გურიაში წელს თხილის მსხმოიარობის ხარისხი მაღალია. ყველა ფერმერი აღნიშნავს, რომ თხილის პლანტაციებში, განურჩევლად ჯიშებისა, ყველა სახეობას ძალიან კარგად ასხია.
_ მთავარია, ვნახოთ, თუ უშველა შეწამვლამ. აწი დაიწყება ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები. თუმცა, ნაკლებად მოსალოდნელია, ამ მავნებელმა რაიმე სერიოზული ზიანი მიაყენოს თხილს, რადგან თხილის კანი უკვე გამაგრებულია და, ბუნებრივია, ფაროსანა სანაყოფე კვირტს ვეღარ გაანადგურებს. უფრო, სიდამპლის გვეშინია. შევწამლეთ. ამინდებიც კარგია, ჯერჯერობით. გასულ წლებში წვიმამ ძალიან შეუწყო ხელი სიდამპლის დიდ მასშტაბებს, _ საუბრობს „გურია ნიუსთან“ ფერმერი ენვერ ლომჯარია.
ოზურგეთში, თხილის მიმღებ პუნქტებში ჯერ ვერაფერს ამბობენ თხილის ფასი როგორი იქნება ამ სეზონზე.
_ დღეისთვის კარგი ხარისხის შარშანდელი თხილი, ერთი კილოგრამი ოთხი ლარი ღირს. წელს როგორი ფასი ექნება, ვერ გეტყვით. მთავარია, ხარისხი იქნეს კარგი. ახლა ყველა იმაზე ფიქრობს, თუ გვექნება შარშანდელზე უკეთესი მდგომარეობა თხილის გულის ხარისხის მხრივ, _ გვითხრეს თხილის მიმღებმა ოპერატორებმა.