თბილისის პროკურატურამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ს.გ.-ს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 19 აპრილს, ს. გ. იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ ბინაში, დაახლოებით 21:00 საათზე, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი ს.გ. გავიდა საცხოვრებელი ბინის აივანზე და როდესაც ქვეყანაში გამოცხადებული იყო საგანგებო მდგომარეობა და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლებში, თავისი კუთვნილი ,,ვიკინგ“-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან განახოცრიელა რამოდენიმე გასროლა საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით. შედეგად, ს. გ.-ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ერთ-ერთი ტყვია თავის არეში მოხვდა საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, მყოფ- თ. ა.-ს, რომელიც მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
საქმეზე ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, საიდანაც ამოღებული იქნა გასროლილი ტყვიის 13 მასრა და ს.გ.-ს საკუთრებაში არსებული „ვიკინგის’’ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი.სროლის მანძილზე დანიშნულია ექსპერტიზა,ასევე ექსპერტების მიერ განხორციელდა ნიმუშების აღება.
მოწმის სახით გამოიკითხა არაერთი პირი. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ სროლის განხორციელების მომენტში ს.გ. საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა მარტო. მასთან სტუმრად მყოფმა პირებმა ს.გ.-ს ბინა დატოვეს სროლის განხორციელებამდე რამოდენიმე ხნით ადრე, რაც დაადასტურეს მოწმის სახით გამოკითხვისას როგორც თავად აღნიშნულმა სამმა პირმა, ასევე საცხოვრებელი კორპუსის დატოვების ფაქტი ასახულია კორპუსზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერით.
პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნის თაობაზე. ს.გ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.