ცოტა ხნის წინ, ბრიტანულმა მას-მედიამ გამოაქვეყნა ცნობილი კომიკოსი ჩარლი ჩაპლინის ბიოგრაფიის შედარებით უცნობი სახალისო ეპიზოდები. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.
ერთ დროს ამერიკაში ეწყობოდა კონკურსები, ვინ უკეთ მიბაძავდა ჩარლი ჩაპლინს. ერთხელ ასეთ კონკურსზე ინკოგნიტოდ გამოცხადდა თვით ჩაპლინი. რაოდენ დიდი იყო მსახიობის გაოცება, როდესაც ჟიურიმ მას მხოლოდ მესამე პრემია მიაკუთვნა.
ჩარლი ჩაპლინის მუდმივმა ოპერატორმა როლი ტოტერმა ერთხელ მეტად საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა – “პარიზელი ქალების” გადაღების დროს, რეჟისორისაგან ფარულად იღებდა მის მუშაობას მსახიობებთან. ოპერატორს მთელი ფილმი გამოუვიდა, სადაც ყველა როლს ჩაპლინი ასრულებდა. მოგვიანებით, როდესაც ტოტერმა პარიზში თავისი ნამუშევარი უჩვენა, ჩაპლინის ამ მონოფილმს გაცილებით მეტი წარმატება ხვდა, ვიდრე თვით “პარიზელ ქალებს”.
ალბერტ აინშტაინს ძალიან უყვარდა ჩარლზ ჩაპლინის ფილმები. ერთხელ მან ჩაპლინს წერილიც კი მისწერა:
“თქვენი ფილმი “ოქროს ციებ-ცხელება” მთელი მსოფლიოსთვის გასაგებია. თქვენ, უსათუოდ დიდი ადამიანი გახდებით”.
ჩაპლინმა უპასუხა” “მე თქვენით უფრო მეტად ვარ აღტაცებული, თქვენი ფარდობითობის თეორია ყველასათვის როდია გასაგები, მაგრამ თქვენ მაინც დიდი ადამიანი გახდით”.
ერთხელ როცა ჩარლი ჩაპლინს მეგობრები ეწვივნენ, თავის ახლობელთა გამოჯავრება დაიწყო. ამის შემდეგ კი ისე ოსტატურად შეასრულა რამდენიმე არია იტალიური ოპერებიდან, რომ ერთ-ერთმა სტუმარმა გაოცებით შენიშნა:
– ჩარლი, თქვენ არასოდეს გითქვამთ, რომ შესანიშნავი მომღერალიც ყოფილხართ.
– მე? მომღერალი?! – შეცბუნდა იგი, – თქვენ რა დამცინით? მე არ ვიცი სიმღერა, მე მხოლოდ კარუზოს ხმის იმიტაცია გიჩვენეთ!.
ერთხელ, მანქანის საჭესთან მჯდომმა ჩარლი ჩაპლინმა ქუჩაში მოძრაობის წესები დაარღვია. დიდი მსახიობი დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს.
პოლიციის კომისარმა ყურადღებით აათვალიერ-ჩაათვალიერა ჩაპლინი:
– ნაცნობი სახეა. თუ არ ვცდები, მე თქვენ სადღაც მინახიხართ.
– შესაძლებელია! – ჩაილაპარაკა მსახიობმა.
– აი, ხომ ხედავთ, თქვენ თვითონ აღიარებთ. განა არა, მაშინვე მივხვდი, რომ თქვენ გამოუსწორებელი ავტოხულიგანი ბრძანდებით!
ავტორი