საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარების შესახებ, ათეულობით წელია, ხელისუფლებები სატელევიზიო გადაცემებში, შეხვედრებზე, სხდომებზე, წინასაარჩევნოდ მოწყობილ “საფიხვნოებზე” ბევრს და თავმოწონებით საუბრობენ. ქვეყნის დალოცვილი ბუნება, ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება და უნიკალურობა მართლაც ბევრ სტუმარს იზიდავს, მაგრამ ამ გემრიელ საჭმელ-სასმელს რომ მონელებაც სჭირდება, ამაზე არავინ ფიქრობს. ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების “საშიშროების” წინაშე, ქვეყნის მოქალაქეებიც ვდგავართ და თუ ბენზინგასამართ სადგურთან ან ნაცნობ-ახლობელის საპირფარეშოსთან ახლოს არ აღმოვჩნდით, საქმე დრამატულადაც შეიძლება დასრულდეს!
გაგიკვირდებათ და მსოფლიოში “ტუალეტის დღეც” არსებობს და მას 19 ნოემბერს აღნიშნავენ იმის ხაზგასასმელად, რომ ადამიანისთვის ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ჰიგიენური, სამედიცინო თვალსაზრისით. ყოველწლიური რეიტინგიც კი დგება მომხმარებლის გამოხმაურებების მიხედვით, და ეს რეიტინგი ტურიზმის ინდუსტრიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. როგორც ჩანს, ამ სარეიტინგო გამოკითხვაში არ მოხვდნენ ულამაზესი შხარას ძირში ან ალავერდის ზღაპრულ ტაფობზე “ჩანაცუცქი” ტურისტები, ექსკურსიაზე მყოფი ბავშვები, მათი მასწავლებლები, მოგზაურობის მოყვარული ოჯახები, თავის მოწესრიგებას იქვე შეკრეფილი ფოთლებით რომ ცდილობენ… და თუ გგონიათ, რომ უკეთესი მდგომარეობა ქალაქებსა და მუნიციპალურ ცენტრებში დაგხვდებათ, ცდებით! როგორია ისტორიულად საზოგადოებრივი ტუალეტების ინფრასტრუქტურა გურიაში? დღეს სწორედ ამის შესახებ გიამბობთ.
“საქართველოს ყველა რეგიონში ევროპული სტანდარტების 50-მდე სანიტარული წერტილი აშენდება. საზოგადოებრივი სანიტარული წერტილების არარსებობა ანტისანიტარიას იწვევს და დისკომფორტს უქმნის, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ტურისტებს”, _ განაცხადა 2011 წელს საქართველოს ინფრასტრუქტურის მაშინდელმა მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა.
ამ წელს, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ქვეყნის მასშტაბით, 33 საზოგადოებრივი ტუალეტის მშენებლობისთვის ორმილიონნახევარი ლარი გამოყო. ტენდერის საბოლოო ღირებულებამ 2 მილიონ სამასი ათასი ლარი შეადგინა და გამარჯვებული ცხრა კომპანიაც გამოვლინდა. დამკვეთი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია იყო და საზოგადოებრივი ტუალეტების მშენებლობა 2012 წელს უნდა დასრულებულიყო. პროექტის გახორციელება 2012 წლის მაისში დაიწყო და მისი დასრულება იმავე წელს ვერ მოხერხდა. ამიტომ, ეს პროექტი ახალმა ხელისუფლებამ გადაიბარა და ოფიციალური ინფორმაციით, 2013 წლისთვის წყალმომარაგების კომპანიის მიერ დაგეგმილი ყველა პროექტი დასრულდა. ქვეყნის მასშტაბით, სულ, 50 საზოგადოებრივი საპირფარეშო აშენდა. საინტერესოა, რომ ამ “საუკუნის პროექტისთვის” დახარჯულ მილიონებს, დღესაც ვიხდით _ მშენებელ ცხრავე კომპანიას, ვალდებულება ჰქონდა, საზოგადოებრივი ტუალეტებს მშენებლობის გარდა, საკანალიზაციო ქსელებიც მოეწესრიგებინა და ამ მიზნით, 2012-2013 წლებში, სახელმწიფომ აზიის განვითარების ბანკის (ADP) კრედიტი აიღო. კრედიტის მოცულობა 500 მილიონ დოლარს შეადგენდა.
