მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ბიძინა ივანიშვილის მიერ, ნატანებში შეძენილი 250 წლის წიფელი, ტრასპორტირების დროს შუაზე გადატყდა და შესაბამისად პარკშიც ვერ გადაიტანენ, არ ადასტურებს “ქართუს” პრესსამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური.
მისი ინფორმაციით წიფელი გადარჩა და ამ წუთებში დენდროპარკშ გადააქვთ:
“თუ მედიისთვის მთავარი თემა საქართველოში დაზიანებული წიფელია, და არა აქციებში მონაწილეთა გვამების სახურავებზე შეყრა, ესე იგი საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და ქვეყანაში დემოკრატიის საკმაოდ მაღალი დონეა.
რაც შეეხება წიფელს, ურთულესი ლანდშაფტიდან გამომდინარე, სამუშაოები გართულდა, გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო, წვიმებისგან სველმა ნიადაგმა ვერ გაუძლო ხის სიმძიმეს, ჩაიწია და წიფელი დაზიანდა.
ამ მასშტაბის სამუშაოებში გაუთვალისწინებელიც ხდება. თუმცა, ამის მიუხედავად, წიფელი გადარჩა და მისი ტრანსპორტირება დენდროპარკში გრძელდება.
დენდროპარკი მაინც აშენდება!” _ აღნიშნავს უძილაური.