11 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა აქცია გამართეს _ მათ ოზურგეთი-ბაილეთის გზა გადაკეტეს, სოფელში შიდა გზების გაკეთების მოთხოვნით.
აქციის მონაწილეთა შორის, სოფელ ოზურგეთის მხოლოდ ორი ქუჩის (მე-8 და მე-11) მცხოვრებლები იყვნენ. მერვე ქუჩას სოფელში “სვანეთის უბანი” ჰქვია.
აქციის მონაწილეები, გზის მოხრეშვა-მოასფალტებაზე უფრო, სანიაღვრე არხების საფუძვლიანად გასწორხაზოვნებას და გაწმენდას ითხოვდნენ.
_ ისე უნდა გაკეთდეს, რომ გაწვიმებისას მდინარე არ მოდიოდეს. ახლა “ჩუსტით” დავდივარ ამ გზაზე, არც დიდი ორმოებია. აბა, წვიმაში მოდით. გავმწარდი კაცი. აგერ არის ჩემი სათხილე. გვერდით ეს არხი გადის. ზოგჯერ ერთ კაკალს ვერ ვიღებ. თუ მოსავლის აღების დროს გაწვიმდა, მიაქვს ნიაღვარს. რაღაც უნდა გვიშველონ, _ გვითხრა აქციის მონაწილემ, ადგილობრივმა მკვიდრმა ჯამბულ ონიანმა.
_ ცენტრალური გზა გადავკეტეთ შიდა გზების გაკეთების მოთხოვნით _ სხვა ვერაფერი მოვიფიქრეთ. კი გვპირდებიან, თუმცა, ვართ ასე დაპირებებში. ეს არ არის პატარა არხი, რომ ნიჩბით გავწმინდოთ. არ ატარებს წყალს, დაჭაობებულია ბევრგან. გაწვიმდება და ვართ საშინელ დღეში. ბავშვი სკოლაში ვერ გაგვიშვია და პირუტყვი გადაღმა ვერ გადმოგვიყვანია. მდინარესავით მოვარდნილ წყალს მიაქვს ჩვენი ნაშრომი სათხილედან თუ ბოსტნიდან. რაღაც იღონონ, კიდევ რომ ქუჩაში გამოსვლა არ დაგვჭირდეს. ჩვენ სულ არ გვიხარია გზა-გზა სირბილი. საქმე გვაქვს, _ თქვეს “გურია ნიუსთან” აქციის მონაწილე ქალბატონებმა: რუსუდან არჩვაძემ და ირინა მჟავიამ.
აქციაზე მივიდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კოტე შარაშენიძე.
სოფლის, კერძოდ, მე-11 და მე-8 ქუჩის მცხოვრებლებმა მისგან მოითხოვეს გზის და მიმდებარე არხების კაპიტალურად გაკეთება.
_ როცა წვიმს, ბატონო კოტე, ვერ გამოვსულვართ ქუჩაში. ბავშვებს სკოლაში ვერ ვუშვებთ. ახლა დარია, მაგრამ წვიმაში ნახეთ, რა ხდება აქ, _ უთხრეს მათ მერს.
კოტე შარაშენიძემ ორივე ქუჩა დაათვალიერა და ისაუბრა სხვადასხვა ხელისშემშლელ ფაქტორებზე, რომ პანდემიამ ბევრი საქმე დაამუხრუჭა:
_ ყველანაირად ვეცდები, მოვახერხოთ ამ უბნებში გზების და არხების მოწესრიგება, _ უთხრა შარაშენიძემ აქციის მონაწილეებს.
_ “სვანეთის უბნის” ქუჩა 500 მეტრი სიგრძისაა, ერთ კილომეტრამდეა მეთერთმეტე ქუჩა. თუ ყველა მოვინდომებთ, შესაძლებელი იქნება ამ მარადიული პრობლემის მოგვარება. ჩვენ რასაც შევძლებთ, ფიზიკურად ვიმუშავებთ, ჩვენს წვლილს შევიტანთ ამ საქმეში, _ თქვეს აქციის მონაწილე მამაკაცებმა.
