26 წლის ირინე შაყელაშვილი, ოზურგეთში, რელიგიური უმცირესობით დასახლებულ სოფელ ლაითურში ცხოვრობს. მეცხრე კლასში გათხოვდა და ახლა ოთხი შვილის დედაა.
„ისე მოხდა, რომ ადრე გავთხოვდი და როგორც იტყვიან, ადრე დამაწვა ოჯახის უღელი“, _ ირინეს გული წყდება, რომ სწავლა ვერ მოახერხა.
„ბევრი მიფიქრია ამაზე. როცა ოჯახი და პატარა ბავშვები გყავს ძალიან რთულია. 16 წლის ვიყავი, როცა დედა გავხდი. შეიძლება ითქვას, მეც ბავშვი ვიყავი. ძალიან კარგი მეუღლე და შვილები მყავს, რაც მაბედნიერებს, თუმცა, გული მწყდება, რომ ბავშვობაზე უარი ნაადრევად ვთქვი.
დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, ბევრ რამეს შევცვლიდი, თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, რომ ახლა უკმაყოფილო ვარ. ოთხი ძალიან კარგი შვილის დედა ვარ და ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. თავიდან კი მართლა გამიჭრიდა. არ იყო ადვილი. ოჯახს სხვა პასუხისმგებლობები აქვს. გული კი მწყდება ცოტა, მაგრამ რას ვიზამ,“ _ ამბობს ირინე, რომელიც მეუღლესთან ერთად ოჯახის სარჩენად ფიზიკურადაც შრომობს.
„სწავლა არც მეუღლეს დაუსრულებია. ისიც მეცხრე კლასიდან გამოვიდა. არცერთს გვაქვს დიპლომი და შესაბამისად, არც სამსახური. მძიმე ფიზიკური შრომა გვიწვევს. ყოველდღიურ მუშადაც ვმუშაობთ – ხან თხილის ვკრეფთ, ხან მანდარინს, ხან სიმინდს, სეზონის მიხედვით. ვცდილობთ, ჩვენს შვილებს არაფერი მოვაკლოთ“.
გვიყვება, რომ რამდენიმე წლის წინ, როცა ორი შვილი ჰყავდა, პატარები მეუღლეს დაუტოვა და თავად თურქეთში წავიდა სამუშაოდ.
„სხვა გზა არ მქონდა. ჩემი მეუღლე ბავშვებს უვლიდა და მე თურქეთშიც ვიმუშავე ცოტა ხანს მზარეულად. თუ დიპლომი არ გაქვს სამსახურს ვერ დაიწყებ. ძალიან გვიჭირს უმუშევრად ყოფნა. საბედნიეროდ, სოციალურ დახმარებას ვიღებთ და როცა დღიური სამუშაო არ არის, არ მეშინია, რომ ჩემს შვილებს მოშივდებათ“, _ ირინე ახლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მისმა შვილებმა კარგი განათლება მიიღონ.
„ჩემს შვილებს სულ იმას ვეუბნები, რომ ისწავლონ, ბავშვობა შეირგონ. ყოველთვის მოესწრებიან ოჯახის შექმნას. ყველაფერი მის დროზეა კარგი“.
გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემებით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, საქართველოს ნაადრევი ქორწინების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. არსებული სტატისტიკით, საქართველოში მცხოვრები ქალების 17% 18 წლის შესრულებამდე დაქორწინდა.
კვლევაში განმარტებულია, რომ მონაცემები სრული ვერ იქნება, რადგან ნაადრევი ქორწინება ხშირად ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არის. მაგალითად, 16 წლამდე ასაკის პირი ოფიციალურად ვერ შეძლებს ქორწინების დარეგისტრირებას. 2017 წლის იანვრიდან კი ძალაში შევიდა საკანონმდებლო ნორმა, რომლის მიხედვითაც 18 წლამდე მიუღწეველი პირები ვეღარც სასამართლოს ნებართვით დაქორწინდებიან.
„ადრეული ქორწინების პრაქტიკა და გარემოებები არ არის ჰომოგენური და საკმაოდ განსხვავდება ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიისა და რეგიონების მიხედვით. ადრეული ქორწინება განსაკუთრებით ხშირია გარკვეულ ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებში“, _ ვკითხულობთ 2014 წელს ჩატარებულ კვლევაში.
ანგარიშის მიხედვით, ნაადრევი ქორწინების ერთ-ერთ მიზეზად განათლების შეწყვეტა სახელდება. გოგონები, განსაკუთრებით – სოციალურად დაუცველთა ოჯახებიდან, ტოვებენ სკოლას, რის შემდეგაც „მათთვის ქორწინება ერთადერთი გამოსავალია“.
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მიერ 2017 წლის კვლევაში, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებებზე გაკეთდა, აღნიშნულია, რომ ახალგაზრდებს, რომლებიც არ ასრულებენ განათლების ამ საფეხურს გარკვეული სირთულეები ექმნებათ.
„შინამეურნეობებში, მთლიან მოსახლეობასა თუ ბავშვებში სიღარიბის დაბალი მაჩვენებელი, როგორც წესი, პირდაპირ კავშირშია ოჯახებში ზრდასრულთა განათლების დონესთან. განსაკუთრებული მნიშვნელობა კი ქალთა განათლების დონეს აქვს. იმ ოჯახებს შორის, რომლებშიც 15 წელზე უფროსი ასაკის არც ერთ ქალს არ აქვს მიღებული ზოგადი განათლება, თითქმის 7% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ხოლო ღარიბი შინამეურნეობებისა და მატერიალური პრობლემის მქონე მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებლები მკვეთრად იკლებს ქალთა საგანმანათლებლო მიღწევების ზრდასთან ერთად“.
ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოსწავლეები, რომლებიც არ ასრულებენ სკოლაში სწავლას უფრო ნაკლები ალბათობით შეიძენენ იმ ცოდნასა და უნარებს, რაც მათ შრომის ბაზარზე შესვლაში დაეხმარებათ.
ევროკომისიის პუბლიკაციის მიხედვით, 2013 წელს, ევროპაში, ასეთი მოსწავლეების უმუშევრობის მაჩვენებელი 41% იყო.. მოზარდები, რომლებიც ადრე ანებებენ სწავლას თავს უფრო მეტი ალბათობით ხდებიან სოციალური კეთილდღეობის პროგრამების ბენეფიციარები და არიან სოციალური გარიყვისა და სიღარიბის რისკის წინაშე.
ახალგაზრდების ეროვნული კვლევა ცხადჰყოფს, რომ 15-29 წლის ასაკის ახალგაზრდებს შორის, რომელთაც მიღებული აქვთ მხოლოდ დაწყებითი ან საბაზო საფეხურის განათლება, დაახლოებით 23.9%–ია დასაქმებული. მაშინ როდესაც ახალგაზრდებიდან, რომელთა განათლების მიღწეული დონე სრული საშუალო ზოგადი განათლების საფეხურს შეესაბამება, დასაქმებულია 45.8%. ასევე, საქართველოს 15-29 წლის ასაკის ახალგაზრდების 31.2% არც დასაქმებულია და ამასთანავე არ არის ჩართული ფორმალური განათლების არცერთ საფეხურზე. ასეთ ახალგაზრდებში ქალების წილი (65.4%) მკვეთრად აღემატება მამაკაცების რაოდენობას. უფრო მეტიც, კვლევის ანგარიშის თანახმად 15-29 წლის ქალების 40.3% არ მუშაობს და არც სწავლობს, მაშინ როდესაც იგივე მაჩვენებელი მამაკაცების შემთხვევაში 21.9% (გაეროს ბავშვთა ფონდი, 2014).
ადრეულ ასაკში ქორწინებასა და თანმდევ პრობლემებზე საუბარია სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშშიც.
„როგორც ირკვევა, ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტების უმრავლესობას არა ბავშვების სითამამე, არამედ მშობლების გადაწყვეტილება უდევს საფუძვლად. ზოგიერთ შემთხვევაში, მშობლები თავად არჩევენ ოჯახებს და შვილების დაუკითხავად წყვეტენ მათი დაოჯახების ამბავს. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც წყვილი პირველად ერთმანეთს ქორწილში ხვდება, ხოლო ნიშნობის რიტუალი მათ გარეშე ტარდება“.
ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებს სახალხო დამცველი ძალადობად განიხილავს, რადგან არასრულწლოვნები ხშირად ვერ აცნობიერებენ იმ რისკებსა და საფრთხეებს, რომელთა წინაშეც ამ ნაბიჯის გადადგმით დგებიან. ამ რისკებსა და შედეგებს ისინი მშობლებმა, მეურვეებმა და სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა აარიდონ.
„ადრეულ ასაკში ქორწინების შედეგად ბავშვები/არასრულწლოვნები დგებიან ისეთი საფრთხეების წინაშე, როგორიც არის ოჯახში ძალადობა. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ საქართველოში არსებულ სოციალურ ასპექტებს და მოთხოვნებს, რომლებიც გენდერული უთანასწორობის პრინციპებიდან იღებს სათავეს; როგორიც არის მაგალითად, გოგოს, ქალის მიმართ საზოგადოების მხრიდან დაწესებული არაფორმალური მოთხოვნები – პატიოსნების, უბიწობის და შემდეგ უკვე ოჯახის შენარჩუნების და თმენის ვალდებულებების შესახებ“, – ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.
ამავე ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ადრეული ქორწინების შედეგად ხშირად ზიანდება ქალის ჯანმრთელობაც; რომ 16 წლამდე გოგონები 5-ჯერ უფრო დიდი რისკის ქვეშ დგანან მშობიარობის დროს გართულებებისა და გარდაცვალების თვალსაზრისით – ზიანდება მათი რეპროდუქციული ფუნქციები და იზრდება სიმსივნური დაავადებების რისკი. ეს გოგონები, როგორც წესი, მოკლებულნი არიან ოჯახის დაგეგმვის შესაძლებლობასაც, თუ რამდენი შვილის ყოლა სურთ. „ამას განაპირობებს, როგორც კონტრაცეპტივების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, ასევე, ინფორმაციის ნაკლებობა ასეთი საშუალებების შესახებ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საზოგადოების დამოკიდებულება და მოთხოვნები, რომლებიც გათხოვილ გოგოს აიძულებენ შვილების გაჩენას და წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სასტიკი კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ“.
ოფიციალური სტატისტიკით, გურიაში, ბოლო სამ წელიწადში, სწავლა, გათხოვების გამო 31-მა მოზარდმა მიატოვა, რომელთა უმრავლესობა რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელია.
როგორც ირკვევა, მათი უმრავლესობა დღეს სახლში ზის, შვილებს ზრდის და ოჯახის გამოსაკვებად ფიზიკურად შრომობს.
მედიასთან ურთიერთობაზე მათი დიდი ნაწილი უარს ამბობს, პირად საუბრებში კი განმარტავენ, რომ ეს მათი არჩევანია. კამერის მიღმაც კი მხოლოდ მხოლოდ რამდენიმე გვეუბნება, რომ არჩევანი მშობლებმა წაართვეს და რომ მათი ოცნებები ტრადიციებს შეეწირა.