აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, თუ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 100 000-ზე მეტი არ იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ მისმა ადმინისტრაციამ „მაგრად იმუშავა“,_ ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
მისივე თქმით, აშშ-ში კორონავირუსის გავრცელების პიკი ორ კვირაშია მოსალოდნელი, ეპიდემიის შედეგებისგან აღდგენას კი ქვეყანა 1-ლი ივნისისთვის დაიწყებს.
„სიტუაციის მოდელირების მიხედვით, შემზღუდველი ზომების არ მიღების შემთხვევაში, აშშ-ში კორონავირუსს შესაძლოა 2,2 მილიონი ადამიანი ემსხვერპლოს. თუ გარდაცვლილთა რიცხვი 100 ათასს არ გადააჭარბებს, ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ ჩვენ კარგად ვიმუშავეთ,”_ განაცხადა ტრამპმა.
ასევე პრეზიდენტმა მედია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
„ცოტა უფრო პოზიტიურად რატომ არ იქცევით? ყოველთვის იქცევით ასე, გამოგიჭირეთ, გამოგიჭირეთ, გამოგიჭირეთ. იცით რა? ამიტომ არის, რომ აღარავინ ენდობა მედიას უკვე“,- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსს 2 484 ადამიანი ემსხვერპლა, 142 178 ათასი კი ინფიცირებულია.