თუშეთის სოფლებში მუდმივად მცხოვრები პირები და მესაზღვრეები, რომლებიც სხვადასხვა სექტორზე იმყოფებიან, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ინფორმაციას „მთის ამბები“ ახმეტის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე, მინდია იუკურიძეზე დაყრდნობით ავრცელებს.
იოკურიძის თქმით, საავტომობილო გზების დეპარტამენტს თუშეთის გზაზე ტრანსპორტი მოძრაობა ოფიციალურად აკრძალული აქვს, სპეციალური საარჩევნო ყუთის გადასატანად კი ვერტმფრენის გამოყოფა ვერ მოხერხდა.
„თუშეთის მე-14 საარჩევნო უბანი გახსნილი გვაქვს სოფელ ქვემო ალვანში, სადაც 265 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამავე უბანში გვაქვს სპეციალური სია, რომელშიც სასაზღვრო პოლიციის 24 თანამშრომელია შეყვანილი. გადასატანი ყუთით სარგებლობის მიზნით, თუშეთში მცხოვრებთაგან მხოლოდ 4-მა ამომრჩეველმა მოგვმართა განცხადებით, დანარჩენებს არ მოუმართავთ. რადგან სამანქანო გზა დაკეტილად არის გამოცხადებული, ვერტმფრენის ქირაობის შესაძლებლობა კი არ გვაქვს, ამიტომ თუშეთში არჩევნებს ვერ ვატარებთ“, – აღნიშნა მინდია იოკურიძემ. მისივე თქმით, ის ახმეტის საოლქო-საარჩევნო კომისიას 2010 წლიდან ხელმძღვანელობს და ბოლო 8 წელში თუშეთში საარჩევნო უბანი არ გახსნილა.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მოახერხეს გადასატანი საარჩევნო ყუთის წაღება პირიქითა ხევსურეთში, კერძოდ, არხოტის ხეობაში.
გუდანის 42-ე საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გოდერძი ჭინჭარაულის განცხადებით, გუდანის უბანზე, ძირითად საარჩევნო სიაში 180 ამომრჩეველია რეგისტრირებული, სპეციალურ სიაში კი 40 – ჭიმღას, ტერღას და ტანიეს სასაზღვრო სექტორებზე მყოფი მესაზღვრეები.
საარჩევნო უბანი გაიხსნა შატილში, თუმცა დათვიჯვრის უღელტეხილზე ღამით ყინავს და შესაძლოა, შემაჯამებელი ოქმების საოლქო კომისიაში გადატანისას გარკვეული პრობლემები შეიქმნას.
თუშეთის მიმართულებით, თოვლის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა 27 ოქტომბერს აიკრძალა.