პირველად რუს იმპერატორთა კანვოის (ბადრაგის) შესახებ (სადაც სხვებთან ერთად ქართველებიც მსახურობდნენ და უფრო მეტიც, ქართული ქვედანაყოფი პირველ ნომრად მოიაზრებოდა) ამ ოციოდე წლის წინათ აკადემიკოს ამირან ცამციშვილისგან გავიგე, როცა გურულ მოჯირითეებზე დოკუმენტურ ფილმს ვიღებდით (ბატონი ამირანი მოჯირითეების ისტორიის პირველი მკვლევარი და ჩემი ფილმის კონსულტანტი გახლდათ). მას შემდეგ მრავალმა წყალმა ჩაიარა. მეც ნაბიჯ-ნაბიჯ ვაგროვებდი კანვოის შესახებ მასალებს, რაშიც ძალიან დამეხმარა ჩემი მეგობარი გოგი ანდრონიკაშვილი.
რუსულ-ქართული რთული, ხანგრძლივი, ტრაგიკული და სისხლიანი ურთიერთობის ფონზე კანვოელთა ისტორია კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, როცა დაპყრობილი ქვეყნის წარმომადგენლები ნებსით თუ უნებლიეთ დგებოდნენ დამპყრობელი ქვეყნის სამსახურში და თავგამოდებით ემსახურებოდნენ მას. ამ დროს კი, ამდენი ძალისხმევა და ენერგია საკუთარი ქვეყნისთვის რომ შეელიათ, ალბათ დღეს განსხვავებულ სახელმწიფოში ვიცხოვრებდით.
ბევრს, მათ შორის მწერალ ალექსანდრ სოლჟენიცინსაც მიაჩნდა, რომ კანვოი მხოლოდ ცერემონიალური ფუნქციების შესასრულებლად იყო მოწოდებული, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეეფერება. კანვოი ასევე მონაწილეობდა საომარ ბატალიებშიც (მათ სათვალავშია შვიდი ომი და უამრავი სამხედრო ექსპედიცია) და არაერთხელ თავისი სიმამაცით გადაურჩენია იმპერატორები. `ესენი ჩემი ძიძები არიან, – ასე წარუდგინა რუსეთ-თურქეთის ომიდან (1877-1878) დაბრუნებულმა იმპერატორმა ალექსანდრე II-მ კანვოის წევრები მეუღლეს, –მათი წყალობით საღ-სალამათი დავბრუნდი ომიდანო~. ომში გამოჩენილი მამაცობისთვის დააჯილდოეს მეაბჯრეები ნიკოლოზ ჩხეიძე და გიორგი ღოღობერიძე. ინდივიდუალური ჯილდოებით – ოქროს მედლით მამაცობისათვის (ეს კი არცთუ ხშირად ხდებოდა) დაჯილდოებული იყო სამი ქართველი მეაბჯრე – დავით ნიჟარაძე, გიიორგი თვალთვაძე და კირილე მაჭავარიანი. ხელისუფალნი და დიდგვაროვანი სტუმრები არ იშურებდნენ ჩინ-მედლებს მეფის სამსახურში მყოფთათვის. 1873 წლის 15 აპრილს ქართველების გამოსვლით მოხიბლულმა რუსეთში ვიზიტით მყოფმა გერმანიის იმპერატორმა და პრუსიის მეფე ვილჰელმ I-მა ხუთი კანვოელი პრუსიის `წითელი არწივის~ მედლით დააჯილდოვა. მათ შორის იყვნენ რუბენ ღოღობერიძე, კონსტანტინე ცომაია და ივანე შერვაშიძე. იმავე წლის 25 ივლისს კი, კანვოიში სამსახურისთვის ოქროს მედლით დაჯილდოვდა თავადი იოსებ ანდრონიკაშვილი. დანაყოფში სამსახურის დროს მას ასევე მინიჭებული ჰქონდა წმინდა სტანისლავის ორდენი სტანისლავის ლენტზე. ასევე მიენიჭათ ოფიცრის წოდება და შესაბამისი ჯილდოები იუნკერ ტევტორ (ალბათ თევდორე) მუშტარაულს და მეაბჯრე გიორგი წიკლაურს.
თავის მხრივ, კანვოელები ამაყობდნენ და თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენ მიღებულ ჯილდოებს – მედლებს, ორდენებსა და სხვა სამკერდე ნიშნებს. წითელ არმიას გამოქცეული, კონსტანტინოპოლს შეფარებული ყოფილი კანვოელი პოლკოვნიკი დავით (უჩა) დადიანი ამერიკაში გადაბარგებას აპირებდა, ნებართვისთვის კი იძულებული იყო მიემართა საბჭოთა საკონსულოსთვის. ის ჩოხა-ახალუხში გამოეწყო, მკერდზე პირველ მსოფლიო ომში მიღებული წმინდა გიორგის IV ხარისხის ჯვარი ჩამოიკიდა (დადიანი ჩეჩენ ცხენოსანთა პოლკის პოლკოვნიკი იყო) და საკონსულოში გაემართა შეხვედრაზე. მოლაპარაკებაზე დადიანი ცდილობდა თავაზიანი ყოფილიყო და თითქოს მიაღწია კიდევაც საწადელს, მაგრამ მოულოდნელად საბჭოთა ჩინოვნიკმა შეხედა მის ჯვარს და ამრეზით თქვა: `აი, ამ ზანზალაკს კი სულ ტყუილად ატარებთ~. `რომელ ზანზალაკს?~ – მშვიდად იკითხა დადიანმა. `აი, ამას~, – და ჩინოვნიკმა ჯვარზე მიუთითა. მას სიტყვა არც კი ჰქონდა დასრულებული, რომ დადიანმა ორჯერ მუშტი სახეში გაარტყა და ჩინოვნიკი ნოკაუტში ჩააგდო. ხმაურზე გვერდით ოთახიდან სხვა ჩინოვნიკები გამოცვივდნენ, მაგრამ დადიანის კვალიც გამქრალიყო. დადიანი ამერიკაში მაინც ჩავიდა…