ჩოხატაურში ძუძუს კიბოს ცნობადობის საერთაშორისო თვესთან დაკავშირებით, “გამარჯვებულ ქალთა კლუბის” ადგილობრივი წევრები შეიკრიბნენ და სიმბოლურად აღნიშნეს “ვარდისფერი ოქტომბერი”.
როგორც “გურია ნიუსთან” ჩოხატაურის “გამარჯვებულ ქალთა კლუბის” ხელმძღვანელმა ინეზა თუთბერიძემ აღნიშნა, ამ შეკრებით კიდევ ერთხელ გაუგზავნეს შეტყობინება ქალბატონებს, რომ დიაგნოზი არაა განაჩენი და ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი ავადმყოფობა, ადვილად ემორჩილება მკურნალობას. ამისთვის კი საჭიროა, რეგულარული თვითშემოწმება და სკრინინგი.
“ჩვენ შევიკრიბეთ, რათა აღგვენიშნა ერთი ლამაზი დღე ვარდისფერი ფერებით _ მესიჯი გავუგზავნეთ საზოგადოებას. ძუძუს კიბოს სიმპტომების ნაადრევი აღმოჩენის, რეგულარული თვითშემოწმებისა და სკრინინგული კვლევების საჭიროების შესახებ საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული. ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენა იძლევა განკურნების შესაძლებლობას. სკრინინგული კვლევების საშუალებით საწყის სტადიაზეა შესაძლებელი დაზიანებული უბნის აღმოჩენა და დაავადება, რომლის გაგონებაც შიშის ზარს გვცემს, 100 პროცენტით განკურნებადია. ეს სტიგმა უნდა დავძლიოთ _ კიბო განაჩენი არაა! ვარდისფერი ბაფთა, ძუძუს კიბოსთან ბრძოლის სიმბოლოა. ძუძუს კიბო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა ქალბატონებში. ჩვენ, ის ქალბატონები, ვინც ეს გზა უკვე გამოვიარეთ, მოვუწოდებთ რეგულარულად ჩაიტარონ სკრინინგი, რათა დროულად აღმოიფხვრას დაავადება საწყის ეტაპზე”, _ გვითხრა კლუბის ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურში “გამარჯვებულ ქალთა კლუბი” 2018 წელს დაარსდა და დღეისთვის ის 20 ქალბატონს აერთიანებს.