მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში, ქალთა და ბავშვთა მიმართ ოჯახში ძალადობის 3 121 შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულის შესახებ ოფიციალური მონაცემები ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა.
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს სამართალდამცავებმა ოჯახური ძალადობის 963 შემთხვევა დააფიქსირეს, 2016 წელს კი ამ მაჩვენებელმა 1 356 შეადგინა.
უფლებადამცველი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოში ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის კუთხით მკაცრი რეგულაციების გატარებაა საჭირო. როგორც ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, უბნის ინსპექტორები, მხოლოდ ხელფასის აღებით არიან დაკავებულნი და სამსახურეობრივ მოვალეობას სრულყოფილად არ ასრულებენ.
,,გაზრდილი მაჩვენებელი მეტყველებს იმაზე, რომ საინფორმაციო კამპანიებმა გარკვეული შედეგი გამოიღეს და ადამიანებს აღარ ეშინიათ მიმართონ შესაბამის ორგანოებს. რეალურად, მონაცემებით ვერ განვსაზღვრავთ ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი გაზრდილია თუ შემცირებული .ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმართვიანობა გაიზარდა, რაც კარგია. ამ მხრივ უამრავი პრობლემა არსებობს და ძალადობის აღმოსაფხვრელად სახელმწიფომ აუცილებლად განსაკუთრებული როლი უნდა გამოიჩინოს . გეკითხებით, თუ იცით ვინ არის თქვენი უბნის ინსპექტორი? დარწმუნებული ვარ არა, რაც არა არის გასაკვირი. ინსპექტორები ხელფასს იღებენ და არაფერს აკეთებენ, მაშინ, როცა ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის საუკეთესო საშუალება უბნის ინსპექტორის ინსტიტუტია. დღეს ბევრს ჰგონია, რომ ქალზე ძალადობა სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ გამოიწვევს, ამიტომ მკაცრი ზომების გატარებითა და მოძალადის დასჯით, ვფიქრობ, ძალადობის მაჩვენებელი შემცირდება. დღეს რა ხდება სკოლებში? მანდატურის ინსტიტუტი მხოლოდ ფურცელზეა დაწერილი და ცხოვრებაში არ მოქმედებს, სკოლებში უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი, ჩემი ერთ-ერთი მოწოდებაა, სკოლის მოსწავლეებს მეტი წვდომა ჰქონდეთ სასულიერო პირებთან“, _ განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.