საზოგადოებრივი ტუალეტების ასაშენებლად, ლანჩხუთსაც თავისი წილი ერგო. მით უმეტეს, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ქალაქ ლანჩხუთისთვის საზოგადოებრივი ტუალეტის თემა, ლამის საუკუნის პრობლემად იყო ქცეული.
დავიწყოთ იქიდან, რომ ქალაქის ცენტრალურ სკვერში საზოგადოებრივი ტუალეტის ასაშენებლად, “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ”, 2012 წელს, სწორედ ზემოთ მოხსენიებული ორმილიონნახევრიანი ბიუჯეტიდან, ქალაქ ლანჩხუთს 48 ათასი ლარი გამოუყო. ძალიან ბევრი თვლიდა, რომ ადგილი არასწორად იყო შერჩეული _ ცენტრალური სკვერი ლანჩხუთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია; აქ იყო ეკლესია, სასაფლაო, რომელიც კომუნისტურ ეპოქაში განადგურდა. ერთი საინტერესო დეტალი: ბევრი თვლიდა, რომ საზოგადოებრივი ტუალეტის სწორედ აქ აგების გადაწყვეტილება, წინა ხელისუფლებამ პოლიტიკური მოტივით გადაწყვიტა, რადგან მაშინ ოპოზიციაში მყოფი “ქართული ოცნების” ოფისი იქვე იყო და პოლიტიკური ოპონენტი”საამო სურნელით” დაესაჯა. ასე იყო თუ ისე, ფული დაიხარჯა, შენობა აიგო, თუმცა, სკვერში არსებულ ამ საზოგადოებრივ ტუალეტს ერთი დღეც არ უმუშავია. საპირფარეშო საკმაოდ კეთილმოწყობილი გახლდათ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზც იყო გათვლილი, მაგრამ არ ფუნქციონირებდა. სამწუხაროდ, არც იმაზე უზრუნია ვინმეს, რომ შენობას გაფრთხილებოდა და დაეცვა განადგურებისგან.
“გურია ნიუსი” მაშინაც წერდა, რომ აუცილებელია საზოგადოებრივ ქონებას პატრონი ჰყოლოდა, რათა დაეცვა ვანდალიზმისგან და სისუფთავის შესანარჩუნებლად ეზრუნა, თუნდაც გარკვეული საფასურის დაწესების ხარჯზე.
მშენებლობის დასრულებიდან ძალიან მალევე, ჩვენი ჟურნალისტური მოკვლევით გაირკვა, რომ “ადაპტირებული”, “კეთილმოწყობილი” საპირფარეშო, არც წყლის სისტემასთან იყო მიერთებული და არც- საკანალიზაციო ქსელთან!!! ვისაც ეს წარმოუდგენლად ეჩვენება, გვინდა “დავამშვიდოთ” _ ეს გურიაში პირველი “ნოუ ჰაუ” არაა და სამწუხაროდ,მდგომარეობა დღესაც უცვლელია.
თავიდან, ქონება საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის საკუთრებაში იყო, თუმცა ურთიერთშეთანხმების შემდეგ, 2015 წელს, ის საკუთრებაში მუნიციპალიტეტს გადმოეცა, ვინაიდან წყალმომარაგების კომპანიის ახალი მენეჯმენტის თანახმად, საზოგადოებრივი ტუალეტების მოვლა მის პროფილს აღარ წარმოადგენდა. ამ პერიოდში, ჯერ კიდევ “უხმარი” შენობა განადგურდა, გაიძარცვა და ლანჩხუთში ისევ აქტუალური შეიქნა საზოგადოებრივი ტუალეტის არსებობის თემა… და ისევ დაიწყო ამ შენობის აღდგენაზე საუბრები. მუნიციპალიტეტის მაშინდელ ხელისუფლებას ჰქონდა ჩანაფიქრი, რომ აღდგენის შემდგომ, ობიექტი მოვლა-პატრონობისთვის ა(ა) იპ “ლანჩხუთი სერვისს” გადაცემოდა. თუმცა, კონკრეტულად საიდან დაიხარჯებოდა და რამდენი, აღდგენითი სამუშაოებისთვის, ვერავინ ამბობდა. შეგახსენებთ, რომ მაშინ, შვიდასი ათას ლარზე მეტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქალაქ ლანჩხუთის ცენტრის რეაბილიტაციისთვის დაიხარჯა.
