31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.
ჩვენ გადავწყვიტეთ, გურიაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისგან მოგვესმინა, რა პრობლემებზე ესაუბრებიან მათ ამომრჩევლები და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, როგორ აპირებენ ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარებას.
ხათუნა გოგორიშვილი, “ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია -ევროპული საქართველო _ მოძრაობა თავისუფლებისთვის”:
“ყველა შეხვედრაზე, ყველა სოფელსა და ქალაქში მთავარი პრობლემა, რომელსაც მოსახლეობა სვამს, არის უმუშევრობა. გურიაში უმუშევრობა მიგრაციასაც ნიშნავს ამავდროულად _ ახალგაზრდები სამსახურს ვერ შოულობენ და იცლება სოფლები. “ევროპული საქართველოს” საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილის ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის გადასახადების შემცირება. ჩვენმა ექსპერტებმა დეტალურად დათვალეს, რომელი გადასახადი როგორ უნდა შემცირდეს, რათა უმოკლეს ვადაში მცირე და საშუალო ბიზნესს იმდენი ფული დარჩეს, რომ შეძლოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.
სამუშაო ადგილების შექმნის “ევროპული საქართველოს” გეგმის მიხედვით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, შეიქმნება დამატებით, სულ მცირე, 100 000 სამუშაო ადგილი.
“ქართული ოცნების” პირობებში მკვეთრად გაიზარდა ბიუროკრატია, კორუფცია, ნეპოტიზმი და გაუაზრებელი ეკონომიკურად მავნებელი ხარჯები.
გამომდინარე იმ საერთაშორისო კონტაქტებიდან, რომელიც “ევროპული საქართველოს” ლიდერებს აქვთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან, თუ ვინმე შეძლებს ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ეს სწორედ ჩვენი გუნდია, რომელიც ახალი კოალიციური მთავრობის შემკვრელი და მისი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი იქნება”.
მანუჩარ კვირკველია, საარჩევნო ბლოკი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”- გაერთიანებული ოპოზიცია _ “ძალა ერთობაშია”:
“მთელ საქართველოში, პრობლემები მრავალფეროვანი და მასშტაბურია, მაგრამ ჩვენთან, გურიაში, ამ პრობლემებს არ აქვს ზღვარი. უკიდურესია სიღარიბის მაჩვენებელი და მე უფრო მეტად მთრგუნავს ის, რომ შრომისუნარიანი ადამიანების დიდი ნაწილი გადახვეწილია საზღვარგარეთ.
წინასაარჩევნო კამპანიის მანძილზე ბევრი პრობლემა მოვისმინე _ ჯერ კიდევ დაძლეული არ არის სავალი გზის, წყალმომარაგებისა და წყალარინების პრობლემები, თუმცა, ყველაზე მეტად ჩვენ ხალხს აწუხებს უმუშევრობა, ახალგაზრდებს არ აქვთ თვითრეალიზების შესაძლებლობა, უფრო მეტიც _ წლებია, ისინი ითხოვენ პროფესიულ სასწავლებლებს, სადაც მოკლე დროში მიიღებენ ცოდნას. პრობლემაა ისეთი სოციალური საკითხები, როგორიც არის უსამართლო სისტემა სოციალურად დაუცველ პირთა მიმართ. ბევრ სოციალურად დაუცველს უსაფუძვლოდ უხსნიან დახმარებას და ბევრი ნამდვილად დაუცველი ვერ ხვდება ამ ბაზაში.
პრობლემაა ხარისხიანი სამედიცინო სერვისები და მედიკამენტების ხელოვნურად გაძვირებული ფასი.
ახალგაზრდებს განათლებასთან წვდომის გარდა, უნდა ჰქონდეთ სპორტთან სიახლოვე, მაგალითად, სოფელ ნატანებში შესაძლებელია, აღდგეს სპორტული კომპლექსი, რომელსაც დიდი ტრადიცია გააჩნია და დღეს იგი ყურადღების მიღმაა დარჩენილი, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ცენტრი მოემსახურება, მინიმუმ, 6 სოფელს და დარწმუნებული ვარ, ბევრი ახალგაზრდა დაკავდება ჯანსაღი ცხოვრების წესით.
