სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, გასულ წელთან შედარებით, დანაშაული 10 პროცენტით შემცირდა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, არის მატება გარკვეულ დანაშაულებზე, რაზეც საზოგადოებას ინფორმაცია ყოველთვიურად მიეწოდება.
„მაგალითისთვის: კიბერდანაშაულმა მოიმატა 24 პროცენტით, ოჯახში ძალადობამ 8,5 პროცენტით, მკვლელობამ 11 პროცენტით იმატა, რაც 7 – ერთეულით მეტია. იცით, რომ კიბერდანაშაული არის 21-ე საუკუნის გამოწვევა და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. ოჯახში ძალადობის მატების ტენდეცია კი განპირობებულია მზარდი მომართვიანობით, რაც წლების განმავლობაში გამოწვევას წარმოადგენდა.
აუცილებელია შევეხოთ იმ პოზიტიურ ტენდენციებს, რაც გვაქვს ისეთი კატეგორიის დანაშაულებზე, რომლებიც ზეგავლენას ახდენს ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე, კერძოდ:
• ყაჩაღობა -42%
• გამოძალვა -34%
• ძარცვა -25%
• ქურდობა -12%
• შემცირდა ბინების გაქურდვის ფაქტები -22%.
• მკვლელობის მცდელობა -5%“, – განაცხადა შს მინისტრმა.