ლისის ტბის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი ამ დრომდე დუმს. დაზარალებული ბიზნესმენი რამაზ ახვლედიანი კი, სამართლიანობის აღდგენას და დაკარგული ქონების დაბრუნებას ითხოვს.
„გურია ნიუსის“ მიერ ლისის ტბის საქმესთან დაკავშირებით დაწყებული ჟურნალისტური გამოძიება კი გრძელდება. არაერთგზის მცდელობის, წერილობითი მიმართვისა თუ სატელეფონო ზარის მიუხედავად, ახვლედიანის ბიზნესპარტნიორი მამუკა ხაზარაძე კითხვებზე პასუხს არ სცემს, კითხვები კი, მის მიმართ საკმაოდ ბევრია.
2017 წლის 10 აპრილს „გურია ნიუსმა“ „თი ბი სი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, რომლის მიერ დაფუძნებული კომპანიაც ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიას ფლობს, 16 კითხვით მიმართა.
მამუკა ხაზარაძისგან ვითხოვდით ეპასუხა კითხვებზე: მიადგა თუ არა წინა ხელისუფლებისგან ზიანი სს „ლისის ტბას“ და შეფასებულია თუ არა ეს ზიანი; მას, როგორც რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-პარტნიორს, ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია, რომ მის მიმართ საგამოძიებო უწყებების მხრიდან (ფინანსური პოლიცია) ხორციელდებოდა სისტამატური შეტყობინებები და ხელისუფლება მოითხოვდა რამაზ ახვლედიანისგან ქონების დათმობას; რამაზ ახვლედიანის მიერ წილის დათმობის შემდეგ, მიიღო თუ არა კონკრეტულად ხაზარაძემ, როგორც მისმა ბიზნეპარტნიორმა ზარალი და შეფასებულია თუ არა ის? ასევე, რა ოდენობის ინვესტიცია ჰქონდა მას ჩადებული ლისის ტბის განვითარებაში რამაზ ახვლედიანის მიერ ქონების დათმობის მომენტისთვის.
ამ და სხვა კითხვებზე მამუკა ხაზარაძისგან პასუხი ვერ მივიღეთ. რამდენიმედღიანი ლოდინის შემდეგ „თი ბი სი ბანკის“ მედიასთან ურთიერთობის სამსახურიდან გვაცნობეს, რომ კითხვებზე პასუხის მისაღებად „ლისი ლეიქ დეველოპმენტს“ უნდა დავუკავშირდეთ.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ანალოგიური კითხვებით „გურია ნიუსმა“ მამუკა ხაზარაძეს 2016 წლის მაისშიც მიმართა. თუმცა მამუკა ხაზარაძეს არც მაშინ უპასუხია.
„ლისი ლეიქ დეველოპმენტიდან“ კი გვაცნობეს, რომ ჩვენს მიერ გაგზავნილ კითხვებთან დაკავშირებით პასუხს მოგვიანებით გამოგვიგზავნიდნენ. ამ პასუხიდან ერთი წლის შემდეგაც კი, კომპანიიდან საპასუხო წერილი არ მოგვსვლია.
ჩვენს მიერ მოპოვებული და გამოქვეყნებული დოკუმენტაციიდან კი ირკვევა, რომ 2006 წელს, რამაზ ახვლედიანს საკუთრებაში არსებული ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსის კაბინეტში დაწერილი წერილის საფუძველზე დაათმობინეს; თუმცა, ეს გარემოება სასამართლომ არ გაითვალისწინა და მტკიცებულებად არ მიიღო განცხადება, რომელიც მას, როგორც თვითონ ამბობს, იძულებით დააწერინეს პრეზიდენტის სახელზე.
განცხადების მიხედვით, ახვლედიანი თმობდა საკუთრებაში არსებულ, უკვე გამოსყიდულ ქონებას, სანაცვლოდ კი, მას კომპენსაცია უნდა მიეღო. თუმცა, დღემდე არც კომპენსაცია მიუღია და ქონებაც ვერ დაიბრუნა.
ბიზნესმენის განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს, რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს კი, პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება ჩამოართვა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტს კანონის თანახმად, განკარგულებით საკუთრების ჩამორთმევის უფლება არ ჰქონდა.