პრობლემების გადაწყვეტა უნდა დავიწყოთ 31 ოქტომბრიდან, უკვე პირველ ნოემბერს, ჩვენ, ყველანი ერთად უნდა ჩავდგეთ ქვეყნის სამსახურში და ცოდნით, გამოცდილებით, საჭირო კონტაქტების გამოყენებით ვემსახუროთ საკუთარ ხალხს.
პირველ რიგში, აუცილებელია, გურიის ეკონომიკური პოტენციალის შესწავლა პროფესიონალურ დონეზე, ამის შემდეგ უნდა მომზადდეს სპეციალური საინვესტიციო წინადადებები ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, როცა სახელმწიფო უწყებები გათავისუფლება პოლიტიკური ჩარევებისგან და სასამართლო გახდება სრულად თავისუფალი, რეალური გახდება ინვესტორების ქვეყანაში და რეგიონში მოწვევაზე მსჯელობა, თუმცა, როგორც უკვე გითხარით, ჩვენ წინასწარ უნდა გვქონდეს გამზადებული საინვესტიციო წინადადებები, ამისთვის კი აუცილებელია ზუსტად ვიცნობდეთ გურიას და მის ეკონომიკურ პოტენციალს”.
შოთა გოგიბერიძე, “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი _ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”:
“უფრო მეტად მესაუბრებიან გაჭირვებასა და უმუშევრობაზე. ამომრჩეველი ამბობს, რომ თხილის მოვლა-პატრონობა ძვირი უჯდებათ. უკვე მოდის ციტრუსის რეალიზების სეზონი, მაგრამ, დიდი ალბათობით, პროდუქციის გაყიდვა იმ ფასად, რაც ფერმერს უნდა, ვერ მოხერხდება, ადამიანებს ეს საკითხი ყველაზე მეტად აწუხებს და აუცილებელია, ხელისუფლებამ ამ საკითხს, რაც შეიძლება, მეტი ყურადღება მიაქციოს.
ამას თან ერთვის ადამიანების სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით წუხილი და განწყობა, შეიცვალოს ამ მიმართულებით მდგომარეობა.
“პატრიოტთა ალიანსს” აქვს თავისი პროგრამა, რომლის მიხედვითაც, ყველა მიმართულებით მოხდება საკითხების ძირეულად შესწავლა და შემდეგ მოგვარება. ამომრჩეველს დეტალურად ვამცნობთ ჩვენ პროგრამას და იმ პრობლემების გადაჭრის გზებს, რომელიც აწუხებთ მათ”.
დავით მამალაძე, “შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია”:
“პრობლემის მეტი რა არის?! უამრავ პრობლემაზე მესაუბრებიან ამომრჩევლები. საქართველოს მცხოვრებთა 80%-ს ბანკის ვალები ახრჩობს. ასევე, არის უმუშევრობა და ადამიანს ხვალინდელი დღის იმედი ნაკლებად აქვს.
როდესაც პარლამენტში მოვხვდებით, პირველ რიგში, კოალიციურ რეჟიმში უნდა მოხდეს ოლიგარქების და ბიზნესმენების მოშორება პოლიტიკისგან. მათ უნდა გააკეთონ ბიზნესი და გადაიხადონ გადასახადი კანონის ფარგლებში”.
ნინო შეწირული-გობრონიძე, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ჩვენი საქართველო -სოლიდარობის ალიანსი”:
“წინასაარჩევნოდ თითქმის ყველა სოფელი შემოვიარეთ. დიდი პრობლემაა სიღატაკე. ადამიანებს, უბრალოდ, წამლის და პურის ყიდვის საშუალება არ აქვთ.
