8 მარტს „გობელენის მუზეუმში“ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შვილებისა და შვილიშვილების ნახატების გამოფენა გაიმართა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა 8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით ნახატების კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც 12 წლამდე ასაკის 56 ბავშვი მონაწილეობდა.
კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში ხელოვანი ვეტერანები და სამსახურის თანამშრომლები იყვნენ. პირველ ადგილზე 12 წლის მარიამ თეთრაძე გავიდა, მეორე ადგილი 10 წლის ნიკოლოზ ქისიშვილმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილი 10 წლის ალექსანდრა მეცხოვრიშვილს ერგო. გამარჯვებულების დაჯილდოვება საზეიმო გარემოში გაიმართა. მათ სამახსოვრო პრიზები გადაეცათ. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა გამარჯვებული ნახატებისგან მისალოცი ბარათები დაამზადა, რომლებიც ვეტერან ქალბატონებს 8 მარტს დაურიგდათ.
შარდენის ქ. 19-ში გამოფენა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. (R)