პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ,,ქართული ოცნება“ იმ პოლიტიკურ ორგანიზაციას არ წარმოადგენს, სადაც შიდა პარტიული დემოკრატია არსებობს. ბერიძის თქმით, ,,ქართულ ოცნებაში“ ახალი ფრაქციების შექმნა სხვა არაფერია თუ არა განაწყენებული პოლიტიკოსების გაერთიანება.
,,ქართულ ოცნებას“, როგორც პოლიტიკურ ორგანიზაციას, მე არ ვიცნობ. ვთქვი ადრეც და დღესაც გავიმეორებ, რომ ის პროცესები, რაც დამახასიათებელია ჩვეულებრივი პოლიტიკური ორგანიზაციისთვის აზრთა სხვაობა, ფრაქციების არსებობა, გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები, შიდა პარტიული დემოკრატია ამ ადამიანთა ერთობაში, რომელსაც ,,ქართული ოცნება“ ჰქვია არ არსებობს. ,,ქართული ოცნება“ არის მეტისმეტად ფორმალიზებული ჯგუფი, სადაც ადამიანები ბიძინა ივანიშვილის მემკვიდრეებად გვევლინებიან. ეს ჯგუფი არის ბიძინა ივანიშვილის საკრებულო, რომელიც მისი თვალთახედვით წარმატებულია. მაინტერესებს, როცა საუბარია ორ ახალ ფრაქციად ჩამოყალიბებაზე, რა მსოფლმხედველურ, კონცეპტუალურ ხედვებს ეფუძნება აზრთა სხვადასხვაობა? რა თქმა უნდა, არაფერს. ეს არის ნაწილი იმის, რასაც დემოკრატიას უწოდებს ბიძინა ივანიშვილი. ვიღაცები განაწყენდნენ და ახალი ფრაქცია შექმნეს, გაუნაწყენებლებმა _ მეორე. როგორც ჩანს, გია გაჩეჩილაძეს მისმა მეგობარმა ბიძინა გეგიძემ მხარი დაუჭირა და ახალი ფრაქციის შექმნა გადაწყვიტა“, _ განაცხადა ვაჟა ბერიძემ.