თუ კორონავირუსი ბუნებრივად არ ტოვებს იმუნიტეტს, ვაქცინის შექმნა რთული იქნება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „იმედის დღის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, პრეპარატების მოქმედების გაძლიერება ე.წ. ადიუანტების დამატებით იქნება შესაძლებელი.
„ყველას აინტერესებს როგორ მოიქცევა კორონავირუსი. საქმე იმაშია, რომ თუ ის ბუნებრივად არ ტოვებს იმუნიტეტს, მაშინ ვაქცინის შექმნაც გაძნელდება. მაშინ ვაქცინასაც გაუჭირდება იმუნიტეტის შექმნა. თუმცა, არსებობს გამონაკლისები და ვაქცინით იმუნიტეტის შექმნის შანსი უფრო მეტია, ვიდრე ბუნებრივი იმუნიტეტის და რატომ. არსებობს ტექნოლოგიები, რომ ვაქცინას, რომელიც წარმოადგენს ვირუსის გაუვნებულ ნაწილს ან ანტიგელს, უმატებენ ე.წ. ადიუანტებს ანუ გამაძლიერებლებს, რასაც ბუნებრივ პირობებში ავადმყოფს ვერ დაუმატებენ. ანუ შესაძლებელია პაციენტს არ ჰქონდეს უნარი გამოიმუშაოს იმუნიტეტი ან გამოიმუშაოს სუსტი და ვაქცინას გამაძლიერებლები ჰქონდეს დამატებული, რომ მან უკეთესი, უფრო ძლიერი იმუნიტეტი გამოიმუშაოს“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ჯერ პირველ ფაზას გადიან, რა დროსაც პრეპარატების უსაფრთხოებას იკვლევენ, მისი ეფექტიანობა კი უკვე მესამე ეტაპზე მოწმდება. ვაქცინის შექმნიდან ფართო გამოყენებამდე ჩვეულებრივ 1 წელი გადის, თუმცა პანდემიის პირობებში გამოცდა დაჩქარებული წესით მიდის.
ამ ეტაპზე მსოფლიოში 120 პრეპარატზე მიმდინარეობს მუშაობა.