“ამ ეტაპზე მხოლოდ საუბრები მიდის, მხოლოდ ის შეგვიძლია გითხრათ, რომ ამ შენობის აღდგენა არ არის იმ 708 888 ლარში გათვალისწინებული, რომელიც ქალაქის ცენტრის რეაბილიტაციისთვისაა გამიზნული”, _ განუმარტეს მაშინ “გურია ნიუსს” მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში.
გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მართვის სამსახურის უფროსი, გოგი ფაცურია ამბობდა, რომ საზოგადოებრივი ტუალეტის აღსადგენად, იქ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდი ხარჯები იქნებოდა გასაწევი:
“შენობა და იქ არსებული ქონება ძლიერაა დაზიანებული, თანაც იქვე ღია სცენა არსებობს, რაც გარკვეულ უხერხულობებს ქმნის. ალბათ, რაღაც გამმიჯნავი უნდა გაკეთდეს სცენასა და საპირფარეშოს შორის. ამ დროისთვის დაზუსტებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ რეაბილიტაციის შემდგომ, ობიექტი “ლანჩხუთი-სერვისს” გადაცემა”, _ ამბობდა გოგი ფაცურია.
ამ ყველაფრის პარალელურად, მაშინ გარკვეული წინააღმდეგობა წამოვიდა თავად მმართველი გუნდის ნაწილისგან და ეს საქმე საუბრებს არც გაცდენია. “ქართული ოცნების” წარმომადგენელთა პოზიციით, არსებული სკვერი ძველი სასაფლაოს ადგილზე იყო განთავსებული და იქ ტუალეტის დადგმა, წინაპართა უპატივცემულობის ნიშანი იქნებოდა. საკრებულოს უმრავლესობის ნაწილი მაშინ წინააღმდეგიც კი წავიდა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ობიექტი აუქციონის წესით გაესხვისებინა. მათი აზრით, მიუღებელი და დაუშვებელი იყო სასაფლაოს ადგილზე საპირფარეშო ამოქმედებულიყო. ამ წინააღმდეგობის ფონზე, ობიექტი საპრივატიზაციო ნუსხიდან მოიხსნა.
ერთ-ერთი, ვინაც ცენტრალურ პარკში საზოგადოებრივი ტუალეტის ამოქმედებას აქტიურად ეწინააღმდეგებოდა, იმდროიდნელი საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ია ჩხაიძე იყო, რომელსაც დაუშვებლად მიაჩნდა არსებულ ტერიტორიაზე ტუალეტის მუშაობა და ამას საჯაროდ აფიქსირებდა:
“მე ამას ვეწინააღმდეგებოდი და დღესაც ვეწინააღმდეგები. ვთვლი, რომ იქ არ იქნება და შეუძლებელია იყოს საზოგადოებრივი ტუალეტი. ეს არის ჩვენი ქალაქის ისტორიული ნაწილი, აქ იყო ეკლესია, სასაფლაო, დღეს კი ჩვენი ახალგაზრდობის ძირითადი თავშეყრის ნაწილია. დაუშვებლად მიმაჩნია, რომ თუნდაც ერთი მეტრი მოაკლდეს ამ პარკს”, _ ამბობდა 2016 წელს ჩხაიძე ჩვენთან საუბარში.
რადგან საზოგადოებრივი საპირფარეშოს იავარქმნილი შენობის აღდგენა ვერ მოხერხდა,მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა მოგვიანებით სხვა გზით შეეცადა ქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტის პრობლემა მოეგვარებინა და დაიწყო საუბრები, რომ საპირფარეშო პოლიციის ყოფილი შენობის უკანა ეზოში მოეწყოთ.
