დაბა ჩოხატაურში, ნიკო მარის ქუჩის 42-ე ნომერში ორსართულიანი შენობა დგას.
შენობის პირველი სართული ნახევრად დანგრეულია, სახარბიელო მდგომარეობა არც მეორე სართულზეა.
როგორც “გურია ნიუსმა” გაარკვია, შენობაში 3 ოჯახი ცხოვრობს. აქ მცხოვრები ადამიანებიდან ორი მამაკაცია, ერთი _ ქალი, ერთიც მცირეწლოვანი ბავშვი, რომელსაც ბებიასთან ცხოვრება იმის გამო უწევს, რომ სახლი, სადაც უნდა ცხოვრობდეს, მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობს.
ერთ-ერთი მცხოვრები გია გოგიბერიძეა _ ის ავარიულ შენობაში საცხოვრებლად შუა ამაღლებიდან ცოტა ხნის წინ გადავიდა.
“შუა ამაღლებაში ვცხოვრობდი, მეწყრულ ზონაში და საცხოვრებლად აქ, ჩემი ძმის ბინაში წამოვედი. თვითონ სხვა სახლი იყიდა და იქ გადავიდა საცხოვრებლად”, _ გვითხრა გია გოგიბერიძემ.
კითხვაზე, რადგან სახლი, სადაც ადრე ცხოვრობდა მეწყრულ ზონაშია, დახმარების თხოვნით ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ხომ არ მიუმართავს ან რაიმე სახის დახმარება თუ აქვს მიღებული, გოგიბერიძე ამბობს, რომ დახმარება არასდროს მიუღია:
“არავის არაფერი არ შემოუთავაზებია და არც მივსულვარ. ერთხელ ვითხოვე დახმარება და უარი მომივიდა”, _ გვეუბნება გოგიბერიძე.
ავარიული შენობის კიდევ ერთი მოსახლე მანანა შარაშენიძეა, რომელიც ჩვენი გადამღები ჯგუფის ვიზიტის დროს სახლში არ იმყოფებოდა. ამიტომ მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრს გავესაუბრეთ _ მაკა ჩირგაძე გვეუბნება, რომ მისმა დედამთილმა ბინა ამ შენობაში, დაახლოებით, 5 წლის წინ შეიძინა.
“მეხუთე წელია, თავისთვის ცალკე ცხოვრობს. მეც ბავშვს მასთან ვტოვებ, რადგან სახლი, სადაც ვცხოვრობ, ამაზე უარეს მდგომარეობაშია. ავარიულია, ეზოში მიწა, ფაქტობრივად, ჩავარდნილია, ამიტომ ბავშვი სახლში ვერ მიგვყავს და აქ ბებიასთან ცხოვრობს”, _ გვითხრა მაკა ჩირგაძემ.
ჩირგაძის თქმითვე, ამ სახლის მცხოვრებლებმა ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარების თხოვნით რამდენჯერმე მიმართეს.
ხელისუფლებამ ავარიულ შენობის სახურავი დახურა, ახლა კი მცხოვრებლები საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ _ ძლიერი წვიმის დროს შენობის პირველი სართული იტბორება, ეზო კი ისე ტალახდება, რომ გავლა შეუძლებელია.
“ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს, რომ კანალიზაცია გაეკეთებინათ. წვიმის დროს წყალი შემოდის ეზოში და იტბორება. ჯერჯერობით, შედეგი არ არის და ვნახოთ, მომავალში რა იქნება”, _ გვითხრა ჩირგაძემ.
დაეხმარება თუ არა მუნიციპალიტეტის მერია ნიკო მარის ქუჩის 42-ე ნომერში მცხოვრებლებს, ამის დასადგენად მერიას მივმართეთ:
“საერთო საცხოვრებლის ფართები არის კერძო საკუთრებაში. მერიის დაფინანსებით 2 წლის წინ ეს შენობა გადაიხურა. დაფინანსების გამოძებნის შემთხვევაში, მერია შეეცდება, მოუწესრიგოს აღნიშნული პრობლემა”, _ გვითხრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ.
ჩვენ დავინტერესდით იმითაც, თუ რით ეხმარება მერია მეწყრულ ზონაში მცხოვრებ ოჯახებს.
“რაც შეეხება მეწყერულ ზონაში მცხოვრებ ოჯახებს, მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს გეოლოგიური დასკვნის მომზადებას, ადგილზე გეოლოგების მოწვევით. იმ ოჯახებს, რომლებიც გეოლოგიური დასკვნის მიხედვით ექვემდებარება განსახლებას, მერია აძლევს რეკომენდაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინაშე შესაბამის პროგრამაში ჩართვაზე.
აღნიშნული პროგრამით ბოლო 7 წლის განმავლობაში, სახელმწიფომ ჩოხატაურში 60 ოჯახს სახლი შეუძინა”, _ გვითხრა ირაკლი კუჭავამ.