„საქმეში იკვეთება შპს „ლისი ლეიქ დეველოპმენტისა“ და შპს „ფროფერთი დეველოპმენტ ჰოლდინგის“ პარტიონრების მხრიდან შესაძლო არაკეთილსინდისიერება. განსაკუთრებით, მამუკა ხაზარაძის მხრიდან, რომელიც რამაზ ახვლედიანის მოქმედი და ყოფილი პარტნიორია და მათ დაგეგმილი ჰქონდათ ერთად გაეუმჯობესებიათ ლისის ტბისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობა“, _ აცხადებს რამაზ ახვლედიანის ინტერესების დამცველი „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი.
“ლისი ლეიქ დეველოპმენტი”, რომლის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები არიან მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ბობ მეიერი ამ დროისთვის კითხვებზე პასუხების გაცემისგან თავს იკავებენ.
2015 წლის 11 აგვისტოს, მამუკა ხაზარაძეს კითხვებით ოფიციალურად „ახალგაზრდა ადვოკატებმაც“ მიმართეს. თუმცა, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, „მამუკა ხაზარაძემ საკითხზე დუმილი ამჯობინა“.
გამოძიების საქმის მასალებით კი დგინდება, რომ ქონების ჩამორთმევის საკითხი მტკივნეული აღმოჩნდა მხოლოდ რამაზ ახვლედიანისათვის, ვინაიდან ქონების ჩამორთმევის შემდეგ ს.ს “ლისის ტბის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის და სააქციო საზოგადოების მაშინდელი დირექტორის რუსუდან ფანცულაიას, როგორც ერთ-ერთ დაინტერესებული მხარეს მხრიდან, არც მაშინ და არც ახლა ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის პრეტენზიას, სულ მცირე, თუნდაც, განცხადებით მიმართვას უფლებამოსილი ორგანოებისათვის. შესაბამისად, ბევრ კითხვას ბადებს საქმეში მამუკა ხაზარაძის “უმოქმედობა” ქონების ჩამორთმევის თაობაზე, რასაც შემდეგ მოჰყვა ის, რომ მამუკა ხაზარაძის და მისი პარტნიორების საკუთრებაში არსებულ კომპანიებს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცა ლისის ტბის ტერიტორიაზე არსებული ქონება და მიწის ნაკვეთები, რომლის ნაწილიც წარმოადგენდა ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის საკუთრებას.
როგორც ჟურნალისტურ გამოძიების ფარგლებში გამოქვეყნებულ წინა სტატიებში აღვნიშნეთ, 2006 წლის 10 ნოემბერს, რამაზ ახვლედიანის მიერ სახელმწიფოსთვის პირადი განცხადების საფუძველზე ლისის ტბის ქონების დათმობიდან მე-6 დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება და ძალადაკარგულად გამოაცხადა თავისივე, 2006 წლის 14 ივლისის განკარგულება „ლისის ტბის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ“.
2007 წლის 31 იანვარს კი, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გამოსცა ბრძანება „დამატებითი საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“, რომლის მიხედვითაც, ლისის ტბის მიმდებარედ, სოფელ ლისისკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს არსებული შენობა-ნაგებობები და მათზე დამაგრებული 3 184 452 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და გზის მარცხენა მხარეს არსებული შენობა-ნაგებობა და მათზე დამაგრებული 353 895 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დამტკიცებული იქნა საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტს დაევალა ობიექტების პრივატიზების ორგანიზება. აღნიშნულ მიწის ნაკვეთებს შორის მდებარეობდა ლისის ტბის ის ნაკვეთებიც, რომელიც რამაზ ახვლედიანსა და სს „ლისის ტბას“ ჩამოერთვა.
რამაზ ახვლედიანის უფლებების დამცველი, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სამართლებრივი მოქმედებები სრულიად გაუგებარი და კანონშეუსაბამოა, როდესაც პრეზიდენტის განკარგულებით რამაზ ახვლედიანის მიერ ზეწოლის შედეგად დათმობილი ქონება ისე გასხვისდა, რომ საქმეში არც მიღება-ჩაბარების აქტი არსებობს და არც მხარისთვის გადაცემული კომპენსაცია.