“ეს ნამდვილად დიდი პრობლემაა და ვცდილობთ, საკითხის მოგვარებას. თავის დროზე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას გეგმაში ჰქონდა იმ ობიექტის რეაბილიტაცია, რომელიც ქალაქის ცენტრალურ სკვერში, 2012 წელს გაკეთდა და შემდეგ სამართავად დასუფთავების სამსახურს უნდა გადაცემოდა. თუმცა, მაშინ გარკვეული წინააღმდეგობა წამოვიდა თავად მმართველი გუნდის ნაწილისგან და ეს საქმე არ გამოვიდა. ახლა არის საუბარი, რომ ყოფილი პოლიციის უკანა ეზოში გაკეთდეს საზოგადოებრივი ტუალეტი, თან რაც შეიძლება, დროულად”, _ ეს კომენტარი 2018 წელს გააკეთა “გურია ნიუსთან” საუბარში გოგი ფაცურიამ, რომელიც იმ დროისთვის მერის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც საქმე სიტყვას არ გაცდენია. არც 2012 წელს აშენებული შენობის აღდგენა მომხდარა და არც სხვა ადგილის გამოყოფაზე მიუღიათ გადაწყვეტილება. პრობლემა კი დარჩა პრობლემად. ეს პრობლემა კი განსაკუთრებით მაშინ იჩენდა თავს, როცა მერიის შენობის მიმდებარე სკვერში ხალხმრავალი ღონისძიებები იმართებოდა; ჟორდანიას ქუჩის 114-116 მრავალბინიანი სახლების მცხოვრებლები ჩვენგან ითხოვდნენ შველას, რათა ხელისუფლებისთვის ხმა მიგვეწვდინა, თუ როგორ ემსგავსებოდა მათი სახლების შესასვლელები სტიქიურ საპირფარეშოებს!
“ყოველთვის, როცა ამ სკვერში ხალხმრავალი ღონისძიებები იმართება, ჩვენს სადარბაზოებს საპირფარეშოდ იყენებენ. ეს პირველი შემთხვევა არაა… ორჯერ გაიმართა ამ სკვერში ქორეოგრაფიული ფესტივალი, უცხოელებიც იყვნენ ჩამოსულები. აქეთ-იქით დარბოდნენ სტუმრები ტუალეტის ძებნაში, მაგრამ, რაც არაა, სად ნახავდნენ?! მეორე დილით სადარბაზოებში არ შეისვლებოდა, ისეთი მდგომარეობა იყო!!! ახლაც იგივე განმეორდა, ვითომ ვცდილობდით, გაგვეკონტროლებინა სიტუაცია, მარა მაინც ვერ შევძელით. საკუთარი საპირფარეშოს გასუფთავება არაა სასიამოვნო საქმე და გაგვაგებინოს ვინმემ, რატომ და როდემდე უნდა ვწმინდოთ ბინის მცხოვრებლებმა სხვისი ფეკალია?! პირობას ვიძლევით, თუ კიდევ ვინმე დაგეგმავს ამ სკვერში მსგავსი ტიპის ღონისძიება გამართოს, არ დავანებებთ, ყველა გამოვალთ გარეთ.
კეთილი ინებონ და თუ ამ სკვერში კიდევ დაგეგმავენ რაიმე სახის ღონისძიების გამართვას, ბიოტუალეტები მოაყოლონ თან, ან საზოგადოებრივი ტუალეტის პრობლემა მოაგვაროს მუნიციპალიტეტმა. ცენტრალური მაგისტრალი გადის ქალაქზე და გზად მიმავალ რამდენ უცხოელს ნახავ, ქალაქში რომ დარბის და საპირფარეშოს ეძებს!” _ ამბობდნენ ჟორდანიას ქუჩის აღშფოთებული მობინადრეები.
გამოხდა ხანი და ლანჩხუთის ცენტრის რეაბილიტაცია ისევ აქტუალური გახდა _ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული “განახლებული რეგიონების” სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2021_2022 წლებში, ლანჩხუთის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაცია გახორციელდა; ბუნებრივია, ამ პროგრამაში ცენტრალური სკვერიც მოხვდა და ამ სკვერში არსებული შენობა-ნაგებობებიც.
“4-წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს”, _ აცხადებდა მთავრობა.
პროგრამის ფარგლებში, ლანჩხუთში გახორციელდა ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც, განახლდა 12 შენობა და 13 000 კვმ-ის ფართობის ცენტრალური სკვერი. სამუშაოები მოიცავდა მიმდებარე ტერიტორიის ქვაფენილით მოპირკეთებას, გამწვანებას, ტროტუარებისა და საპარკინგე ზონების მოწყობას.
