„მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების განწყობა განმსაზღვრელი არ არის, რადგან წამსვლელი, მიკნავლებული და მიხრწნილი ხელისუფლება უკრაინასთან ურთიერთობების გაფუჭებას ვერ მოასწრებს“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ლოიალურად განწყობილი ვლადიმერ ზელენსკის გაპრეზიდენტების შემდეგ საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების შესაძლო გამწვავების შესახებ ისაუბრა.
ბერძენიშვილი პანკისში განვითარებული მოვლენების შესახებაც საუბრობს და აცხადებს, რომ “ამ ხელისუფლებას წარმოდგენა არ აქვს, სად ცხოვრობს და რა ხალხთან აქვს საქმე“.
_ ბატონო დავით, პანკისის მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელიც ხეობაში ჰესების მშენებლობას აპროტესტებს, ხელისუფლებამ საკუთარი ძალის დემონსტრირების მოხდენის მიზნით ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, რამაც ადგილზე ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა. როგორ ფიქრობთ, “ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან რამდენად გააზრებული და მართლზომიერი ნაბიჯი იყო მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განხორციელება?
_ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რეგიონში თავიდანვე დაძაბული ვითარება შექმნილიყო. კვირას 35 პოლიციელის თანხლებით ჰესების სამშენებლო სამუშაოების დაწყება ადგილობრივი მოსახლეობის ერთგვარი პროვოკაცია იყო. აღნიშნულს ადგილზე სპეცრაზმის შეყვანა და ცრემლსადენი გაზის გაშვებაც დაემატა, რაც ხელისუფლების მხრიდან ან დიდი უტვინობის გამოვლინება იყო, ან მიზანმიმართული ესკალაცია. ქვეყანაში არსებული მძიმე პრობლემების ფონზე, “ქართული ოცნება” ახალი მტრის ხატის შექმნის სულელურ პოლიტიკას აწარმოებს. საქართველოში ცრემლსადენი გაზის გამოყენება 7 ნოემბერთან ასოცირდება და ბიძინა ივანიშვილმა თუ “ოცნების“ სხვა მაღალჩინოსანმა, რომელმაც აღნიშნულის გამოყენების შესახებ ბრძანება გასცა, დაადასტურა, რომ “ოცნების“ ხელისუფლებას წარმოდგენა არ აქვს, სად ცხოვრობს და რა ხალხთან აქვს საქმე.
_“ოცნებამ“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი შემომწირველი და პოლიტიკოსთა ნაწილის მიერ მსხვილი ბიზნესის ლობისტად მიჩნეული მაღალჩინოსანი ნათია თურნავა განამწესა, რომლის სახელთან ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილსაც აქტიურად აკავშირებენ. ფლობთ ინფორმაციას მსხვილ ბიზნესმენებთან თურნავას საეჭვო კავშირების შესახებ?
_ ნათია თურნავა სამინისტროში ვანო ჩხარტიშვილის მინისტრობიდან მოყოლებული მუშაობს და გასაკვირი ნამდვილად არ არის, თუ აღნიშნული მაღალჩინოსანი მსხვილ ბიზნესმენებს ლობირებს. მისი კავშირები ბიზნესთან დროდადრო გამოჩნდება. რაც შეეხება თურნავას მიერ წინა ხელისუფლების დაფინანსებას, დღეს პრემიერი და მინისტრი ვერ გახდები, თუ თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობა“ არ გყავს დაფინანსებული. ბიძინა ივანიშვილის აზრით, მნიშვნელობა არ აქვს, გარკვეული პიროვნება რომელი ხელისუფლების მაღალჩინოსანი იყო, მთავარია, „ქართული ოცნების“ პირობებში დანიშნული მაღალჩინოსანი თვინიერი და მორჩილი იყოს. იგივე, მურუსიძეობა მორჩილი,მოთვინიერებული ჩინოვნიკების კოლექტიური სახეა.
_პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია დაკავებულ თანამდებობას მოულოდნელად ტოვებს. როგორ ფიქრობთ, რა არის აღნიშნულის მიზეზი _ ჟვანიამ სალომე ზურაბიშვილთან მუშაობის წნეხს ვერ გაუძლო?
_ ლაშა ჟვანიამ სამ თვეზე მეტხანს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე ვერ გაძლო, რაც ნიშნავს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილთან ურთიერთობა ძალიან რთულია. საერთოდ. ამ ხელისუფლებაში ჩინოვნიკობა მოითხოვს იმაზე მეტ ლოიალობასა და უპრინციპობას, ვიდრე ამის ატანა ლაშა ჟვანიასა და ბევრს სხვა ადამიანს შეუძლია. ეტყობა ყველაფერს აქვს ზღვარი.
_ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ვლადიმერ ზელენსკიმ, შესაძლოა, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინოს და მაღალ თანამდებობაზე დანიშნოს. აღნიშნული ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე რა სახის გავლენას იქონიებს?
_ საქართველო და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები არიან, ჩვენს ქვეყანას ამ სახელმწიფოსთან კარგი ურთიერთობა ექნება. რაც შეეხება სააკაშვილს, მას გაუჩნდა რეალური შანსი, დაელოდოს უკრაინის მოქალაქეობის მიღებას, რაშიც წარმატებას ვუსურვებ. მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების განწყობა განმსაზღვრელი არ არის, რადგან წამსვლელი, მიკნავლებული და მიხრწნილი ხელისუფლება უკრაინასთან ურთიერთობების გაფუჭებას ვერ მოასწრებს. წელიწად-ნახევარში საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია და ამ დროს განმავლობაში ქვეყნებს შორის ურთიერთობა ვერ გამწვავება. ვვარაუდობ, რომ 2020 წლისთვის გრიგოლ ვაშაძის ხელმძღვანელობით საქართველოში ერთი დიდი ოპოზიციური გაერთიანება შეიქმნება. ალბათობა იმისია, რომ პროდასავლურმა ოპოზიციამ 2020 წლის არჩევნები მოიგოს, გაცილებით მაღალია, ვიდრე მეორე ვადის მიწურულს პოლიტიკისგან დაცლილი ბიძინა ივანიშვილის გამარჯვება.