ოლიმპიურმა კომიტეტმა წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი ლაშა ტალახაძე დაასახელა. დაჯილდოება სასტუმრო ,,ბილტმორში” გაიმართა.
სპორტსმენის თქმით, ეს წელი იყო წარმატებული, როგორც მისთვის, ისე ფედერაციისთვის.
,,წარმატებული წელი იყო როგორც ჩემთვის, ისე ფედერაციისთვის. წელს ევროპის და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოვიპოვე, ასევე, რეკორდებით დავაგვირგვინე ეს ყველაფერი. ფედერაციამაც ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია, რადგან ჩვენს ფედერაციას წელს ჰყავდა 2 მსოფლიო ჩემპიონი, როგორც მამაკაცებს, ისე ქალბატონებს შორის. ძალიან დიდი მიღწევა ჰქონდა ფედერაციას, ასევე, 23 წლამდე ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატზე, ,დიდების მსოფლიო ჩემპიონატზე. ასე რომ, ძალიან წარმატებული წელი გვქონდა. ეს შრომა დამიფასა ოლიმპიურმა კომიტეტმა და 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად დამასახელა.
როგორც მოგეხსენებათ, წელს 4 ჩემპიონი ჰყავდა საქართველოს მსოფლიო სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ეს სტიმულის მომცემია ჩემთვის, რადგან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულთან ერთად საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტულს ვინარჩუნებ“, _ განაცხადა ტალახაძემ.