ლანჩხუთის მერიის მიერ უწყების ფეისბუქგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის საერთო ღირებულება 5,1 მილიონ ლარზე მეტს შეადგენდა. სამუშაოები კომპანია “აღმაშენებელი-ქუთაისმა” განახორციელა, რომელსაც 2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით, გურიაში გახორციელებული სამუშაოების გასამრჯელოდ 12 მილიონი ლარი უკვე მიღებული ჰქონდა (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით), სანამ “შავ სიაში” შეიტანდნენ და სამუშაოებს ჩამოაშორებდნენ. “შავ სიაში” კი, ეს კომპანია ოთხჯერაა შეტანილი; მიზეზად კი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება სახელდება. აღნიშნული საქმეებიდან ერთ-ერთი სწორედ პროექტ “განახლებულ რეგიონებს” უკავშირდება. “შავ სიაში” კომპანიის რეგისტრირების თარიღად 2023 წლის 8 თებერვალი სახელდება. საქმის ადმინისტრაციული წარმოება 2022 წლის 7 დეკემბერს დაიწყო, როდესაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში სსიპ “საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის” წერილობითი შეტყობინება შევიდა, რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს “აღმაშენებელი-ქუთაისის” ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2021 წლის 16 ივნისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მეორედ “აღმაშენებელი-ქუთაისი” “შავ სიაში” 2023 წლის 10 მარტს შეიყვანა. ამჯერად ქუთაისში, შერვაშიძის ქ. #53-ში მდებარე მშენებარე სამი 16-სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულების სამუშაოების გეგმა-გრაფიკის ჩამორჩენისა და ობიექტზე სამყოფი მუშახელის მობილიზების ჩავარდნის გამო. შპს “აღმაშენებელი-ქუთაისი” კიდევ ერთხელ მოხვდა “შავ სიაში” 2023 წლის 24 მარტს: საქმე ისევ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებას ეხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სადაც 6 464 168 ლარის ღირებულების სამუშაოები უნდა შეესრულებინა. საქმე ბუკისციხის, ზომლეთის და სამების სკოლების შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეხება, სადაც 2022 წლის დასაწყისიდან 24 ივნისამდე პერიოდში, სამუშაოების პროგრესი თითქმის არ შეინიშნებოდა.
კომპანია “შავ სიაში” მეოთხედ 2023 წლის 12 აპრილს შეიყვანეს ისევ არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოს გამო და ისევ გურიის რეგიონში; კერძოდ, “აღმაშენებელი-ქუთაისს” ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ურეკში 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები უნდა ეწარმოებინა. თუმცა, კომპანია აქაც გრაფიკს ჩამორჩა.
ამ პროგრამის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად, თითქოს, ქალაქის რეაბილიტირებულ სკვერში მდებარე, უკვე სრულიად გაპარტახებულ საზოგადოებრივ ტუალეტსაც ეშველა და მოხდა მისი სრული რეაბილიტაცია. კიდევ ერთხელ დაიხარჯა საკმაოდ სოლიდური თანხები, მაგრამ შედეგი მაინც… ნულია!!!! რეაბილიტაციიდან ორი წელი გავიდა და ეს შენობა ისევ უფუნქციოდ დგას და ნადგურდება. დამტვრეულია კარი და შენობის შიგნით ისეთი მდგომარეობაა, შესვლა შეუძლებელია! მოკლედ, ქონება თანდათან ისევ ნადგურდება! და რაც მთავარია: საზოგადოებრივი ტუალეტი ისევ საკანალიზაციო სისტემების გარეშეა – მუნიციპალიტეტის მერი ადასტურებს, რომ საპირფარეშოს გასხვისების პროცესს სწორედ ეს აფერხებს.
