ქუთაისში გამართულ მეორე საერთაშორისო ტურნირზე კარატეში, რომელიც მონაწილეთა სიმრავლით გამოირჩეოდა, ლანჩხუთის სპორტული ცენტრის აღსაზრდელებიც მონაწილეობდნენ.
ლანჩხუთელ კარატისტთა გუნდი ღირსეულად წარსდგა ქუთაისურ ტურნირზე, სადაც, ჯამში, 22 მედალიც მიითვალა საკუთარ აქტივში და შედეგად საერთო გუნდურ ჩათვლაში მედლების რაოდენობით პირველი ადგილი და გუნდური თასიც ირგუნეს.
ლანჩხუთელთაგან ოქროს პირველი ადგილისა და შესაბამისად, უმაღლესი სინჯის მედლების მფლობელები გახდნენ: სანდრო სამსონია, დაჩი ბერიძე, ია ღლონტი, მარიამ ღლონტი, ხატია გოგელია, ბათა დუმბაძე, იური ევგენიძე, გიორგი მამინაიშვილი და გიორგი ზენაიშვილი.
ვერცხლის მედლები აიღეს: საბა ღლონტმა, ბექა კოსტავამ, ლუკა ვანაძემ, ზურა ლომაძემ და ლაშა კოსტავამ. ცოტნე ხოფერია, ნინი შაინიძე, დანიელ შაინიძე, დათო ჩხაიძე, ზურა ბერიძე, ლუკა ლომაძე (8-9 წლიანებში), ანასტასია გურგენაძე და ლუკა ლომაძემ (14-15 წლიანებში) ბრინჯაოს დასჯერდნენ.
„ფაქტობრივად, ყველა შეჯიბრზე ჩვენი სპორტსმენები თვალსაჩინო წარმატებას აღწევენ, თუმცა, ქუთაისის ტურნირი ჩვენ მიერ დადებული შედეგით ნამდვილად გამორჩეული იყო. ასეთი წარმატება კი განაპირობა იმან, რომ ჩვენი მწვრთნელები კვირაში, მინიმუმ, 5 -6 დღე თავდაუზოგავად შრომობენ, ვატარებთ ერთობლივ ვარჯიშებს, ვესწრებით საერთაშორისო სემინარებს. მწვრთნელები იმაღლებენ საკუთარ კვალიფიკაციას და შესაბამისად, სპორტმენებიც წარმატებას აღწევენ. ჩნდება წარმატებულ სპორტსმენთა ახალი სახელები, მოდის ნიჭიერი ახალი თაობა, რომელიც ჩვენი ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი იქნება“, _ ამბობს მთავარი სენ-სეი მერაბ თურქია.