ოზურგეთში საერთაშორისო ოლიმპიური დღე აღინიშნა.
მთავარი ღონისძიება, რაც ამ დღეს უკავშირდება, გრძელ დისტანციაზე მასობრივი გარბენია. შესაბამისად, საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ოზურგეთში კროსით დაიწყო. შეჯიბრში სპორტსმენები და სპორტის მოყვარულები მონაწილეობდნენ. საბოლოოდ, კროსის გამარჯვებული ბიჭებს შორის მიშიკო მახარაძე, ხოლო გოგონებს შორის მარიამ გუჯაბიძე გახდა.
გრძელ დისტანციაზე გარბენის გარდა მოეწყო ტაეკვონდოს სკოლის საჩვენებელი გამოსვლა, სადაც სპორტსმენებმა მაყურებელს სპორტის ამ სახეობის საინტერესო ილეთები უჩვენეს.
დღევანდელი ღონისძიებების მესამე, საინტერესო აქტივობა მკლავჭიდი იყო, რომელსაც, ასევე, საჩვენებელი ხასიათი ჰქონდა. სპორტის აღნიშნულ სახეობაში საკუთარი ძალების გამოცდის შესაძლებლობა სპორტის ყველა მოყვარულს მიეცა.
23 ივნისი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით, 1948 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება და 1894 წლის 23 ივნისს ფრანგი ბარონის, პიერ დე კუბერტენის მიერ, ოლიმპიური თამაშების აღდგენის შესახებ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება.