ფოტო, რომელიც სტატიას ახლავს, ლანჩხუთის ცენტრშია გადაღებული და იგი მის ყოველდღიურ რეალობას ასახავს. ბოლო რამდენიმე წელია, უპატრონო ძაღლებით სავსე ქუჩა ადგილობრივი მოსახლეობის გულისწყრომას იწვევს. მიტოვებული ძაღლების პრობლემა, განსაკუთრებით, ქალაქის ცენტრში განლაგებულ მაღაზიებისა თუ სხვადასხვა კვების ობიექტების მეპატრონეებსა და მათ მომხმარებლებს აწუხებთ.
“ქალაქის ცენტრში, სადაც კი გაივლი, ყველგან ნახავთ ქუჩაში უპატრონო ძაღლებს. თანაც ერთად, გუნდ-გუნდად დადიან. უკვე მაღაზიაში შემოსვლისაც აღარ ეშინიათ. პირადად მქონდა შემთხვევა, ჩემს სავაჭრო ობიექტში მოულოდნელად ქუჩიდან უპატრონო ძაღლი რომ შემოვარდა და დახლზე დადებულ პროდუქტებს დაეძგერა, წინააღმდეგობის გაწევისას კინაღამ დამკბინა. მაღაზიის ახლოს მამაკაცები იდგნენ და ხმაურზე მომეშველნენ. ერთხელ მაღაზიიდან გასულ ქალბატონს ხელიდან ახლად ნაყიდი პური გამოგლიჯა. პატრონი კი არავინაა. ალბათ, დროა, ვიღაცამ იზრუნოს ამ პრობლემის მოგვარებაზე”, _ დაიჩივლა ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ.
მაღაზიებსა და სწრაფი კვების ობიექტებში მოვაჭრეთა გარდა, ქუჩაში მოხეტიალე ძაღლების პრობლემა სასკოლო ასაკის ბავშვების მშობლებსაც აწუხებთ, რომლებიც თვლიან, რომ სათანადო ღონისძიებებია დაუყოვნებლივ გასატარებელი.
“ქალაქის ცენტრში სწრაფი კვების რამდენიმე ობიექტია, სადაც, ძირითადად, სკოლის მოსწავლეები დადიან. ერთდროულად რამდენიმე ძაღლია იქვე დადარაჯებული და ნამდვილად დიდია საშიშროებაა, რომ მშიერმა ცხოველმა ვინმე დაკბინოს. ადრე იჭერდნენ ქუჩაში უპატრონოდ დატოვებულ ძაღლებს და ოზურგეთში მიჰყავდათ, მერე ამ საქმეში ცხოველთა დამცველები ჩაერთნენ და აიკრძალა. ფაქტი ერთია _ სასწრაფოდ უნდა მოინახოს რაღაც გზა, რომლითაც პრობლემა მოგვარდება და ცხოველების უფლებებთან ერთად, ჩვენი უსაფრთხოებაც იქნება დაცული!” _ ასეთია ლანჩხუთელთა პოზიცია ქუჩაში უპატრონოდ მიტოვებულ ძაღლებთან დაკავშირებით.
აღნიშნული პრობლემა ქალაქის მოსახლეობამ საკრებულოში მათი წარმომადგენლის ევიკო ჩიჩუას წინაშეც დააყენა ორიოდე წლის წინ და მოითხოვა, რომ შესაბამისმა სამსახურებმა სათანადო ღონისძიებები გაატარონ.
მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილესთან, ნუგზარ ცინცაძესთან საუბრის შედეგად გაირკვა, რომ ამ საკითხის მოგვარება ა(ა)იპ “ლანჩხუთი-სერვისის” პრეროგატივაა.
“აღნიშნულ სამსახურს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ოზურგეთის შესაბამის უწყებასთან, რომელიც პერიოდულად ჩამოდის ლანჩხუთში და ქუჩის უპატრონო ძაღლები სპეციალურ თავშესაფარში გადაჰყავს”, _ ამბობს ცინცაძე.