კომპანია „მაგთი“ გახშირებული სატელეფონო თაღლითობის შესახებ საუბრობს და აბონენტებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს:
„სამწუხაროდ, გახშირდა სატელეფონო თაღლითობის ფაქტები, რისთვისაც არაკეთილსინდისიერი პირები სხვადასხვა სქემებს იყენებენ.
გთხოვთ გამოიჩინოთ სიფრთხილე, რათა არ დაზარალდეთ: ნუ გადარეკავთ გამოტოვებულ უცხო საერთაშორისო ნომრებზე, ნუ გაანდობთ სხვებს თქვენს პირად მონაცემებს და საბანკო ბარათის კოდებს.
▪️ აბონენტები ვებ-ბრაუზერებში და აპლიკაციებში იღებენ შეტყობინებას, თითქოს მათ გამოტოვეს მნიშვნელოვანი შეტყობინება ნომრიდან +995 591 555759 (სინამდვილეში ეს ნომერი არ არის რეგისტრირებული).
ასევე, რიგ შემთხვევაში პრიზის მისაღებად აბონენტს სთხოვენ მობილური ოპერატორის არჩევას, რათა მათ გასცენ პრიზი.
შეტყობინების გახსნის შემთხვევაში მომხმარებლები გადამისამართდებიან ყალბ ვებ გვერდებზე, სადაც თითქოს ეძლევათ შანსი მოიგონ Iphone 11 Pro და სთხოვენ პირადი მონაცემების შეყვანას.
!მაგთიკომი გაფრთხილებთ, რომ აღნიშნული სქემა წარმოადგენს თაღლითობას, ნუ გაანდობთ სხვებს თქვენს პირად მონაცემებს, ასევე საბანკო ბარათის კოდებს.
▪️ მაგთის აბონენტებთან ფიქსირდება გამოტოვებული საერთაშორისო ზარები ნომრებიდან, შემდეგი პრეფიქსებით:
372, 381, 257, 436.
ამ ნომრებზე გადარეკვისას ისმინება ქართული ტექსტი:
“გილოცავთ, თქვენ გადახვედით შემდეგ ტურში და გთხოვთ უპასუხოთ შემდეგ 5 კითხვას…“
!აღნიშნული ტექსტი მხოლოდ დროის გაყვანას ემსახურება და ვინაიდან მიმართულებები საერთაშორისოა, ანგარიშიდან ჩამოიჭრება თანხა.
დაფიქსირებული ნომრები უკვე დაბლოკილია.
გთხოვთ გამოიჩინოთ სიფრთხილე, ნუ გადარეკავთ მსგავს უცნობ ნომრებზე, ვინაიდან მიმართულებები საერთაშორისოა და დაზარალდებით“,_ წერია „მაგთის“ განცხადებაში.