ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო ელისო ჭიჭინაძემ, რომელიც, ამავდროულად, ლანჩხუთისა და ფოთის სამედიცინო კლინიკებშია დასაქმებული. სწორედ ეს სამსახურებრივი შეუთავსებლობა გახდა ჭიჭინაძის ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, კომისიის შესაძლო თავმჯდომარედ უმრავლესობაში ორი კანდიდატურა _ გვიმბალაურის და აცანის ადმინისტრაციული ერთეულების მაჟორიტარი დეპუტატები _ ციცო ურუშაძე და ემზარ თედორაძე განიხილებიან.
„ჯერჯერობით, გადაწყვეტილება არ მიგვიღია. უახლოეს დღეებში ყველაფერი გადაწყდება და გავაკეთებთ საბოლოო არჩევანს“, _ გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ტაბიძემ.
შეგახსენებთ, რომ აცანის მაჟორიტარი, ემზარ თედორაძე ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომას, სადაც კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს, არ ესწრებოდა. როგორც ამბობდნენ, თედორაძე განაწყენებული დარჩა, რომ საკრებულოში თანამდებობა არ ერგო და ამიტომ პროტესტის ნიშნად სხდომაზე არ მივიდა.
ასევე, მაშინ მოულოდნელი იყო, რომ სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეობა ციცო ურუშაძეს არ ერგო, რადგან სწორედ ის სახელდებოდა ამ პოსტზე უალტერნატივო კანდიდატად.