პარლამენტის ეროვნული საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ლოტბარ ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებას ეხმაურება.
„ანზორ ერქომაიშვილი და მე უკანასკნელი ორი წელია, რაც დავმეგობრდით.
თუ შეგვიძლია სიტყვა ეპოქალური უბორძიკოდ და იოლად ვახსენოთ – ეს ამ ადამიანის მოღვაწეობაა. ქართული ხალხური სიმღერა თუ არსებობს – ამ კაცის მიერაა კარდაკარ ნაგროვები. ის ამ სიმღერით სუნთქავდა, ფიქრობდა, აზროვნებდა – 80 წლის ადამიანი, მოგონებები რომ ათასისა აქვს და შეუძლია ბუხართან იჯდეს წარსულისკენ მოღიმარი, ისევ მომავალს უმზერდა და დაუცხრომელ ძიებაში გახლდათ – დღეში ორჯერ მირეკვდა და ახალ მიგნებებს მიზიარებდა. საათობით ვიჯექით და პარიზიდან, ,,პატეს” არქივებში გაბნეული ქართული ჩანაწერების ჩამოტანაზე ვმსჯელობდით. ორმა ადამიანმა დამაკავშირა ქართულ ფოლკლორს ამ ძალით – პირველად ზურაბ კიკნაძემ უნივერსიტეტში და მეორედ ბატონმა ანზორმა, სულ ახლახან. ეროვნული ბიბლიოთეკის ფოლკლორის დარბაზში აუცილებლად შეიქმნება მისი კუთხე, ჩემს ოთახში კი მთელი კარადა მელის არქივის – ახლა სწორედ მისი მონოგრაფიის წინასიტყვაობაზე ვმუშაობდი. ბევრი რამ არის სიმბოლური. ძალიან ბევრი. მათ შორის ისიც, რომ მის წასვლას ამ ქვეყნიდან, გურიაში შევხვდი. მაგრამ ეს ჩემთვისაა მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი. თვითონ უკვე ზეცაში მიიკვლევს გზას – იქ გზად ,,ჩაკრულო” შემოხვდება. შემოხვდება და წაიღიღინებს. ეს იქნება მისი სამოთხის საშვი. სხვანაირად არ გამოდის. სხვანაირად ვერც იქნება. მე ვეცდები მისი ყველა დანაბარები შევასრულო – არ ვიცი შევძლებ თუ არა, მაგრამ ის ზუსტად ვიცი – თვითონ დამეხმარება“,_ წერს კეკელიძე „ფეისბუქში“.