ცოტა ხნის წინ სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტის თანამშრომელმა, ფიზიკოსმა ულფ ლეონჰარდტმა 100 ათასი ფუნტი სტერლინგი მიიღო უჩინმაჩინის ლაბადის გამოგონებისთვის.
ასეთ ლაბადას მკითხველი თავის დროზე ჯოან როულინგის ზღაპარ „ჰარი პოტერში“ გაეცნო. როგორც სწავლული აცხადებს, სულ რაღაც ორი წლის შემდეგ იგი შეძლებს ამ იდეის განხორციელებას. მეცნიერებს უკვე აქვთ ამ არაჩვეულებრივი ტანსაცმლის კონცეპტუალური სქემა. „გეომეტრია, სინათლე და ცოტა მაგია“, – ამბობს პროფესორი ლეონჰარდტი თავის გამოგონებაზე.
იგულისხმება, რომ ეს ლაბადა გაკეთებული იქნება ხელოვნური მეტამასალისგან. ჩაცმისას სინათლისა და ბგერის ტალღები ამ ობიექტს გარს შემოუვლიან. ამგვარად, ის გახდება შეუმჩნეველი, არ ექნება ჩრდილი და მისი აღმოჩენა დასხივებითაც კი შეუძლებელი იქნება.
ეფექტის მიღწევას სწავლულები უამრავი უწვრილესი ნემსის გამოყენებით შეეცდებიან. ეს ნემსები მინის ჩხირში იქნება ჩარჭობილი – მრგვალი სავარცხლის ანალოგიით. ეს უმცირესი ნემსები „აიძულებენ“ სინათლეს, გარს შემოუარონ ობიექტს, რომელიც ლაბადის შიგნით იქნება დამალული. ამავე დროს, ისინი ისეთი მიკროსკოპულები უნდა იყოს, რომ გამოირიცხოს რაიმე გარდატეხის, არეკვლის ან დამახინჯების ალბათობა.
გამოგონება ეფუძნება ალბერტ აინშტაინის სივრცის გამრუდების თეორიას, რომლის თანახმადაც ვარსკვლავის მსგავსი მსხვილი ობიექტები ამრუდებენ სინათლის ტალღებს.
პროფესორი ლეონჰარდტი აცხადებს, რომ ეს ლაბადა თავისუფლად შეიძლება გამოვიყენოთ პრაქტიკული მიზნებისთვის: დაწყებული თავდაცვით – უმავთულო კომუნიკაციებით დამთავრებული.
გამოკვლევების დაფინანსება სამეფო სამეცნიერო საზოგადოებამ ითავა. ამ თემაზე ამერიკის დიუკის უნივერსიტეტის მკვლევრებიც მუშაობენ.
ავტორი