ასკანა ოზურგეთიდან 17 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 173 მეტრზე მდებარეობს.
სოფელს სამხრეთიდან ჩამოუდის მდინარე გულეფა, რომელიც გამოყოფს მას სოფელ მთისპირისგან.
გულეფაზე 11 მეტრი სიმაღლის ჩანჩქერია, რომელიც 5 მეტრი სიგანის ტბას ქმნის. ამ ადგილს სოფლის მოსახლეობა ოჩოჩხას უწოდებს.
სოფლის ადრეული სახელწოდებაა გვაბრათი, ხოლო ასკანა ერქვა თემს, რომლის შემადგენლობაში, საკუთრივ გვაბრათის გარდა, შედიოდნენ: ფიჩხიჯვარი , ეწერი, მთისპირი, ოქროსქედი, ვანისქედი, უკანავა, ციხისუბანი (ამჟამად არ არსებობს და შერწყმულია მთისპითან).
სოფლის სახელწოდება ერთი ვერსიით უკავშირდება ღვინის ღმერთ ბახუსის შთამომავალს, უნასის ძე ასკანოსს. ეს მოსაზრება ეყრდნობა სიტყვებს “ასკანისა” და “ასკანოსის” მსგავსებას, ასევე ტექსტს ხალხური სიმღერისა, საიდანაც ჩანს, რომ გურიაში ყურძნის მოსავლის მფარველი ღვთაება აგუნას ადგილსამყოფელი ბახვი და ასკანა იყო.
„აგუნა, აგუნა, გამეიარეო, ბახვი, ასკანა გადმეიარეო“.
ტოპონიმის წარმოშობის შესახებ არსებობს სხვა ვერსიებიც. ზოგი მოსაზრებით სოფლის სახელწოდებას უკავშირდება ასკანის ციხეს, რომელისც სახელი „ასი კანის“ გამოცვლის, ანუ სიძველის გამო ეწოდა.
ასკანის ციხეზე გამოიყოფა რამდენიმე სამშენებლო ფენა, რომელთაგან უძველესი IV საუკუნისაა, უახლესი — XIX საუკუნისა. სამეცნიერო ექსპედიცია ციხეზე არასდროს ყოფილა და ის დღედმე შეუსწავლელია.
ივანე როსტომაშვილის ცნობით ციხე IV სუკუნეშია აგებული. გადმოცემის თანახმად ციხეზე ულაშქრია მურვან-ყრუს. ლეგენდის თანახმად, მას გასჭირვებია ციხის აღება და უბრძანებია, უნაგირები და კეხები მოეხსნათ ცხენებიდან, ერთმანეთზე დაეწყოთ და ასე ასულიყვნენ ციხეში. მეციხოვნეებს გავარვარებული ისრები უსვრიათ და უნაგირებისთვის ცეცხლი გაუჩენიათ.
მურვან ყრუს ლაშქარი უკან გაბრუნებულა, მეციხოვნეები გამოსდევნებიან და ბრძოლაში მურვანს მუზარადი დაუკარგავს. გადმოცემის მიხედვით მუზარადი დიდხანს ინახებოდა ციხის ეკლესიაში. მურვან ყრუს ლაშქრობას გურიაში ქართლის ცხოვრება ადასტურებს. V-VII საუკუნეებს განეკუთვნება ასკანის ციხის ბაზილიკა.
1774 წელს ასკანის ციხე ლიხაურსა და ბუკისციხესთან ერთად თურქებმა აიღეს. იმავე წელს მამია IV გურიელმა და სოლომონ I-მა უკან დაიბრუნეს. 1805 წელს ქაიხოსრო გურიელმა განაახლა და სამთავროს მთავარ საპყრობილედ გადააქცია. 1819 წელს ციხის აღებას ცდილობდა აჰმედ-ფაშა ხიმშიაშვილი.
ის ოსმალთა რაზმით თავს დაესხა სოფელს და რამდენიმე მცხოვრები გაიტაცა. მათ დაედევნა მამია გურიელი. გურულების რაზმმა გზა მოუჭრა ოსმალებს, ბრძოლაში მოკლეს აღა და 34 კაცი და 90-მდე კი დაატყვევა, მათ შორის აჰმედ ბეგის ბიძაშვილი, ორ მოხელე 75 ჯარისკაცი 12 მედროშე, გატაცებულები კი სახლებში დააბრუნა.
1828 წელს ციხე რუსეთის ჯარმა დაიკავა.
ციხე ნაგებია ფლეთილი ქვითა და კირხსნარით. საკმაოდ დაზიანებული გალავნის კედლების სისქე 2 მეტრამდე, სიმაღლე კი 6 მეტრამდე აღწევს. ციხის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში შესასვლელია. შესასვლელის მარცხნივ არის ღრმა ჭა, წიდან ჩასასვლელი იყო გვირაბში, რომელიც ჩადიოდა მდინარე ბახვისწყალზე. ამჟამად ჭა ქვა-ღორღითაა ამოვსებული. 1833 წლის ცნობით, ასკანის ციხე ორი კოშკის, წითელი მარმარილოთი ნაშენი სამლოცველოსა და რამდენიმე ხის ქოხისაგან შედგებოდა. ციხის შიგნით ორი დიდი ქვა-ქვევრია, მათ შორის ერთი წყლის სათვალავად წოდებული, ასევე 3 მეტრი სიგანის სანადიმო ქვაფორე. მაღალ კლედზე აგებულია ციხის სასახლე. სასახლის გვერდით იდგა ეკლესია, რომელიც წარმოადგენდა თლილი ქვით ნაგებ ბაზილიკას.[2]
ამჟამად ხის ნაგებობათაგან აღარაფერია შემორჩენილი, საგრძნობლად დაზიანებულია სამლოცველო და გალავნის კედლებიც. სასახლისა და ბაზილიკის ლამაზად თლილი ქვებიმოსახლეობამ სახლებისა და ბუხრების მშენებლობაში გამოიყენა. ციხე აღჭურვილი იყო ქვემეხებით, რომლებიც XX საუკუნის 30–იან წლებში შემდეგ ოზურგეთში წაიღეს.
