ლანჩხუთის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მანქანებით გადაადგილების საშვები აქვთ მერის წარმომადგენლებსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს, რომლებიც მოქმედებს დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე.
ამავე ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში სოფლებში მოქალაქეების დახმარება მერის წარმომადგენლებისა და სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის მეშვეობით მოხდება. სწორედ მაჟორიტარი დეპუტატების მსგავსმა გამორჩევამ გამოიწვია უკმაყოფილება პარტიული სიით გასულ დეპუტატებში. კონკრეტულად კი ოპოზიციის წარმომადგენლებში. „რა გამოდის, საკრებულო დაყავით უკეთეს და უარეს დეპუტატებად?! მაჟორიტარები ( ყველა ოცნება) უკეთესი და სხვა, ასევე ხალხის რჩეულები უღირსები?! ეს რა ნიშნავს?“- კითხვას სვამს ლანჩხუთის საკრებულოს წევრი „ევროპული საქართველოდან“ ამირან გიგინეიშვილი. ამავე საკითხთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვს საკრებულოს კიდევ ერთ ოპოზიციონერ წევრს კახა ასკურავასაც. „ჩვენ ვინც პარტიული სიით მოვხვდით საკრებულოში სხვანაირი დეპუტატის სტატუსი გვაქვს თუ რაშია საქმე?
როგორც მითხრეს თქვენ გაგიციათ ე.წ საშვები გადაადგილებისთვის და მხოლოდ მაჟორიტარ დეპუტატებს ერგოთ ეს პატივი.ვინმემ აგვიხსნას რა მიდგომაა ეს?!
საიდან მოიტანეთ,რომ მხოლოდ მათ ეკუთვნით შეუზღუდავად გადაადგილების უფლება?
ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”ითხოვს ოფიციალურ განმარტებას ამ საკითხთან დაკავშირებით და იმედია ოპერატიულად მივიღებთ ადეკვატურ პასუხს?!“-წერს სოციალურ ქსელში კახა ასკურავა.