სოციალური საკითხები ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩემი არჩევის შემთხვევაში, ეს ოთხი წელი იქნება ამოსუნთქვის წელი, ვინაიდან ხალხს, უბრალოდ, შია.
სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებში დაეხმაროს მოსახლეობას _ ეს სრულიად შესაძლებელია, თუკი იქნება პოლიტიკური ნება და სურვილი, რომ გურია ამოვიდეს სიღატაკიდან.
ბოლო 30 წელია, ამ ქვეყანაში არ არის არც ერთი პოლიტიკური გაერთიანება, ვინც ხალხისკენ იხედება. მე ვათქმევინებ გურიის მოსახლეობას, რომ მათ აირჩიეს სახალხო დეპუტატი, რომელიც დაკავებული იქნება საქმით და არ ექნება დრო პოლიტიკური ქილიკისთვის.
ზღაპრები და დაპირებები დაპირებებად დარჩა, ამიტომ თუ დროზე არ მიეხედა ქვეყანას, უბრალოდ, გავქრებით მსოფლიო რუკიდან. ეს ხმამაღალი სიტყვები არ არის _ ეს დღევანდელი რეალობაა.
ოთარ ქერქაძე, “ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატი გურიაში:
ადამიანები იბრძვიან სიცოცხლის გადასარჩენად და ეს არ არის ახალი ამბავი. უამრავი პრობლემა აქვთ. ყველაზე დიდი პრობლემა არის უმუშევრობა. ასევე, ადამიანები ვერ ახერხებენ თავისი პროდუქციის რეალიზებას კორონავირუსის დროს. სოფელ აცანაში აქვთ თაფლი და თხილი, ვერ ახერხებენ ეს ადამიანები მათ რეალიზებას. ხელისუფლება კი დაკავებულია საარჩევნოდ ხმები მოიპოვონ და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. ადამიანებს სჭირდებათ მეტი ყურადღება და პრობლემების მოგვარება.
2020 წლის 31 ოქტომბერს ეს ხელისუფლება დასრულდება და ის ადამიანები, რომლებიც მოვლენ ხელისუფლებაში, ერთხელ და სამუდამოდ მიხვდებიან, რომ ადამიანებს სჭირდება პრობლემების მოგვარება და დახმარება.
ნინო ორაგველიძე, “ეკა ბესელია _ პ.პ. სამართლიანობისთვის”:
“პირველ რიგში, რაც შეხვედრები მქონდა, იქედან გამომდინარე ვიტყვი, რომ გურიაში მცხოვრებ ადამიანებს ძალიან უჭირთ. ყველაზე მეტად სოციალურ დახმარებაზე საუბრობენ და მეუბნებიან, რომ სოციალური ქულების მინიჭება არასამართლიანად მიმდინარეობს. ეს საკითხი აუცილებლად საჭიროებს დიდი ყურადღებას მიქცევას და მე, პირადად, ამ კუთხით უფრო მეტად ვაპირებ მუშაობას.
ჩემი დეპუტატად არჩევის შემთხვევაში, პირველ რიგში, შეჭირვებული ადამიანების პრობლემების გადაჭრას შევუდგები”.
მაკა მგალობლიშვილი, “შეცვალე საქართველო”:
“ძირითადად, არის სოციალური პრობლემები. ასევე, კორონავირუსის დროს კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა დაკარგეს სამსახური, დაკეტილია ის დაწესებულებები, სადაც ისინი მუშაობდნენ და ამ კუთხით ხელისუფლება უფრო მეტს უნდა აკეთებდეს.
დეპუტატად არჩევის შემთხვევაში, სწრაფ ტემპში მოხდება იმ პრობლემების შესწავლა, რომლებიც აწუხებთ ადამიანებს და მათი გადაჭრა”.
ვახტანგ ზენაიშვილი, “გირჩი”:
“გირჩს” რაიმე ცალკე შეთავაზება გურიისთვის არ აქვს. პრობლემა ყველასთვის ერთია: დესოვეტიზაცია.