ახლად რეაბილიტირებული საპირფარეშო ლანჩხუთის სკვერში დამტვრეული კარით და აუტანელი სიბინძურით
ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი ამბობს, რომ რადგან მუნიციპალიტეტი საკუთარი სახსრებით ვერ შეძლებს ობიექტის _ საპირფარეშოს მოვლა-პატრონობას, იგეგმება მისი აუქციონზე გამოტანა, თუმცა იმასაც დასძენს, რომ მანამდე აქ გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოებია გასახორციელებელი:
“ჯერ არ გახსნილა ეს შენობა. ობიექტი ერთხელ უკვე გვქონდა აუქციონზე გამოტანილი, რომ გაგვესხვისებინა მოვლა-პატრონობის კუთხით, თუმცა, ვერ მოხერხდა. საკანალიზაციო სისტემასთან დაერთების პრობლემაა და ამან გამოიწვია შეფერხება. როგორც კი ეს საკითხი მოგვარდება, გასხვისების პრობლემაც აღარ იქნება. კიდევ ვგეგმავთ აუქციონზე გამოტანას, თუმცა როდის, არ ვიცი, ვერ გეტყვით.
პრემიერის პროგრამით მართლაც მშვენიერი სკვერი მოეწყო, თუმცა, სამწუხაროა, რომ საზოგადოება არ უფრთხილდება და არ უვლის ამ ყველაფერს, ვანდალიზმის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. სკვერი გახსნილიც არ იყო, ახალგაზრდების გარკვეულმა ჯგუფმა, აქ ბევრი რამ დაამტვრია, მათ შორის, საზოგადოებრივი ტუალეტის კარიც”, _ ამბობს ლანჩხუთის მერი.
საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის ლანჩხუთის წარმომადგენლობაში გვითხრეს, რომ ობიექტზე, ამ ეტაპისთვის, მათ უნდა განახორციელონ გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოები:
“მართალია, ეს ქონება ჩვენს საკუთრებას არ წარმოადგენს, მაგრამ რახან აქ წყლისა და კანალიზაციის სისტემებია მოსაყვანი მწყობრში, სისტემაზეა დასაერთებელი, ეს სამუშაოები ჩვენ უნდა შევასრულოთ. ამ უახლოეს პერიოდში იგეგმება სამუშაოების დაწყება”, _ გვითხრეს წყალმომარაგების კომპანიის ლანჩხუთის წარმომადგენლობაში.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ 2012 წელს აშენებული საზოგადოებრივი ტუალეტის განადგურების მთავარი “შემოქმედი” მუნიციპალიტეტის წინამორბედი პირველი პირი ზაზა ურუშაძეა და მას მიუძღვის ლომის წილი მომხდარში.
საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, გია გოგუაძე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გამგებლის პოსტს იკავებდა (მისი გამგებლობის დროს მოეწყო სკვერში ზემოთ ნახსენები ტუალეტი), ამბობს, რომ პირადად ურუშაძემ მიიღო გადაწყვეტილება ამ ობიექტის განადგურების და აღასრულებინა კიდეც გარკვეულ პირებს. რაც შეეხება დღეს არსებულ ვითარებას, ამაზე ოპოზიციონერი დეპუტატი კონკრეტულს ვერაფერს ამბობს: “დღესაც რატომ ხდება იგივე, გააკეთეს და ისევ პრობლემებია, ვეღარ გეტყვით”. საზოგადოებრივი ტუალეტის უფუნქციობა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ისევ პოლიტიკას დაუკავშირა, ოღონდ _ პირიქით; ის თვლის, რომ “ქართული ოცნების” გამგებელმა “ნაცმოძრაობის” გაკეთებული შეგნებულად დაანგრევინა:
