დღეს, ოზურგეთის მუნციპალიტეტის სოფელ შრომის თემში შემავალ, ხრიალეთის მცხოვრებთა ჯგუფი მერიასთან მივიდა და ოზურგეთის მუნიციაპლიტეტის მერთან, კოტე შარაშენიძესთან შეხვედრა მოითხოვეს.
_ჩვენ , ოთხი წელია, წყალი არ გვაქვს. ამ ხნის მანძილზე ყოველ წელს მცირდება რაოდენობა. კომუნისტების დროს გაკეთებული ხუთი ოჯახის სამყოფი აუზით, დღეს მთელი სოფელი ვერ იარსებებს. ამიტომ ახალი უნდა გაკეთდეს ან ჭაბურღილი გვინდა, _თქვეს სოფელ შრომის თემში შემავალი ხრიალეთის უბნის მცხოვრებლებმა.
მათ შესახვედრად მისულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კოტე შარაშენიძემ თქვა, რომ ბევრგან არის ასეთი მდგომარეობა:
_უცებ არ კეთდება ყველგან. რეალობა ასეთია. მაქვს პროექტის პრობლემა, თორემ წყალი რომ უნდა გაკეთდეს, ვიცი, _ თქვა მან და კომპანია „სატისის“ ხელმძღვნელს ტელეფონით დაუკავშირდა:
_ნოდარ, აგერ რომ გაიარე დაგინახე, მოდი ახლავე, _ასეთი საუბრის შემდეგ, მალე გამოჩნდა ნოდარ თოიძე, წყალმომარაგების კომპანია „სატისის“ ხელმძღვანელი. ადგილზე ასევე მოვიდა საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის ოზურგეთის წყალმომარაგების უფროსი დათო ცერცვაძე.
_რაღაც უნდა ვქნათ, ინდივიდუალური პროექტი რომ ავიღოთ ან ჭაბურღილები გავაკეთოთ, მოვიფიქროთ. ესაა რეალობა, აგერ არის ეს ხალხი, – უთხრა შარაშენიძემ თოიძეს და ცერცვაძეს.
_ჭაბურღილი რომ გავაკეთოთ, დაიხარჯოს სოლიდური თანხა და მერე წყალი არ იქნეს, ასე არ შეიძლება, – თქვა ცერცვაძემ, რაზეც გაისმა რეპლიკა, რომ არსებობს საამისო ხელსაწყო-აპარატურა, რომელიც ჭაბურღილის ჩასმამდე დადგენს, კონკრტეულ ადგილზე იქნება წყალი თუ არა.
გარკვეული საუბრის შემდეგ, შარაშენიძემ დაავალა „სატისის“ ხელმძღვანელს, ახლა გაჰყოლოდა ხრიალეთის მცხოვრებთა ამ ჯგუფს სოფელში და ადგილზე ენახა, რა მდგომარეობაა და რის გაკეთება შეიძლება.
_მადლობას გიხდით, რომ ასე სასწაფოდ მოხვედით და კომპანიის უფროსიც გამოიძახეთ, მაგრამ ეს არ გვშველის. წყალი დაახლოებით როდის გვექნება, ეს გავაინტერესებს. ოთხი წელია, ვიხრჩობით, – წასვლის წინ კითხვებს სვამდნენ ხრიალეთელები.
_ ახლა ამას დაზუსტებით როგორ გეტყვით, – უთხრა მათ შარაშენიძემ.
როცა ხრიალეთელები, „სატისის“ ხელმძღვანელთან ერთად, სოფელში წავიდნენ, შარაშენიძეს სოფელ მერიის თემის, გოგიეთის რამდენიმეკაციანი ჯგუფი იგივე პრობლების-წყალგაყვანილობის გაკეთების თაობაზე უცდიდა:
_შარშანდელს მერე ვიცდით. იქით პანდემიაო, აქეთ ტენდერი ცუდმა კაცმა მოიგოო და კი ვართ ასე, – თქვეს გოგიეთელებმა.
_ამ სოფელში წყალგაყვანილობის მოსაგვარებად ორი ტენდერი იყო გამოცხადებული. ერთი თებერვალში ჩაიშალა. მერე პანდემიის პირობებში, არ მოგვცეს ტენდერების ჩატარების უფლება. ახლა ვინც მოიგო ტენდერი, თბილისში არსებული კომპანიაა. აკლია და შესასრულებელია გარკვეული პროცედურები, რომ დაიწყოს მუშაობა. მალე მოგვარდება ყველაფერი, – უთხრა გოგიეთელებს მერის მრჩეველმა ალეკო ბერიძემ.
ორივე სოფლის მცხოვრებლები, დაპირების შემდეგ, შინ დაბრუნდნენ.
ვრცლად აღნიშნული პრობლემის შეახებ საგაზეთო სტატიაში გიამბობთ.