31 ოქტომბერს გამართულ ლანჩხუთის საკრებულოს სხდომაზე ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს ბესიკ ტაბიძეს მრავალჯერ მოუხდა კოლეგების დამშვიდება _ სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მიმდინარე წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილების გახორციელების დამტკიცებას მოჰყვა, რაზეც ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას საკრებულომ დასტური გასულ ორშაბათს მისცა.
საკითხი დეპუტატებს განსახილველად, წესისამებრ, მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა როლანდ ლაშხიამ წარუდგინა.
“საქართველოს მთავრობის განკარგულებაში შესული ცვლილებით, შემცირდა გზების რეაბილიტაციის ხარჯი 1 337 ლარით.
ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის ოფისის ხარჯის 570 ლარის შემცირების ხარჯზე, იზრდება არაფინანსური აქტივების მუხლი 570 ლარით.
ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის სახელფასო ფონდის 24 000 ლარის შემცირების ხარჯზე, იზრდება შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება 21 200 ლარით და არაფინანსური აქტივების მუხლი 2800 ლარით.
მცირდება კულტურისა და ახალგაზრდული ღონისძიებების პროგრამა და შესაბამისად, იზრდება სპორტული ღონისძიების პროგრამა 1 803 ლარით.
სოციალურ საკითხთა და ჯანდაცვის სამსახურის მომართვის საფუძველზე იგეგმება ბიკარბონატული ჰემოდიალეზით თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების პროგრამის 1 000 ლარით შემცირება და იზრდება ერთჯერადი სოციალური დახმარების პროგრამა 1 000 ლარით. სამკურნალო და საოპერაციო ხარჯების დახმარების პროგრამა იზრდება 10 000 ლარით.
ა(ა)იპ “ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის” საქონელი და მომსახურების ხარჯი იზრდება 45 000 ლარით, ა(ა)იპ “კეთილმოწყობისა და დასუფთავების” ხარჯი _ დასუფთავების ღონისძიების საქონელი და მომსახურების მუხლის 40 000 ლარით იზრდება;
შპს ქალთა საფეხბურთო კლუბი “ლანჩხუთის” დაფინანსება იზრდება 15 000 ლარით;
მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის შენახვისა და ექსპლოატაციის ხარჯი 13000 ლარით იზრდება.
ზემოთ აღნიშნულის ღონისძიებების (ხარჯების) დაფინანსება უზრუნველყოფილი იქნება ჯარიმების, სანქციების და საურავების შემოსავლის გეგმის 110 000 ლარით და არასაბაზრო წესით გაყიდული საქონელი და მომსახურების გეგმის 13 000 ლარით გაზრდის ხარჯზე”, _ განმარტა ლაშხიამ.
დეპუტატების გაცხარება წარმოდგენილი საკითხის იმ ეპიზოდს მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების გასახორციელებლად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 500 ათასი ლარი უნდა მიიმართოს.
ლაშხიას მიერ წარმოდგენილი განმარტების მიხედვით, ეს თანხა მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში ნაპირსამაგრების მოწყობისა და არსებული ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვისაა განკუთვნილი. როგორც ირკვევა, პროექტის მთლიანი ღირებულება, რომლითაც ზემოთ ნახსენები სამუშაოების გახორციელება იგეგმება, ორ მილიონნახევარ ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე მხოლოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოიყო, დანარჩენი კი მომავალი წლისთვის იქნება გათვალისწინებული.
გარდა ოპოზიციისა, კრიტიკა და ხმამაღალი საუბარი უმრავლესობის წევრი დეპუტატებისგანაც ისმოდა. როგორც აღმოჩნდა, საკრებულოს წევრთა ნაწილი სტიქიის თანხების განაწილებამ გააღიზიანა _ ჯერ ოპოზიციური ფრაქციის წევრმა სოსო ჩხაიძემ გამოთქვა ეჭვი მაჩხვარეთსა და ორაგვეში გასაკეთებელი ხიდების ღირებულებაზე:
“გამაგებინეთ, რა ხიდს აშენებთ ასეთს, ამხელა თანხა რომ სჭირდება”, _ კითხვა გაუჩნდა ჩხაიძეს, რაზეც უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ამირან ქანთარიამ ადგილიდან უპასუხა: “ეტყობა ბრუკლინის ხიდის ანალოგს აშენებენ და არ გვეუბნებიან”.
საკრებულოს კიდევ ერთი ოპოზიციონერი წევრი ლელა ჩახვაძე დაინტერესდა, სოფელ ნინოშვილში, სადაც საკმაოდ ბევრი პრობლემაა, რა კრიტერიუმით გადაწყდა ირემაძეების ეზოს მოწყობა. როგორც ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ლევან ჩხაიძემ დეპუტატს განუმარტა, ყველაფერი უბრალო დამთხვევითობის ბრალია _ იქ სოფლის გზა კეთდება და ვინაიდან ეს ოჯახიც ამ გზასთან ახლოს ცხოვრობს, ამიტომ მოხდა ასე.
ჩახვაძის თანაფრაქციელმა კახა ასკურავამ სოფელ ჭყონაგორაში სასაფლაომდე მისასვლელი გზის პრობლემა გააჟღერა: “მიცვალებული ვერ აუყვანია ჭირისუფალს სასაფლაომდე, ისეთ დღეშია იქაურობა”, _ თქვა ასკურავამ.
