ლანჩხუთში, ურუშაძის ქუჩის მობინადრეები ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ, რომ რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სანიღვრე არხების პრობლემა მოგვარდეს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ხატია სარჯველაძე ავრცელებს.
„ურუშაძის ქუჩაზე მცხოვრები ადამიანები ითხოვენს დახმარებას. წვიმის დროს ეტბორებათ პირველი სართულები და ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან, სახლიდან ვერ გამოდიან წვიმის შემდეგ“, _ წერს ხატია სარჯველაძე.
აქაურმა მაცხოვრებლებმა მერის, ალექსანდრე სარიშვილის სახელზე პრობლემის მოგვარების მოთხოვნით ერთობლივი განცხადებაც დაწერეს.
„ყოველი წვიმის შემდეგ იტბორება ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც გამოწვეულია რკინიგზის სადგურის წინ მდებარე არხის უფუნქციონირების გამო. მოსახლეობს თხოვნაა, მოხდეს ამ სანიღვრე არხის რეაბილიტაცია ან ახალი სანიაღვრე არხის მოწყობა. არხის მოუწყობლობა გამოიწვევს სხვადასხვა ინფექციის კერის წარმოქმნას“, _ წერია ურუშაძის ქუჩის მაცხოვრებელთა ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს ათეულობით ადამიანი აწერს და მისი უშუალო ადრესატი მუნიციპალიტეტის პირველი პირია.
რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მაცხოვრებლები პირად საუბრებშიც ამბობენ, რომ აქ წლებია გაუსაძლისი მდგომარეობაა.
„პირველ რიგში, რკინიგზის ლიანდაგის მიმდებარე არხები უნდა გაკეთებულიყო, ყველა ქუჩის ნიაღვარი აქეთ იყრის თავს. ერთხელაც, წყალდიდობა არ აცდება აქაურობას. რა დააშავა არაცენტრალურმა ლანჩხუთმა?! მატარებლიდან ბევრი უცხო თვალი ხედვას აქაურობას და სირცხვილია ამდენი ორმო-ტალახების დანახვა. წლებია ასეთი მდგომარეობაა, კარგი იქნება ახლა მაინც რომ მოაგვარონ. გაუსაძლისია უკვე აქ ცხოვრება, ინფიცირების კერად იქცევა მალე აქაურობა“- ამბობს პრობლემით შეწუხებული მოსახლეობა.
მუნიციპალიტეტში გასახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხის მიხედვით, მიმდინარე წელს, ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ხორციელდება რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობას. როგორც მერიის ოფიციალური გვერდიდან ხდება ცნობილი, ქალაქის მასშტაბით, სულ ასეთი ცხრა ქუჩა შეირჩა _ ებრალიძის, გოგებაშვილის, წერეთლის, ნინოშვილის (I შესახვევი), ჭანტურიას, თავდიშვილის, ხომერიკის, კუპრეიშვილის, ნათლისმცემლის ქუჩებზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და ივნისის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. პროექტის ჯამური ღირებულება კი, 1 169 999 ლარითაა განსაზღვრული.
„გურია ნიუსი“ ურუშაძის ქუჩის მობინადრეთა მხრიდან გაჟღერებული პრობლემის თაობაზე ლანჩხუთის მერიას დაუკავშირდა. როგორც მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, მაკა სულაბერიზემ გვითხრა, აღნიშნულ საკითხს შესაბამისი კომისია შეისწვლის და მოსახლეობას ეცნობება გადაწყვეტილება.