გუშინ, 2 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების კენჭისყრა გაიმართა. გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი კი წინააღმდეგი წავიდა.
საქართველოს კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩევა, თუ მას პირველ ან მეორე კენჭისყრაზე 100 დეპუტატი დაუჭერს მხარს. თუ ამ შემთხვევაში თავმჯდომარეს ვერ აირჩევენ, იგივე გადაწყვეტილების მისაღებად 90 დეპუტატის ხმაც საკმარისია. იმ შემთხვევაში, თუ ეს სამი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდება, ცესკოს თავმჯომარე 6 თვის ვადით აირჩევა, ამისთვის საკმარისია პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, ანუ 76 დეპუტატი.
გიორგი კალანდარიშვილი 1984 წელს დაიბადა. დაწყებითი განათლება ქუთაისში მიიღო, უმაღლესი განათლება – აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა–მათემატიკის მიმართულებით.
აქვს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის სპეციალისტის კვალიფიკაცია.
კალანდარიშვილმა ასევე დაამთავრებული აქვს იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი და აქვს იურისტის კვალიფიკაცია მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხით.
სტაჟირება გაიარა იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში.
საერთაშორისო პროექტით რამდენიმე თვით იმყოფებოდა ბრიტანეთში.
2005-2008 წლებში მუშაობდა სააქციო საზოგადოებებში მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით.
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი 2008 წელს მიიღო. ამის შემდეგ კალანდარიშვილი კონკურსის წესით დაინიშნა ცესკოს საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსად.
პარლამენტმა გუშინვე აირჩია ცესკოს ორი წევრი პროფესიული ნიშნით, გია ცაცაშვილი და მაია ზარიძე.
[sexy_author_bio]