ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წმ. გიორგის ქუჩის მცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას დაპირების შესრულებას სთხოვენ, არ შესრულების შემთხვევაში კი, საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებენ.
გზის დაგება და წყლის პრობლემის მოგვარება _ ამ ორი საკითხის დროულად გადაჭრას ითხოვს მოსახლეობა.
“ჩვენ ვითხოვთ ცენტრალური გზის გაკეთებას. ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა მოგვარდეს წმ. გიორგის ქუჩაზე ეს პრობლემა? მგონი, ლეგიტიმური შეკითხვაა. წმ. გიორგის ეკლესიამდე დააგეს ასფალტი და დიდი ხანია ველოდებით, როდის მიიყვანს დაწყებულ საქმეს ბოლომდე ხელისუფლება. ქალაქის ერთ-ერთი სასაფლაო ეკლესიასთან არის და ქუჩის ბოლოს კიდევ ერთია, მისასვლელი გზა ხომ უნდა არსებობდეს და სანამდე ვიყოთ მოლოდინის რეჟიმში? მოსახლეობა ვითხოვთ დაპირების შესრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში დავიწყებთ აქციების ჩატარებას“,_ გვითხრეს წმ. გიორგის ქუჩის მცხოვრებლებმა.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ლევან მგელაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ პრობლემა წლებია არსებობს.
“ეს არ არის ახლა წამოჭრილი პრობლემა და დიდი ხანია, წლებია, წმ.გიორგის ქუჩის მცხოვრებლები ითხოვენ გზის დაგებას და წყლის პრობლემის მოგვარებას. მინდა გითხრათ, რომ ნაწილობრივ დაიგო ასფალტი, წმ.გიორგის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიამდე. იყო დაპირება ხელისუფლებისგან, რომ ბოლომდე გააკეთებდნენ ამ საქმეს. ჩემი ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ პროექტების ფარგლებში უნდა გაკეთებულიყო გზა წმ. გიორგის ქუჩაზე, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო ამოღებული იქნა. შემდეგ დაპირდნენ, რომ მეორად ასფალტს დაუგებდნენ, მაგრამ არც ეს გაკეთებულა. სამი წლის განმავლობაში არაერთხელ მითქვამს, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო. თუ ხელისუფლება ვერ შეასრულებს მის დანაპირებებს, მოსახლეობა საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებს“, _ აცხადებს მგელაძე.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დეპუტატის, ლავრენტი ბიგვავას თქმით კი, წმ. გიორგის ქუჩის სრულმაშტაბიან რეაბილიტაციას დიდი თანხები სჭირდება და ხელისუფლება ამ პრობლემის მოგვარებას სხვა გზით ცდილობს.
“წმ.გიორგის ქუჩაზე რამდენი ოჯახს არ აქვს წყალი, მაგრამ ამ პრობლემის გადასაჭრელად ჩვენ უძლური ვართ, რადგან ეს დაერთება წყალკანალის მიერ უნდა მოხდეს და მათ უნდა მოუგვარდეს. რამდენიმე ოჯახს არ მიეწოდება წყალი ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, წყალი არ ადის რამდენიმე ადგილას, თავის დროზე არ მოხდა დაერთება წყლის მილზე და ამის გამო ეს პრობლემა გადაუჭრელია. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას კი ამის სახსრები არ აქვს.
იყო დაპირება, რომ გზა უნდა გაკეთებულიყო და მათი მოთხოვნა სამართლიანი არის, მაგრამ ის თანხა, რომელიც გზის რეაბილიტაციას სჭირდება ამ ეტაპზე ვერ გამოიძებნა. ახლა მიღებულია გადაწყვეტილება ძველი ასფალტის ნაფრეზის დაგრეიდერება და მოსწორება. უახლოეს დღეებში დაიწყება გაკეთება და ამის შესახებ მოსახლეობა ინფორმირებულია“, _ თქვა ჩვენთან საუბრისას ლავრენტი ბიგვავამ.
მოსახლეობის მოთხოვნებს სამართლიანად მიიჩნევს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატ თამარ ნადირიძეც:
“ამ ადამიანების პროტესტი სამართლიანია. წინასაარჩევნოდ, რომ დაიწყეს დაპირებები და ყველაფერი დაპირდნენ რისი მოფიქრებაც შეეძლოთ, ახლა აგონ პასუხი თავიანთ დანაპირებზე. ჩვენ რაც შეგვეძლო დავეხმარეთ ამ ადამიანებს შევუდგინეთ პირველადი პროექტი და დაახლოებითი ხარჯთაღრიცხვა, ასევე გავუკეთეთ საბიუჯეტო წინადადება გზის გაკეთების შედეგებით, წინადადება უნდა განეხილა საკრებულოს განმცხადებლების თანდასწრებით, მაგრამ ამისათვის არავის ყურადღება არ მიუქცევია. ძირითადად ჩვენმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ მის ე.წ. საარჩევნო აქტივისტებზე იზრუნა და სახელმწიფო ქონებიდან ზოგს მიწა მისცენ ჯიხურის ასაშენებლად და ზოგს მზა ჯიხური, ესაა და ეს რაც მივიღეთ საბოლოო ჯამში.
მოკლედ რომ გითხრათ ხელისუფლებამ დიდი ხანია დაკარგა მგრძნობელობა მოსახლეობის აზრისადმი, რასაც მოსახლეობა არ ეგუება, ეს ძალიან დადებითი პროცესი გახლავთ ჩემი აზრით და მივესალმები იმ ფაქტს, რომ ხალხი პასუხს სთხოვს უპასუხისმგებლო ხელისუფლებას“, _ გვითხრა ნადირიძემ.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის უფროსის ხათუნა შარაძის ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2014 წელს წმინდა გიორგის ქუჩა ეკლესიამდე მოასფალტდა. ამავე ქუჩაზე, მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით II შესახვევში ბეტონის გზა დაიგო.
“მიმდინარე წლის სექტემბერში დარჩენილ მონაკვეთზე მოხდება ქუჩის მოხრეშვა და მეორადი, ნაფრეზი ასფალტის დაგება, ხოლო 2018 წელს წმინდა გიორგის ქუჩის 1 700 გრ. მეტრ მონაკვეთზე სრულად დაიგება ასფალტო-ბეტონის გზა, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსების ფარგლებშია გათვალისწინებული. ქალაქის მერიამ ბოლო ორი წლის მანძილზე ასფალტის საფარი 30 ქუჩაზე დააგო“, _ უთხრა “გურია ნიუსს” შარაძემ.
შენიშვნა: ფოტო “გურია ნიუსის” არქივიდან