ამ დილით, ოზურგეთში, ადრიანად ჩამოსულ ნატანებელებს, კარგა ხანს ეხვეწებოდნენ დამხვდური რეალიზატორები, ერთი კილოგრამი ხუთ ლარად ჩაგვაბარეო.
_შვიდი ლარი მინდა, ხომ ხედავ, რა ფერი აქვს, ზომიერი, „ცხენისწაბლა“ კი არ არის, გემო ნახე, – ევაჭრებოდა ნატანებელი მეურნე კაცი მიკროავტობუსთან მდგარ მყიდველებს. საბოლოოდ მაინც ხუთ ლარად ჩაბარებაზე შეთანხმდნენ.
_ეს საგვიანო ჯიშია, შედარებით. წაბლის სეზონიც მთავრდება. წელს წაბლს გაცილებით უკეთესი ფასი აქვს. ჭამა-სმა ამას არ უნდა, დაავადება არ აქვს. ჩამოვარდება ბუძგანტა,(წაბლისეკლიანი ბუდე) გადმოხტება შიგნიდან…მგონი, ის დროა, ავჭრათ თხილი და გავაშენოთ წაბლის ტყეები. მასალა გინდა, ნაყოფი, ქარსაფარი. ფოთოლიც გადასარევი აქვს დალოცვილს. გამოაცხვე წაბლის ფოთოლში შეხვეული მჭადი კეცზე. მოდაში არ შემოვიდა თუ რა…ახლა ყვავილი თქვი… ფუტკარისთვის ხომ მისწრებაა, – გულღიად, ცოტა ხუმრობითაც გვითხრა გურამ ნაკაიძემ.
ახლა, ოზურგეთში, ერთ კილოგრამ წაბლს ხუთ ლარად იბარებენ, თუ ხარისხიანია. თუმცა, როგორი ჯიშისაც უნდა იყოს, ერთი კილოგრამი 3,50 ლარი მაინც ღირს და ამ მხრივ, თხილის ფასს საკმაოდ აჯობა.
ავტორი