასუხი მარტივია – თუ პირმა ვისი დაჯარიმებაც მოხდა თავად არ მიმართა სასამართლოს ან თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს, „სითი პარკი“ თვითონ წყვეტს ვინ დააჯარიმოს, ვის დააკისროს საურავი და ვის მიმართ დაიწყოს სააღსრულებო წარმოება.
რეალურად მაქსიმალური თანხა, რაც ერთ ათლარიან ჯარიმაზე პირს შეიძლება დაეკისროს, არის 192 ლარი. ეს არაა ისეთი თანხა, რის გამოც ავტომობილის მფლობელი პირების 99% მიმართავს სასამართლოს ან მერიას და ამ მიზნით დაიქირავებს ადვოკატს, შემდეგ რამდენიმე თვე ან წელი დაელოდება მერიის ან სასამართლოს გამამართლებელ გადაწყვეტილებას. ვერც გავამტყუნებთ ამ ადამიანებს, მართლაც არ შეიძლება ადამიანს უღირდეს 192 ლარი საკუთარი დროის, ნერვებისა და თანხების დასახარჯად, თუ არ ამოძრავებს სამართლიანობის აღდგენის წყურვილი.
თუ წავიდა ადამიანი სასამართლოში ან მერიაში და მოიგო კონკრეტული საქმე, რეალურად, „სითი პარკი“ არც არაფერს კარგავს, მაქსიმუმ, დააბრუნებს უკანონოდ (თუ ასე დადგინდა) მითვისებულ თანხას და განაგრძობს თავის ჩვეულ საქმიანობას“, _ აცხადებს ემზარ პაქსაძე.
„სითი პარკის“ იურისტმა დღეს მედიასთან კომენტარზე უარი განაცხადა, როგორც მან აღნიშნა, პროცესების დამთავრებამდე კომენტარს ვერ გააკეთებს. „გურია ნიუსმა“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „სითი პარკს“ წერილობითაც მიმართა, თუმცა პასუხები ჯერჯერობით არ მიგვიღია.
ცნობისთვის, თბილსიის მერიასა და „სითი პარკს“ შორის ხელშეკრულება 2007 წლის 7 დეკემბერს დაიდო. ხელშეკრულების თანახმად, თბილისში, გზებზე ავტოსაშუალებათა პარკირების რეგულირების მექანიზმი შემოვიდა. აღნიშნული ხელშეკრულებით, სითი პარკი გახდა საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანო და მიენიჭა გარკვეული საჯარო უფლებამოსილებები, მათ შორის, არასწორი პარკირებისთვის ავტომობილის მძღოლების დაჯარიმების უფლება.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252 მუხლის თანახმად, განსაზღვრულია, რომ „დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილას ავტოტრანსპორტის პარკირებისთვის თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე ავტოტრანსპორტის დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ამსათანავე, იმ ავტოტრანსპორტს, რომელიც დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილას დგას 12 საათზე მეტი დროით, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი გადაიყვანს სპეციალურ ავტოსადგომზე, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად დაეკისრება დამრღვევ მძღოლს ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრეს“.
„სითი პარკს“ დედაქალაქის მერიასთან ხელშეკრულება 2024 წლამდე აქვს.