ასკურავას მიერ გაჟღერებული თემა კიდევ უფრო განავრცო ნიგოითის მაჟორიტარმა ზაზა წულაძემ და ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში არსებულ რიგ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე მწვავედ ისაუბრა, რასაც ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსსა და დეპუტატს შორის ცხარე კამათი მოჰყვა.
“ჩამონათვალი ვნახე, სად რა კეთდება და ნიგოითი არსადაა ნახსენები. ჭყონაგორაში სასაფლაოზე ვერ ადის ხალხი, ქვიანში ბერაიების უბანში გზა ისეა სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაზიანებულ მანქანა ვერ აღწევს დანიშნულების ადგილამდე და ასე შემდეგ. აღარაფერს ვამბობ წყალზე, რომელიც სოფელს არ აქვს. წლებია, ამაზე ვსაუბრობ. მითხარით, იქნებ, მე ვერ მომაქვს ამბავი და ვერ გაგებინებთ ამ ყველაფერს, თუ ვინმე ისე იღებს გადაწყვეტილებებს, რომ ჩვენ არაფერს გვეკითხება?! მაშინ რაღა საჭიროა დეპუტატი ან წარმომადგენელი სოფელში?!” _ ცხარობდა ნიგოითის მაჟორიტარი.
პრეტენზია ინფრასტრუქტურის სამსახურის მიმართ აკეთის მაჟორიტარმა გოგი მორჩილაძემაც დააფიქსირა: “ჩვენ სხდომის მიმდინარეობის დროს კი არ უნდა ვიწვევდეთ სამსახურის ხელმძღვანელებს, თავიდანვე უნდა იყვნენ აქ. 100 ათასი ლარია აკეთზე გათვალისწინებული, რაც არასაკმარისია. ამაზე კითხვები არის და პასუხებიც მჭირდება, მაგრამ ვისგან?! აგერ დეპუტატი აჟღერებს კითხვას, მაგრამ პასუხის გამცემი არავინაა. სად არის მერი?”
კოლეგებს ლესის მაჟორიტარმა ელისო ჭიჭინაძემაც აუბა მხარი. მისი თქმით, ამ შემთხვევაში არც ერთი მისი წინადადება არაა გათვალისწინებული და შესაბამისად, კენჭისყრაზე საკითხისთვის მხარის დაჭერასაც არ გეგმავდა.
გაირკვა, რომ მერი შვებულებაშია და სხდომაზეც ამიტომ არ იმყოფებოდა. დეპუტატების მხრიდან გაჟღერებულ პრეტენზიებს თანხის გადანაწილებასთან დაკავშირებით კი ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა უპასუხა: “ამ პრეტენზიებს ნამდვილად ვერ მივიღებ. ყველა პროექტი თუ პრიორიტეტი შერჩეულია დეპუტატის და რწმუნებულის მიერ. ჩვენს სამსახურს არც ერთი პროექტი არ შეურჩევია. 2018 წელს სტიქიის ზარალი 13 მილიონი ლარის იყო. გაცნობიხართ ამ სიას?! წყალზე საუბრობდა ნიგოითის მაჟორიტარი. რომელ წყალზეა საუბარი, თავად სოფლის მოსახლეობა რომ აზიანებს?! ნაჯახით რომ იყო გადაჭრილი, ამაზე მელაპარაკებით?!”
ჩხაიძის ამ განმარტებას ზაზა წულაძის მხრიდან რეპლიკა მოჰყვა _ “დაანებე ამ ბოდვებს თავი!” _ უთხრა წულაძემ ჩხაიძეს.
სხდომაზე არსებული დაძაბულობა შედარებით დეპუტატ ამირან ქანთარიას გამოსვლამ განმუხტა, რომელმაც ქალაქის ცენტრში მდგარი საათის თემა წამოწია წინა პლანზე: “იცით, ბატონებო, რომ ამ საათის გამო გვაგინებენ?! საათი მართლაც უნიკალურია, რადგან ყოველთვის ერთსა და იმავე დროს აჩვენებს. რა გახდა ამის ამუშავება?! საათია თუ რა უბედურებაა?! დავით აღმაშენებლის ძეგლი ხომ არაა?! თუ არ კეთდება, ავიღოთ და მის ნაცვლად ერთი კაი ყაბალახიანი გურულის ძეგლი დავდგათ”, _ თქვა ქანთარიამ.
საბოლოოდ, ჯერი კენჭისყრაზე მიდგა და მიუხედავად ხმაურიანი გამოსვლებისა, საკითხმა დეპუტატთა უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღო, რასაც “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლის, ირაკლი მარშანიშვილის შენიშვნა მოჰყვა: “წეღან უბედურება დაათენეთ, ჩვენს სოფლებში არაფერი კეთდებაო და ახლა მხარი დაუჭირეთ. გაოცებული ვარ. ჩოჩხათში სამი ხიდი კეთდება, რადგან არჩევნებზე “ოცნებამ” ბევრი ხმა ვერ მიიღო და ახლა ცდილობენ ხალხის გული მოიგონ”, _ უთხრა მარშანიშვილმა კოლეგებს.