საბოლოოდ, შეთანხმდნენ, რომ მერი საპროექტო სამსახურიდან, უახლოეს დღეებში სოფელში ჯგუფს გაუშვებს.
აქციის მონაწილეებს შორის მყოფი ლუიზა მანქანაშვილი პროტესტს გამოთქვამდა საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთთან გამავალი არხის გამო:
_ ეს წყალი აქეთ კი არ მოდიოდა, იქით მიდიოდა. სოფლის გამგებელმა მოიყვანა ტრაქტორი და არხი გაჭრა. ამ ამბავს ასე არ დავტოვებ, პარლამენტამდე ვივლი, _ ყვიროდა ის.
მერის წარმომადგენელი, ბადრი თავდუმაძე ამაოდ ცდილობდა, დაერწმუნებინა ქალბატონი, რომ ტრაქტორს არხის ის მონაკვეთი გააწმენდინა, რომელიც სამანქანე გზის მოსაზღვრეა.
“წამოდი, ერთი ესეც ვნახოთ” , _ უთხრა მას შარაშენიძემ. თუმცა, ადგილზე მისვლისას მან მანქანაშვილს აუხსნა, რომ კონკრეტული ადგილი, სადაც არხი გადის, მუნიციპალური სივრცეა. ზოგადად კი, არხი სოფელში ყველგანაა გზის გასწვრივ და მიმართულებას ვერავინ შეცვლის.
კოტე შარაშენიძე ცდილობდა, დაერწმუნებინა ქალბატონი, რომ არხის ის ნაწილი, სადაც წყალი გადის, მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, მიწა კი, სადაც არხია გაყვანილი, სახელმწიფო მიწაა. წყალი კი საპირისპირო მხარეს ვერ წავა, რადგან იქითაც აღმართია. მიჰყვება კალაპოტს, რომელიც ბუნებრივად არის გაჭრილი თვით წყლის დინებით, შემდეგ კი კალაპოტის მხოლოდ ამოწმენდა ან გაფართოება ხდება.
_ მილიონი წელია, ეს ღელის წყალი დაღმა მიედინება, თავის კალაპოტში. მერე უხვევს, გადის გზის ქვეშ წყალგამტარი მილით და მიუყვება კალაპოტს, რომელიც ქალბატონ მანქანაშვილის საკუთრებაში მყოფ ფართობს ესაზღვრება. წყალი სადღაც ხომ გაივლის? პირდაპირ ხედავთ? ისევ აღმართი იწყება. უკან ვერ მიაბრუნებ, იქაც აღმართია. ან როდის მომხდარა, წყალი აღმა წასულიყო? აქცია იმიტომ მოვაწყვეთ, რომ ჩვენ გზის გაკეთებას ვითხოვთ და არა წყლის აღმა წასვლას, _ გვითხრეს აქციის მონაწილე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა.
_ პარლამენტამდე ვივლი. არ შეიძლება სანიაღვრე არხი გადიოდეს კერძო საკუთრების გვერდით. მე ვიცი კანონი! _ ამბობდა მანქანაშვილი.
აქცია ისე დასრულდა, რომ მანქანაშვილი უკმაყოფილო დარჩა. ის კატეგორიულად ითხოვდა არხში მიმავალი წყლის მიმართულების შეცვლას.
_ ადრე იქეთ მიდიოდა. წამოდით, გაჩვენებთ, _ გვეუბნებოდა ის.
_ რაც თავი გვახსოვს, ეს წყალი არხში მოდის ასე. ყველამ ვიცით ეს. ვინმე კიდევ არის მეორე, ვინც იტყვის, რომ ეს წყალი აქეთ არ მოდიოდა და აღმა უნდა წავიდეს? _ გვითხრეს აქციის მონაწილე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა.
როცა მეზობლების აზრი ვუთხარით მანქანაშვილს, მან კვლავ კატეგორიულად განაცხადა, რომ არც ერთმა არაფერი არ იცის და სიმართლის და კანონის დასაცავად წავა პარლამენტში.