_ სახელმწიფოს ხელში არსებული აქტივების განკერძოება სპეციალურ საპრივატიზაცო “ფულზე”, რაც ხალხურ ენაზე, საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე ქონების უფასოდ გადაცემას ნიშნავს.
_ საბჭოთა მართლმსაჯულების ფუნდამენტურად შეცვლა. უსამართლო კანონების მხილება და მათი გაუქმებისთვის ბრძოლა. როდესაც ძალადობა კანონის სახეს იღებს, დაუმორჩილებლობა მოვალეობაა. დანაშაულის დეფინიცია უნდა ჩამოყალიბდეს ნათლად, არ უნდა იძლეოდეს ინტერპრეტაციების საშუალებას: არ არის მსხვერპლი, არ არის დაზარალებული; არ არის მომჩივანი, არც დანაშაულია. აი, ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რომელსაც სამართლიანი მართლმსაჯულება ეფუძნება. კანონთა სიმრავლე არ ნიშნავს წესრიგს და უსაფრთხოებას. პირიქით, კანონთა სიმრავლეში სამართალი იკარგება.
ჩვენი განათლების სისტემა საბჭოურია. ჩვენ ვემხრობით მოცემულ ეტაპზე სახელმწიფოს გასვლას კერძო სკოლებიდან. ეს საჯარო სკოლებს კონკურენტულ მდგომარეობაში ჩააყენებს. მხოლოდ კონკურენცია ქმნის მოტივაციას, მაღალ ხარისხს.
მხოლოდ კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული ღია ეკონომიკა აგვარებს პრობლემებს.
სახელმწიფოს, პოლიტიკურ პარტიებს, არც ერთ ინსტიტუციას არ აქვს იმის ცოდნა, რა უნდა განვითარდეს გურიაში _ ჩაი, სტევია თუ მანქანათმშენებლობა. ეს ცოდნა აქვს ბაზარს. ორ მილიარდ ლარზე მეტი თანხა ჩაიდო სოფლის მეურნეობაში, შედეგი კი ნულია. ასე გაგრძელდება მანამ, სანამ კაბინეტში შედგენილი გეგმების გვჯერა, არ ვენდობით და ათასგვარი რეგულაციებით ვბორკავთ თავისუფალ საბაზრო ურთიერთობებს.
ყველა მთავრობას აქვს ცდუნება, რომ იგი უკეთ დახარჯავს ფულს, ვიდრე წინა”.
ვასილ ჩიგოგიძე, “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველო“:
“წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ინტენსიურად ვხვდები გურიის სამივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. ვსაუბრობთ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ მასშტაბურ სამუშაოებზე. გამოწვევები კვლავ რჩება, რასაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენს გუნდთან ერთად ეტაპობრივად გადავჭრით.
შეხვედრებზე, მოსახლეობა, ძირითადად, შიდა გზების მოწესრიგებას და წყალმომარაგების საკითხის მოგვარებას გვთხოვს. მზად ვარ, ვიზრუნო თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის და გურიის მომავალი წარმატებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი _ “ქართული ოცნება” საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს ქვეყნის საკეთილდღეოდ”.
ლაშა ხეცურიანი, “ლევან ჩაჩუა, გურამ ფალავანდიშვილი _ ქართული იდეა”:
“ამომრჩეველს იმ პოლიტიკოსების და პარტიების ნდობა არ აქვთ, რომლებიც ყოველთვის დაპირებებს გასცემენ და არ ეხმარებიან ადამიანებს. მხოლოდ არჩევნების დროს არ უნდა ახსენდებოდეს პოლიტიკოსს ადამიანი. ადამიანები ითხოვენ სამუშაო ადგილებს, მაგრამ ხელისუფლება ამ საკითხზე, როგორ დარდობს, ამას ყველანი კარგად ვხედავთ. ყოველდღე ძვირდება პროდუქტებსა და წამლებზე ფასები.