არჩილ კაიკაციშვილის თქმით, სამინისტროს „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მიმდინარე წლის 13 თებერვალს მიმართეს და მოითხოვეს კონკრეტული სახის ინფორმაცია: რა უფლებადამდგენი დოკუმენტების საფუძველზე მოხდა რამაზ ახვლედიანის უძრავი ქონების გადასვლა სახელმწიფოს მხრიდან სხვა იურიდიული პირის მიმართ. უძრავი ქონება როდის და რა ფორმით აისახა სახელმწიფოს საკუთრებაში 2006 წლის 1 ნოემბრიდან და რამდენჯერ, დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც, რამაზ ახვლედიანსა და სახელმწიფოს შორის დათმობილი ქონების უკან გადაცემა/დაბრუნება გაფორმდა. ასევე, დეტალური ინფორმაცია, თუ რა ფულადი ან/და არაფულადი სახის კომპენსაცია მიიღო რამაზ ახვლედიანმა. მოთხოვნილ იქნა კომპენსაციის გაცემის პერიოდი ან/და მიზეზები, თუ რის გამოც (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რამაზ ახლედიანმა კომპენსაცია არ/ვერ მიიღო.
„აღნიშნული მიმართვის საფუძველზე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 თებერვლის წერილით ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თითქოსდა სამინისტროსა და რამაზ ახვლედიანს შორის 1999 წელს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დოკუმენტაცია არ მოიპოვება. ასევე, მოგვთხოვეს დაგვეზუსტებია ხელშეკრულებით განსაზღვრული კონკრეტული უძრავი ქონების რეკვიზიტები. მას შემდეგ, რაც ჩვენი მხრიდან ფორმალურად, კიდევ ერთხელ მოხდა მოთხოვნილი ინფორმაციის დაზუსტება, სააგენტომ 2017 წლის 25 აპრილის წერილით გვაცნობა, რომ დოკუმენტაცია კომპანიის თანხმობის გარეშე ვერ გასაჯაროვდებოდა. მოცემულ შემთხვევაში, ჩვენ გვაინტერესებს საკითხთან და საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რომელიც, ყველა წესით, დაცული უნდა იყოს სამინისტროში. მიღება-ჩაბარების გარეშე, არც ერთი ასეთი დიდი ბიზნეს-ურთიერთობა, სახელმწიფოსა და კომპანიას შორის არ ხორციელდება. შესაბამისად, თუკი დოკუმენტაცია არ არსებობს, ეს დარღვევაა. შეიძლება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხადაც განვიხილოთ. ამასთან, თემის მეორე მხარეა, რამაზ ახვლედიანის მიმართ კომპენსაციის გადახდის ვალდებულება, რომელიც სახელმწიფოს აკისრია და მთლიანად ეკონომიკის სამინისტროს პასუხისმგებლობაა. რატომ სდუმს სახელმწიფო ამ საკითხზე, როდესაც ქონების დათმობის წერილში ახვლედიანი მოითხოვს კომპენსაციას და მისთვის კომპენსაციის გაცემის ფაქტი არ მომხდარა, გაუგებარია“, _ აღნიშნავს არჩილ კაიკაციშვილი.
მოგვიანებით, ეკონომიკის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, 2007 წლის 17 მაისს აუქციონზე გასაყიდად გაეტანა ლისის ტბის მიმდებარედ 354 ჰა მიწა და მასთან ერთად ამ მიწებზე განლაგებული შენობა ნაგებობები, რომლებიც ჯერ კიდევ რამაზ ახვლედიანის საკუთრებას წარმოადგენდა.
გამართულ აუქციონში მონაწილეობა მამუკა ხაზარაძემ და სამმა უცხოურმა (ებრაული კომპანიები) მიიღო. ქონების საწყისი ფასი 26 მილიონ 500 000 დოლარი იყო. გადამწყვეტი ბრძოლა ამ აუქციონზე მამუკა ხაზარაძესა და ებრაელ ბიზნესმენს ოფერ ნიმროდს შორის გაიმართა. აუქციონში ხაზარაძის კომპანიამ ლისი 2007“-მა გაიმარჯვა.
