თაღლითობის მცდელობის და ცრუ დასმენის ბრალდებით, თბილისში 1960 წელს დაბადებული ფ.ს. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოში მიიღეს შეტყობინება, რომ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩიდან ავტომობილი მოიპარეს.
გამოძიებისას დადგინდა, რომ ავტომობილის მფლობელმა, საქართველოს და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ფ.ს.-მ, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, სადაზღვეო კომპანიისგან თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მიღების მიზნით, თავისი კუთვნილი ავტომობილი მეგობრის ავტოფარეხში დააყენა, ხოლო სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ავტომობილი მოჰპარეს.
ავტომობილის ქურდობის შესახებ პოლიციისთვის შეტყობინების შემდეგ, ფ.ს-მ საქართველო მალევე დატოვა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცრუ დასმენასა და თაღლითობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მანქანის „ქურდობის ფაქტი“ სექტემბერში მოხდა.