ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სამედიცინო ცენტრებში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 213 ადამიანია აცრილი. ამ ეტაპზე სამივე მუნიციპალიტეტში აცრა “სინოფარმის” და “ასტრაზენეკას” ვაქცინებით ხდება.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნატო ჯიბუტი “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ აცრაზე მოთხოვნა გაიზარდა:
“ჩოხატაურში, ამ დროისთვის, 169 ადამიანი “სინოფარმით”, 20 კი “ასტრაზენეკათი” აიცრა. ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა მოსახლეობა და ეს ყველასთვის სასიხარულო ფაქტია. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მედიცინის მუშაკებმა ყველას გაუწიონ დახმარება. პანდემია მხოლოდ აცრით დასრულდება. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დავიცვათ საკუთარი სიცოცხლე და მოვუფრთხილდეთ ჩვენს ახლობლებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს”, _ გვითხრა 22 მაისს ნატო ჯიბუტმა.
ჩვენ არაერთხელ ვწერდით, რომ ბევრ სოფელში ადამიანებს არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან; “გურია ნიუსი” დაინტერესდა, ამ შემთხვევაში, როგორ ეხმარებიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები მოქალაქეებს რეგისტრაციაში. ამ კითხვაზე ნატო ჯიბუტმა გვიპასუხა, რომ ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები ცდილობენ, დაეხმარნონ ყველას, ვისაც რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრობლემა აქვს.
“ადამიანებს დეტალურ ინფორმაციას ვაწვდით და ჩვენც ვეხმარებით რეგისტრაციაში. ასევე, არსებობს “ცხელი ხაზი”, რომლის მეშვეობითაც ხდება დარეგისტრირება. მთავარი პოზიტიური ფონი ისაა, რომ ადამიანები გააქტიურდნენ და ეს მისასალმებელია”, _ გვითხრა ნატო ჯიბუტმა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა პედაგოგ-ფსიქოლოგმა ირმა მგელაძემ კორონავირუსი 2020 წლის ნოემბერში გადაიტანა. მან წელს ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა:
ირმა მგელაძე: “როდესმე ხომ უნდა დამთავრდეს ეს საშინელება?!”
“მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის ნოემბერში გადავიტანე კორონა და, სავარაუდოდ, ანტისხეულები მაქვს, მაინც ჩავთვალე საჭიროდ აცრა და ავიცერი. არა ვარ შეთქმულების თეორიების ამყოლი, მჯერა მეცნიერების, ექიმების.
როცა გაჩნდა შესაძლებლობა, მაშინვე დავრეგისტრირდი ოზურგეთის “მედალფას” კლინიკაში, სადაც ყურადღებით და პროფესიონალურად მიმიღეს და გამიკეთეს “სინოფარმის” ვაქცინა.
აუცილებელია მთელი ქვეყნის ვაქცინაცია _ როდესმე ხომ უნდა დამთავრდეს ეს საშინელება?! და თუ მე, რიგით მოქალაქეს შემიძლია ხელი შევუწყო მის დასრულებას, რატომაც არა?
გაუსაძლისია ამ აკრძალვებით ცხოვრება _ ადამიანები ერთმანეთს ვერ ვცნობთ ქუჩაში, ვერ ვესალმებით ერთმანეთს, ვერ ვეხუტებით. მე ძალიან მიყვარს საყვარელი ადამიანების ჩახუტება და მოსიყვარულება. ამის შეზღუდვა ყველაზე ძნელი ასატანი გახდა ჩემთვის. იყო დრო, საკუთარ შვილსაც ვერ ვიკრავდი გულში…
მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ ხელი შევუწყოთ ვაქცინაციის პროცესს, ავიცრათ, დავიცვათ საკუთარი და სხვისი სიცოცხლეც _ სხვანაირად ეს კოშმარი არასოდეს დასრულდება!” _ გვითხრა მგელაძემ.
ოზურგეთელი რომა კალანდაძე თბილისიდან ოზურგეთში იმისთვის ჩამოვიდა, რომ ბებიას და მამიდას აცრაში დახმარებოდა. მისი თქმით, ყველაზე მეტად ბებოს დარწმუნება გაუჭირდა, მაგრამ, საბოლოოდ, სწორი გადაწყვეტილება მიიღეს:
რომა კალანდაძემ ბებია აცრაზე დაითანხმა
“უნდა ავიცრათ! არსებულ მოცემულობაში სხვა გამოსავალი არ არსებობს.
მიხარია, რომ ეს უკვე ბევრმა გაიგო და აცრის მსურველთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. სხვაგვარად შეუძლებელია ამ ჯოჯოხეთის დასრულება. ჩემს ოჯახში მამიდაჩემი უკვე აიცრა, ბებიაჩემს ცოტა გაუჭირდა გადაწყვეტილების მიღება, ვფიქრობ, არასწორი ინფორმაციის გამო, რომელსაც ის სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან ან ადამიანებიდან იღებდა _ მცდარი წარმოდგენა ჰქონდა ჩამოყალიბებული. ბევრი ველაპარაკეთ და დავარწმუნეთ, რომ აცრა მის სიცოცხლეს საფრთხეს არ შეუქმნიდა.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სწორი ინფორმაცია მივიდეს მოსახლეობამდე, განსაკუთრებით, ასაკოვან ადამიანებამდე. მათი შიშის დაძლევაში კი თითოეული ადამიანის, ჟურნალისტის, ექიმის როლი მნიშვნელოვანია.
ახალი დოზების მიღებისთანავე, ჩემი ოჯახის ყველა წევრი აიცრება”, _ გვითხრა კალანდაძემ.
