„ქართული ოცნების“ წევრი, ნინო წილოსანი მარნეულში 20 წლის გოგოს გატაცებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს ფაქტი წარსულის გადმონაშთია.
„ქალის გატაცება ცოლად შერთვის მიზნით არის ძალადობრივი გადმონაშთი ჩვენი უახლოესი წარსულიდან. ეს არის მავნე პრაქტიკა, რომელიც უგულებელყოფს ქალის ნებას და ძალადობით ცდილობს მასზე გავლენის მოხდენას.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ მარნეულში გაიტაცეს გოგონა ცოლად შერთვის მიზნით. საბედნიეროდ პოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა.
მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს მყისიერი რეაგირებისთვის.
მსგავს კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე ყოველთვის ასეთი სწრაფი და ეფექტური რეაგირება მოხდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ.“ – წერს ნინო წილოსანი.
მარნეულში ორი დღის წინ გატაცებული გოგონა ნაპოვნია.
შეგახსენებთ, რომ პოლიციამ მარნეულში გოგონას ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.ნ.-მ, ცოლად შერთვის მიზნით, 2002 წელს დაბადებულ ფ.ო.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობდა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული რ.მ.-ც.
„პოლიციამ, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელი დაადგინა. სამართალდამცველებმა ნ.ნ. და რ.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.“,- წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.