გურიის რეგიონში, ამ ეტაპზე, ცხელების ცენტრი მხოლოდ ურეკშია ამოქმედებული, გადაუდებელი დახმარების კლინიკაში.
კლინიკას აქვს 21 საწოლი და ოთხი სასუნთქი აპარატი. ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, იგეგმება დამატებაც.
როგორც ცხელების ცენტრის გახსნისას აღნიშნეს, ეს ცენტრი შუალედური იქნება, სადაც პაციენტთა შეფასება და გადამისამართება მოხდება.
უფრო კონკრეტულად, თუ როგორ მოხდება კოვიდინფიცირებულის გამოვლენა და გადამისამართება, ეპიდემიოლოგმა მაია ქუტიძემ „გურია ნიუსთან“ ისაუბრა:
_ ცხელების ცენტრი რეგიონში მხოლოდ ურეკში მოქმედებს. თავდაპირველად, 112-ს აქ მიჰყავს პაციენტი. თუ სიცხიანია, აუღებენ ანალიზს და პასუხის მოსვლამდე აქ დაელოდება. დადებითი პასუხის შემთხვევაში, ის გადაჰყავთ კოვიდსასტუმროში, ხოლო უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ადგილზე მყოფი ექიმი მისცემს დანიშნულებას და გაისტუმრებს შინ, _ გვითხრა მაია ქუტიძემ.