როდესაც ქვეყანაში “ასტრაზენეკას” ვაქცინით აცრა დროებით შეჩერდა, პროცესის განახლებისთანავე, ქალაქ ოზურგეთის “მედალფას” კლინიკაში 80 წლის თეიმურაზ თავაძე და ჰამლეტ გოგეშვილი პირველები მივიდნენ და აიცრნენ.
თეიმურაზ თავაძემ 38 წელი შინაგან საქმეთა სამინისტროში იმსახურა, არის პოლკოვნიკი და ომის ვეტერანი. ის ახლა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.
“შეიძლება ითქვას, რომ თბილისს გამოვექეცი და ახლა მშობლიურ გურიაში ვარ. ვიფიქრე, დავიზღვევ თავს-მეთქი და ასეც მოვიქეცი. არავითარი გართულებები არ მქონია.
ბევრს ეშინია, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ არაფერია საშიში… ყველას ვურჩევ, გაიკეთოს აცრა”, _ გვითხრა თეიმურაზ თავაძემ.
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა 80 წლის ჰამლეტ გოგეშვილს. ის სპეციალობით გეოლოგია და წლების განმავლობაში მაღაროთა სამმართველოში მუშაობდა:
“ბოლო პერიოდში ხშირად ვეცნობი ინფორმაციას სამედიცინო თემებზე. ერთი რამე მინდა გითხრათ _ ბავშვი რომ იბადება, ყველაზე მაღალი იმუნიტეტი მაშინ აქვს. წლების გასვლასთან ერთად, ეს იმუნიტეტი სუსტდება და ადამიანი უფრო დაუცველი ხდება.
ეს ვირუსი დიდხანს არ მოგვშორდება, თუ მის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გავიკეთებთ. მუდამ შიშში ყოფნას, ჯობს, ვაქცინა გავიკეთოთ. მე ასაკიანი კაცი ვარ და მუდმივ შიშში ვერ ვიქნებოდი. ამიტომ, გადაწყვეტილება მივიღე და გავიკეთე ვაქცინა. თავს ვგრძნობ კარგად და მშვიდად”.
ამ დროისთვის, გურიაში “ასტრაზენეკას” და სინოფარმის” ვაქცინებით ხდება აცრა, 28 მაისიდან”სინოვაკის” ვაქცინით აცრა დაიწყება.
“სინოფარმით” აიცრნენ გურიის გუბერნატორი, გიორგი სახოკია და მისი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი.
“მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ გამოიჩინონ მეტი აქტიურობა, რადგან ვაქცინაცია არის პანდემიის სწრაფად დამარცხების ძირითადი გასაღები”, _ თქვა გიორგი სახოკიამ.
“აცრა უსაფრთხოა და კარგია. კოვიდი ცუდია _ #Sinopharm”, _ წერს ქეთევან მოისწრაფეშვილი ფეისბუქზე.
“გურია ნიუსის” გამომცემელი ია მამალაძე, მთავარი რედაქტორი გიორგი სიხარულიძე და ჟურნალისტი ნინო ნანიტაშვილი კორონას საწინააღმდეგო ვაქცინებით _ “ასტრაზენეკათი” და “სინოფარმით” აიცრნენ.
_ ქვეყანა მხოლოდ საყოველთაო ვაქცინაციით დააღწევს თავს ამ რთულ ინფექციურ, ეკონომიკურ ვითარებას. საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა უმთავრესია და უნდა ავიცრათ! ქვეყნის რაც შეიძლება მალე გათავისუფლება ამ კოშმარული მდგომარეობისგან ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და უნდა ავიცრათ! სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობს და უნდა ავიცრათ! რაც შეეხება ვაქცინას, მე “ასტრაზენეკათი” გავიკეთე აცრა და მიმაჩნია, რომ ნებადართული ყველა ვაქცინა კარგია, რომელიც ხელმისაწვდომია, _ ამბობს ია მამალაძე და კოლეგებს სამოქალაქო აქტიურობისკენ და დროულად ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
_ ოზურგეთში, “მედალფას” კლინიკაში გავიკეთეთ აცრა. მაღალპროფესიული, მშვიდი, აკადემიური განწყობაა, წინასწარ გამოკითხვაც მიმდინარეობს და წნევის კონტროლიც… ამგვარი გარემოს შექმნა ხელმძღვანელის დავით მდინარაძის და თითოეული თანამშრომლის – ყველა მათგანის დამსახურებაა… ვერ ვიტყვი, რომ უზადოდ ჯანმრთელი ვარ და არაფერს ვუჩივი, მაგრამ არავითარი გართულება არ მოჰყოლია აცრას, _ ამბობს “გურია ნიუსის” მთავარი რედაქტორი გიორგი სიხარულიძე, რომელიც ასევე, “ასტრაზენეკათი” აიცრა.
_ ქუთაისის #4 შერეულ პოლიკლინიკაში ჩავიტარე ვაქცინაცია ჩინური “სინოფარმით”. ვაქცინას გვერდითი ეფექტები არ აქვს და დაყოვნების ოთახში, სადაც სხვა პაციენტებთან ერთად ვიყავი, არ გამოვლენილა გართულების არც ერთი შემთხვევა. მადლობა მინდა გადავუხადო მედპერსონალს, პოლიკლინიკის დირექტორს ნინო ჩალაძეს, ექიმებს ნატო როხვაძეს და სოფიო დოგრაშვილს, მედდას ნატო უგულავას ვაქცინაციის პროცესის სწორად წარმართვისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობა”, _ ამბობს “გურია ნიუსის” ჟურნალისტი ნინო ნანიტაშვილი.