“საზოგადოებრივი ტუალეტის პრობლემა ყველა ქალაქშია აქტუალური, განსაკუთრებით ისეთი პატარა ქალაქისთვის, როგორიც ლანჩხუთია, ყოველთვის არსებობდა ეს პრობლემა. მით უმეტეს, როცა ცენტრალური მაგისტრალი გადის აქ და ხშირად ჩერდება ტურისტული ავტობუსი. ამიტომ, 2012 წლის დასაწყისში, გადაწყდა მოგვარებულიყო ეს პრობლემა, წყალგაყვანილობის კომპანიას გაეკეთებინა და მისი ოფისის დაქვემდებარებაში ყოფილიყო. მართლა მაღალ დონეზე გაკეთდა ყველაფერი, თუმცა, მოხდა ხელისუფლების ცვლილება და პირდაპირ გეუბნებით, როცა ახლადმოსულმა გამგებელმა ნახა, რომ იქ იყო მაღალი დონის ტუალეტი, დაანგრევინა პიროვნებებს. როცა მოვიკითხეთ, თუ რა ხდებოდა, გვითხრეს, რომ თითქოს იქაური მოსახლეობა იყო უკმაყოფილო. ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული მახსოვს იქ იყო საზაფხულო კინოთეატრი და არსებობდა ტუალეტი. იყო რესტორანი, რომელსაც ჰქონდა თავისი საკანალიზაციო სისტემა და რა თქმა უნდა _ ტუალეტიც. იქვე არის სამსართულიანი საცხოვრებელი სახლიც და იქვე ეზოში მოსახლეობასაც აქვს ტუალეტები. ამიტომ, თითქოს, მაშინ მოსახლეობამ თქვა უარი, ეს არის ტყუილი. უბრალოდ, ხელისუფლებას არ უნდოდა მოსახლეობისთვის ეჩვენებინა წინა ხელისუფლების მიერ გაკეთებული, მათ ჰქონდათ პრეტენზიები, რომ წინა ხელისუფლება ანგრევდა ყველაფერს. შედარებისთვის შემიძლია დავაკავშირო ნიგოითის საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც შეგნებულად არ გახსნა გამგებელმა ზაზა ურუშაძემ მანამ, სანამ იქ მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა არ გაიარა და ურუშაძეს დაავალა, დროზე გახსენითო.
დღევანდელი მდგომარეობით, რაც ვიცი, 4-მილიონ ლარიან ქალაქის რეკონსტრუქციის პროექტში მოექცა ეს ობიექტი. ვიცი, რომ გაკეთდა მაღალ დონეზე, მაგრამ, როგორც ამბობენ, დღესაც მოუწესრიგებელია, გაუბედურებულია, დანგრეულია. თუ ჩვენი ხელისუფლების დროს მოსახლეობა წინააღმდეგი იყო ამ ადგილას ტუალეტის გაკეთების, იქ არაფერი არ შეცვლილა, არც ახალი ჩამოსახლებულა ვინმე და არც ძველი არ წასულა იქედან. დღესაც რატომ ხდება იგივე, გააკეთეს და ისევ პრობლემებია, ვეღარ გეტყვით”, _ ამბობს გია გოგუაძე.
გარდა ამ შენობისა, ლანჩხუთში კიდევ ერთი ტუალეტი ჟორდანიას ქუჩის ჩიხში მდებარეობს, რომელიც 2002 წელს მაშინდელმა ქალაქის მერიამ ააშენა და მისმა სრულმა ღირებულებამ, პროექტის ჩათვლით, 13 730 ლარი შეადგინა. თუ ქალაქის მერის მაშინდელი მოადგილის რომან ბიწაძის სიტყვებს დავერწმუნებით, მაშინ საზოგადოებრივი ტუალეტის მშენებლობაზე სამუშაოები საკმაოდ ხარისხიანად ჩატარდა, მისი კანალიზაცია სრულ წესრიგშია. ეს ობიექტი დღეს კერძო პირის საკუთრებას წარმოადგენს, შენობის ერთ ნაწილში მეორადი ტანსაცმლის მაღაზია ფუნქციონირებს, მეორე ნაწილს კი საპირფარეშო იკავებს, რომლის მოვლა-პატრონობაზეც კერძო მესაკუთრე ზრუნავს.
“არ შეიძლება ქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტი არ არსებობდეს”, _ ცალსახად ერთია ჩვენ მიერ გამოკითხული მოქალაქეების მოთხოვნა. მათივე თქმით, აუცილებელია, საზოგადოებრივი საპირფარეშოები სისუფთავით, კომფორტით იყოს გამორჩეული და ქონების დაუდევრად მოხმარებისთვის, შესაბამისი ჯარიმებიც არსებობდეს.
თუ გგონიათ, რომ გურიაში სატუალეტო “ნოუ ჰაუ” უკანალიზაციო და უწყლო ინფრასტრუქტურით ამოიწურება, ცდებით! მომდევნო სტატიაში ჩვენ გაგაცნობთ… უკარო, საოჯახო და “ჯიგრულ-ძმური” “უბორნიების” ისტორიებს, რომლებიც ჩვენ _ საქართველოს მოსახლეობას ასი ათასობით ლარი დაგვიჯდა.
სოფო წილოსანი,
ლისა კოროშინაძე