როგორც ებრაელმა ბიზნესმენმა აუქციონის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრიდსას განაცხადა, ის მზად იყო ქონების სანაცვლოდ 180 მილიონი დოლარი გადაეხადა, თუმცა, 182 000 000 (ასოთხმოცდაორი მილიონი) აშშ დოლარის დასახელებით აუქციონში ხაზარაძის კომპანიამ „ლისი 2007“-მა გაიმარჯვა. მაშინ ეს თანხა „რეკორდულ ფასად“ დასახელდა.
როგორც აუქციონის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარში მამუკა ხაზარაძემ განაცხადა: „პრინციპული საკითხი იყო, რომ ეს მიწა ჩვენ გვეყიდა, ანუ ქართველებს განგვევითარებინა. საპირისპირო არაფერი მაქვს უცხოური ინვესტიციის, მაგრამ ეს მიწა უნდა განევითარებინა ქართველებს“,_ აღნიშნა ხაზარაძემ.
აუქციონის პირობების თანახმად, გამარჯვებულ კომპანიას „ ლისი 2007“ -ს 182 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა და 5 წლის განმავლობაში, ანუ 2012 წლამდე, 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია განეხორციელებინა. ამ თანხაში შედიოდა ლისის ტბის ტერიტორიაზე დასასვენებელი ზონა, საზოგადოებრივ-გასართობი, სავაჭრო, კულტურულ-საყოფაცხოვრებო ობიექტებისა და სპორტული მოედნების მშენებლობა; განეხორციელებინა ლისის ტბის წყალშევსების სამუშაოები; გაეშენებინა ტყე-პარკი და გაეკეთებინა ეკოლოგიურად სუფთა საბაგირო ქალაქთან დასაკავშირებლად.
თუმცა, ამ აუქციონის ჩატარებიდან მალევე, მამუკა ხაზარაძის კომპანიამ 182 მილიონი დოლარის გადახდაზე უარი განაცხადა. აუქციონის ჩაშლის მიზეზად კომპანიასა და სახელმწიფოს შორის 30 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაზე შეუთანხმებლობა დასახელდა. კერძოდ, „ლისი ლაიქ დეველოპმენტი“ ითხოვდა რომ 30 მილიონი არა ხაზარაძის კომპანიას, არამედ სახელმწიფოს დაეხარჯა კომუნიკაციებს მოწესრიგებისთვის.
ამ აუქციონის ჩატარება-ჩაშლიდან რამდენიმე თვეში, 2007 წლის 10 ოქტომბერს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გამოსცა ახალი ბრძანება (#1-1/1546), რომლის საფუძველზე, გაუქმდა 2007 წლის 17 მაისს ჩატარებული აუქციონის შედეგები, ძალადაკარგულად გამოცხადდა პუნქტი, რომლის მიხედვითაც შპს „ლისის-2007“-მა გაიმარჯვა აუქციონში, გადაეცა ლისის ტბის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთები და დაევალა ცალკეული ვალდებულებების შესრულება.
ბრძანებაში აღნიშნულია, რომ შპს „ლისი-2007“-ს არ დაუბრუნდეს „ბე“-ს სახით გადახდილი თანხა 2 650 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში. სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებით ბარათში ვკითხულობთ, რომ შპს „ლისი – 2007“-ის მიერ არ მომხდარა აუქციონზე დასახელებული საბოლოო ფასის შესაბამისს საბანკო ანგარიშზე ასახვა. ამასთან, 2007 წლის 10 ოქტომბრისთვის, გამარჯვებულ კომპანიას სახელმწიფოსთან არც შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება გაუფორმებია (იხ. სტუდია „მონიტორის“ ფილმი „ნაპატიები მილიონები“).
თუ როგორ და რა პირობებით აღმოჩნდა შემდგომში ლისის ტბის მიმდებარე 355 ჰა ტერიტორია მამუკა ხაზარაძის კომპანიის ხელში, „გურია ნიუსი“ შემდეგ სტატიაში გაგაცნობთ.