სოფლის სახელწოდებასთან დაკავშრებით არსებობს კიდევ ერთი ლეგენდა, რომლის თანახმადაც, გურიაში გავრცელებულ ეპიდემიის დროს ჯანმრთელი მხოლოდ ამ სოფლის მოსახლეობა დარჩა, რის გამოც მათ “ასკანიანები” უწოდეს.
ასევე არსებობს ვერსია იმის შესახებ, რომ სოფლის მოსახლეობა მეფუტკრეობას მისდევდა, ხოლო სახელწოდების ფუძე არის სიტყვა სკა.
1872 წელს სოფელში გაიხსნა ორკლასიანი სკოლა. სასწავლებელში 1883-94 წლებში ასწავლიდა ცნობილი მეღვინე სოლომონ ჭეიშვილი. 1893 წლის 27 იანვარს ჭეიშვილისვე თაოსნობით სოფელში გაიხსნა ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკის სამოთახიანი შენობა მდებარეობდა ამჟამინდელი სოფლის ცენტრში, სასაფლაოს მიმდებარედ.
ბიბლიოთეკის გახსნის მოთავეები ჭეიშვილთან ერთად იყვნენ ივლიანე შევარდნაძე და მღვდლები, ბესარიონ ჯაველიძე და ექვთიმე თალაკვაძე.
1898 წლისთვის გამოწერილი იყო რუსული და ქართული გამოცემანი სულ 142 მანეთისა.
1901 წლის 1 აგვისტოს აღწერის მიხედვით ბიბლიოთეკა 903 დასახლების წიგნს ითვლიდა, მათ შორის იყო როგორც მხატვრული, ასევე პედაგოგიური და ისტორიული ლიტერატურა. 1907 წელს, რეაქციის წლებში, მთავრობა ბიბლიოთეკა დახურა. მისი ხელახლა გახსნის უფლება ჭეიშვილს 1914 წლის 10 სექტემბერს მისცეს.
ჭეიშვილი აგრეთვე იყო ასკანის სცენისმოყვარულთა დასის დამაარსებელი. დასმა პირველი წარმოდგენა სოფელში 1895 წელს გამართა. 1896-1897 წლებში დასმა დადგა ვ. გუნიას „და-ძმა“, რომელშიც მონაწილეობდნენ გრიგოლ გუგუნავა ძიმითიდან და აპოლონ წულაძე აკეთიდან.
1899 წელს განხორციელებულ დადგმებში მონაწილეობდა შალვა შარაშიძე ბახვიდან. სცენისმოყვარეთა დასი გააქტიურდა 1921 წლიდან, მას შემდეგ, რაც შეიქმნა კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება. 1921 წლის 10 ივნისს წარმოდგენილი იქნა ტრ. რამიშვილის „დედინაცვალი“ (რჟ. ვიქტორ ნინიძე).
იმ წლის სეზონზე 10 ფასიანი სპექტაკლი გაიმართა, რომელთაგან აღსანიშნავი იყო გედევანიშვილის „თავისუფლების მსხვერპლი“, „და-ძმა“, შიუკაშვილის „მორევში“, დ. კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“. დასი წარმოდგენებს მართავდა მეზობელ ფიჩხისჯვარსა და ვანისქედში.
1922 წელს დასის რეჟისორად მიიწვიეს ახალგაზრდა მხატვარი შალვა-შევარდნაძე, რომლის რეჟისორობით დაიდგა „თოლია“, „ბოიკოტი“, ა. ცაგარელის „ციმბირელი“.
დასის დეკორაციები და ფარდა 1921-22 წლებში მოხატეს მამა-შვილმა მოსე და ირაკლი თოიძეებმა. სოლომონ ჭეიშვილის გარდაცვალების შემდგომ (1924) დასს სათავეში ვიქტორ ნინიძე ჩაუდგა.
1951 წელს სოლომონ ჭეიშვილის ოჯახი რეპრესიებს ემსხვერპლა. მისი ცოლ-შვილი ყაზახეთში გადაასახლეს. ჭეიშვილის ნასახლარზე აშენდა სოფლის ადმინისტრაციული შენობა და საბავშვო ბაღი.
1956 წელს მოხდა სოფლის ელექტროფიკაცია. 1959 წელს აშენდა 450 ადამიანზე გათვლილი კულტურის სახლი.
სოფელში გავრცელებული გვარებია ასათიანები, ნინიძეები, თალაკვაძეები, ჭეიშვილები, შევარდნაძეები, ჯაველიძეები, ჩხაიძეები, მეგრელაძეები, ვასაძეები.
ყოველ 30 აგვისტოს იმართება სოფლის დღესასწაული ”ასკანობა”, რომელიც აღინიშნება დოღით, სხვადასხვა სპორტულ სახეობებში შეჯიბრებებით, კონცერტით და ა.შ.