უზენაესი მოსამართლე ღმერთია და უნდა გვახსოვდეს ყოველთვის, რომ ჩვენ, ადამიანები მითუმეტეს სასულიერონი, უნდა ვიყოთ დედები და მამები და არა ერთმანეთის მოსამართლენი – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილმა განაცხადა.
მეუფემ კოლხეთის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღესთან დაკავშირებით გამართული საზეიმო წირვის შემდეგ იქადაგა. როგორც მეუფემ აღნიშნა, უზენაესი მოსამართლე ღმერთია და სასულიერო პირები არ უნდა იყვნენ ერთმანეთის მოსამართლეები.
„ძალიან დიდი სირთულეების წინაშე იმყოფება კაცობრიობა, თვით მართლმადიდებელი ეკლესიები. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენს გახსნილობას თანამედროვეობისადმი, რათა ჩვენ ვიყოთ მყარად ერთგულნი სამოციქულო სწავლებისა. ჩვენ საზოგადოებასთან განსაკუთრებული სიყვარულით უნდა მივიდეთ და მივუტანოთ მემკვიდრეობა, რაც მაცხოვარმა გვიქადაგა და დაგვიტოვა. მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის გამოცდილება სავსეა ტკივილით და განსაცდელით. სასოწარკვეთილებას არასოდეს ჰქონია ადგილი, რადგან იესო ქრისტე არის ღმერთი სიყვარულისა, ღმერთი იმედისა და მაკურთხეველი ჩვენი, ღმერთმა დალოცოს ჩვენი სტუმარი, ღმერთმა დალოცოს ამ ტაძარში შეკრებილნი, ღმერთმა დალოცოს საქართველოს საპატრიარქოს სხვადასხვა მონასტრებიდან მობრანებული ჩვენი დედები და სრულიად საქართველო. უზენაესი მოსამართლე ღმერთია და უნდა გვახსოვდეს ყოველთვის, რომ ჩვენ, ადამიანები მითუმეტეს სასულიერონი, უნდა ვიყოთ დედები და მამები და არა ერთმანეთის მოსამართლენი. იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ და გადავლახავთ იმ სირთულეებს, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობაში წარმოიქმნება და ადგილას არ მივცემთ სასოწარკვეთილებასა და იმედგაცრუებას. განსაცდელი კიდევ უფრო მეტად გაგვაძლიერებს ჩვენ უკეთესი მომავლისკენ მიმავალ გზაზე ღმერთთან და საკუთარ თავთან დაახლოებულ გზაზე. გვახსოვდეს, რომ ვერაფერს გვიზამს მტერი, როცა ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.