საქართველოში სტაჟიორთა უფლებების დარღვევის ხშირი შემთხვევა ფიქსირდება, რასაც, ბუნებრივია, სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყვება ხოლმე. ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს სტაჟირების ერთიანი წესი, რომელიც ყველა ტიპის საჯარო მოსამსახურეზე გავრცელდება.
კითხვით _ რას ფიქრობს მმართველი გუნდი კანონპროექტის ინიცირებაზე, რომელიც სტაჟიორთა უფლებებს დაიცავს, რაც თავისთავად ანაზღაურებასაც გულისხმობს „გურია ნიუსთან“ ,,ქართული ოცნების“ წევრებმა: სიმონ ნოზძემ, გია ჟორჟოიანმა და რევაზ არველაძემ ისაუბრა.
,,ქართული ოცნების“ წევრის სიმონ ნოზაძის განცხადებით, ამ მხრივ გარკვეული ცვლილებები განათლების მიმართულებით ხოციელდება. კერძოდ, როგორც ნოზაძე გვეუბნება, იქმნება ასისტენტ მასწავლებლის ინსტიტუტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალკურსელ სტუდენტს საშუალება ექნება პროფესიის სრულყოფილად დაუფლებასთან ერთად, გარვეული თანხა გამოიმუშავოს.
,,ნამდვილად ვერ გეტყვით, ყველა სფეროში ეს რეფორმა როგორ გახორციელდება, მაგრამ მოგახსენებთ, რომ განათლების მიმართულებით ამ საკითხზე მსჯელობა უკვე მიმდინარეობს. კერძოდ, გვინდა შემოვიღოთ, ეგრეთ წოდებული, ასისტენტ მასწავლებლების ინტიტუტი, რომლის მიხედვით, პრაქტიკანტ მაღალკურსელ სტუდენტს საშუალება ექნება, გარკვეული ანაზღაურების ფასად იმუშავონ გამოცდილ მასწავლებლებთან. უფრო კონკრეტულად, ამ საკითხთან კომიტეტში არ მიმსჯელია. მინდა გითხრათ, რომ პრაქტიკანტები პროფესიის სრულყოფილად დასაუფლებლად აუცილებლად უნდა მომზადნენ, რისთვისაც მათ ანაზღაურება უნდა მიეცეთ. ამ ყველაფერს მოფიქრება უნდა. მე მხარს დავუჭერ ასეთი სახის ცვლილებებს“, _ განაცხადა სიმონ ნოზაძემ.
მმართველი გუნდის წევრი გია ჟორჟოლიანი მხარს უჭერს კანონის მიღებას, რომლის მიხედვით, პრაქტიკანტის მუშაობა ანაზღაურებადი გახდება. როგორც ,,ქართული ოცნების“ წევრი გვეუბნება, შეიძლება ახალგაზრდას კარგი მონაცემები ჰქონდეს, მაგრამ პრაქტიკა ვერ გაიაროს უსახსრობის გამო. სწორედ, ამიტომ ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ პრაქტიკანტთა ანაზღაურება აუცილებელია.
,, კანონპროექტს მოფიქრება უნდა და კონკრეტული შემთხვევების კარგი გაანალიზება. მთლიანობაში, მინდა გითხრათ, რომ, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ ვარ ასეთი სახის ცვლილებები რომ განხორციელდეს. მიმაჩნია, მინიმალური დაფინანსება უნდა არსებობდეს პრაქტიკანტებისთვის, რომ გარკვეული სტიმული მიეცეთ საქმის შესრულებისთვის. შეიძლება ახალგაზრდას კარგი მონაცემები ჰქონდეს, მაგრამ პრაქტიკა ვერ გაიაროს იმის გამო, რომ მატერიალური შესაძლებლობები არ გააჩნია. პრინციპულად მომხრე ვარ ამ კანონის მიღების. მზად ვართ ინიციატორებთან ერთად ვიმუშავოთ, მოგვმართეთ, ვინც ამ თემით დაინტერესებულნი ხართ, ჩვენ მზად ვართ თქვენთან ერთად სამუშაოდ“, _ განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
როგორც ,,ქართული ოცნების“ წევრი რევაზ არველაძე გვეუბნება, იმ შემთხევვაში, თუ კანონში ასეთი ჩანაწრი არ არსებობს, რომელიც პრაქტიკანტთა ანაზღაურებას აწესრიგებს, პარლამენტმა ამ საკითხზე მუშაობა უნდა დაიწყოს. არველაძე მზად არის ახალი კანონის მიღებას მხარი დაუჭიროს.
,,პრაქტიკანტებზე ანაზღაურება ვრცელდება თუ არა, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ თუ კანონში ასეთი სახის მუხლი გაწერილი არ არის, მზად ვარ, ახალი კანონპროექტის მიღებას მხარი დავუჭირო. ვფიქრობ, რომ პრაქტიკანტების მუშაობა აუცილებლად უნდა ფინასდებოდეს“, _ განაცხადა რევაზ არველაძემ.