ჩვენი პარტია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ადამიანებს პრობლემები მოუგვარონ”.
რამაზ ზოიძე, “ქართული მარში _ ეროვნული მოძრაობა”:
“ძირითადი პრობლემა უმუშევრობა და ამ კუთხით დიდი სამუშაოები არის ჩასატარებელი. ხელისუფლების ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ამ პრობლემის მოგვარება და არაა ათასგზის დაპირება.
სოფლებში არის უგზოობა და უწყლობა. არის პროექტები, რომელიც გახორციელდა, მაგრამ საქმე უხარისხოდაა გაკეთებული. ჩემი დეპუტატად არჩევის შემთხვევაში ძალ-ღონეს, არ დავიშურებ, რომ მოსახლეობას დავეხმარო და მათ პრობლემები მოვუგვარო”.
გიორგი სიორიძე, “ლელო _ მამუკა ხაზარაძე”:
“აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას ვეწევი და შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ მთავარი, რასაც გურიის სამივე მუნიციპალიტეტში ერთნაირი გულისტკივილით აღნიშნავს მოსახლეობა, არის ხელისუფლების მხრიდან გამოჩენილი სრული უყურადღებობა მათი ყოფისა და პრობლემებისადმი. ეს არის მთავარი ფაქტორი, რაც შემდგომში განაპირობებს იმ პოლიტიკურ ნიჰილიზმს, რასაც ამომრჩევლებთან შეხვედრისას ყოველ ნაბიჯზე ვხვდები. მათ არ აქვთ იმის იმედი, რომ რომელიმე ხელისუფლება გამოიჩენს პოლიტიკურ შორსმჭვრეტელობას და მოსახლეობას არ შეხედავს, როგორც საარჩევნო საზარბაზნე ხორცს. მოსახლეობას არ აქვს განცდა და მოლოდინი, რომ რომელიმე ხელისუფლება ცენტრალურ თუ ადგილობრივ დონეზე, რეალურად დაინტერესდება მისი სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პრობლემებით და გამოიღებს ხელს მათ მოსაგვარებლად. ეს არის წინა ორი ხელისუფლების მიერ საკუთარი ხალხის წინაშე დაშვებული მიუტევებელი შეცდომების გამოძახილი და მომდევნო ხელისუფლებას, ანუ “ლელოს” ხელისუფლებას, სწორედ ამ მოცემულობის გათვალისწინებით მოუწევს ვითარების კარდინალურად გაუმჯობესებაზე ზრუნვის დაწყება.
გარწმუნებთ, როგორც კი ჩვენი გუნდი დაიწყებს “მარშალის გეგმის” გახორციელებას, ანუ, არჩევნების მომდევნო დღიდანვე, მოსახლეობა, რომელსაც არასოდეს ღალატობს პოლიტიკური ალღო, მალევე დაინახავს ჩვენი ხედვების და ნაბიჯების მართებულობას და ის ნიჰილიზმიც სწრაფადვე დასრულდება, რაზეც ყველაზე დიდი გულისტკივილით აღვნიშნე თქვენთან საუბრის დასაწყისში”.
გოჩა ძიმისტარიშვილი, დამოუკიდებელი კანდიდატი:
“ვისაც ვხვდები, 10-იდან 8 ამომრჩევლის ერთადერთი პრობლემა არის ამ ხელისუფლების სახლში წასვლა. არც პრობლემას კითხულობენ და საერთოდ არ გვეკითხებიან, გაზი თუ გვექნება, წყალი თუ გვექნება. ამ ხელისუფლების, ბოდიში და პანღურით გადაგდება _ ესაა ჩემი პასუხი.
მოსახლეობა ამბობს _ თქვენ ეს ხელისუფლება მოგვაცილეთ და ჩვენ ყველანაირ პრობლემას ავიტანთ. არჩევის შემთხვევაში, ეს ხელისუფლება უნდა გავუშვათ პოლიტიკურ მოუსავლეთში, ზოგი კი _ ციხეში”.