უკრაინის პროკურატურა არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაცია რუსეთმა მოახდინოს. სწორედ ამ მოტივით, სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ მოსამართლეს მიხეილ სააკაშვილის შინა პატიმრობის შუამდგომლობის მოთხოვნით მიმართა.
პროკურატურის მტკიცებით, არსებობს რისკი, რომ რუსეთმა მისი ლიკვიდაცია მოახდინოს, რადგან პროკურატურის ბრალდებით მას კავშირი ჰქონდა რუსეთთან დაკავშირებულ ოლიგარქებთან.
უკვე 4 საათა კიევის პიჩორის რაიონულ სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ მსჯელობს.
რამდენიმე წუთის წინ პროკურატურამ ოფიციალურად მოითხოვა სააკაშვილს ორთვიანი შინა პატიმრობა მიუსაჯონ და უსაფრთხოების დამატებითი ზომისთვის, მას ელექტრონული სამაჯური დაუმაგრონ.
სამაჯურით უკრაინელ სამართალდამცველებს საშუალება ექნებათ 24 საათიანი კონტროლი დააწესონ და იცოდნენ, თუ სად გადაადგილდება მიხეილ სააკაშვილი. საქართველოს მესამე პრეზიდენტის პროცესს, უკრაინული ოპოზიციის ლიდერი იულია ტიმოშენკო ესწრება.
rustavi2.ge