ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, ევროპის დღეებთან დაკავშირებული ვიზიტის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში მეწარმე ლიკა მეგრელაძის საოჯახო სასტუმრო „კომლი“ დაათვალიერა.
სახლის მფოლობელმა ლიკა მეგრელაძემ ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის, “მონაწილეობითი პრონციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის”, მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში, მოახდინა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია და გაფართოება, განაახლა ტრადიციული ჩაის ჯიშები.
საპატიო სტუმართან ტურიზმის განვითარების მიმართულებებში ერთ-ერთ უმთავრესზე, „ჩაის გზის“ შესახებ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა ალეკო მამეშვილმა ისაუბრა:
_ ბევრი ვიფიქრეთ, რა უნდა ყოფილიყო ისეთი, რაც გურიას საქართველოს სხვა რეგიონებისგან განასხვავებდა და ეს არის სწორედ, „ჩაის გზა“. ასე დავიწყეთ ამ პროექტის შექმნა. ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი არის ის, რომ ტურისტების 70% ყოფილი საბჭოთა კქვეყნებიდან შემოდის და კარგად ახსოვთ ქართული ჩაის გემო. ამიტომ ნაკლები რეკლამა სჭირდება ამ საქმეს. გვაქვს ოთხი ძირითადი ლოკაცია. ასევე, ტურიზმის განვითარების სტრატეგიაში ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა ბალნეოლოგიური ტურიზმი, _ უთხრა სტუმრებს მამეშვილმა და გააცნო მათ ინფორმაცია ნასაკირალის სამკურნალო წყლების შესახებ, უთხრა, რომ აქ 1930 წელს გაიხსნა ბალნეოლოგიური კურორტი.
კარლ ჰარცელმა ინტრესით დაათვალიერა იქვე, სახელდახელო მოწყობილი გამოფენა, სადაც ვიზუალურად, ფოტოებით იყო ნაჩვენები 1930 წელს ნასაკირაში ბალნეოლოგიური კურრორტის გახსნა და თანმხლები პროცესები.