ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და დირექტორის პირველი მოადგილე ნიკოლოზ კვეზერელი უწყების თანამშრომლებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან უკრაინაში, ქალაქ ხერსონის მერის მიწვევით.
ქალაქ ხერსონში უკრაინის სახელმწიფო დროშის და დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ოფიციალური დელეგაცია დაესწრო. უკრაინის სახელმწიფო დროშის აღმართვას, მერიის წინ ქალაქის მცხოვრებლები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ატოს ჯარისკაცები და ვეტერანები ესწრებოდნენ.
საზოგადოებას სიტყვით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ მიმართა, სახელმწიფო დღესასწაულები მიულოცა და რუსეთ-უკრაინის ომში გამძლეობა და გამარჯვება უსურვა.
ვიზიტის ფარგლებში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და დირექტორის პირველი მოადგილე ნიკა კვეზერალი ხერსონის მერს ვლადიმერ მიკოლაენკოს შეხვდნენ. მხარეებმა ქართველ და უკრაინელ ვეტერანთა სხვადასხვა პრობლემატურ საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ მეომრების დამსახურებას, რომლებიც საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობას და ერთიანობას იცავდნენ. დაგეგმილია ქალაქ ხერსონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანაორგანიზებით გამოფენის გახსნა – “ისინი საქართველოსა და უკრაინისთვის იბრძოდნენ”. (R)