კონსტიტუციაში შესაძლოა პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის წესი ჩასწორდეს და ქვეყნის მეთაური საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, პარლამენტმა აირჩიოს. მოსალოდნელ ცვლილებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მმართველი გუნდის წევრის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, უკეთესი იქნება თუ პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია და პარლამენტი ორ საფეხურიანი სისტემით აირჩევს. მისი თქმით, პარლამენტს პრეზიდენტის არჩევაში დიდი პასუხისმგებლობა აკისრია:
“ასეთი პრაქტიკაც არსებობს, საარჩევნო კოლეგიაც იყოს ჩართული პრეზიდენტის არჩევაში და პარლამენტიც. პარლამენტი ირჩევდეს და კოლეგიაც ერთვებოდეს მუნიციპალიტეტების დონეზე. ვფიქრობ, პოლიტიკური გადაწყვეტილების რანგი რომ ავწიოთ პარლამენტს უნდა მივანიჭოთ უფლება პრეზიდენტი აირჩიოს და თუ დაფიქსირდა ფაქტი, რომ პარლამენტი ხმათა უმრავლესობით ვერ ირჩევს პრეზიდენტს, მაშინ მეორე ეტაპი იყოს კოლეგიის ჩართვა“ _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას დიმიტრი ხუნდაძემ.
ხუნდაძის განცხადებას იზიარებს მმართველი გუნდის წარმომადგენელი ალექსანდრე ქანთარია. მისი განცხადებით, პრეზიდენტის არჩევის მოდელი არ უნდა შეიცვალოს, თუმცა უკეთესი იქნება თუ ქვეყნის უმაღლესს პირს პარლამენტარებთან ერთად საარჩევნო კოლეგიაც აირჩევს:
,,ვფიქრობ, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს იურიდიულად უფრო გამართულია, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებული უკეთესი იქნება თუ ფართო სპექტრი ჩაერთვება ამ პროცესში და პარლამენტთან ერთად საარჩევნო კოლეგიაც მიღებს გადაწყვეტილებებს“ _ გვითხრა ალექსანდრე ქანთარიამ.
ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, მისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს თუ პარლამენტი. გოგიჩაიშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ მისთვის მთავარია არ მოხდეს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა:
,,არ ვარ მომხრე საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელში პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩეოდეს, ამიტომ ჩემთვის პრეზიდენტსსაარჩევნო კოლეგიის წარმომადგენლები აირჩევენ თუ პარლამენტარები არსებითად არ არის მნიშვნელოვანი. სწორედ, საზოგადოების წევრების დაკვეთა იყო რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ამ მხრივ ცვლილება განხორციელებულიყო. საზოგადოებას პრეზიდენტის არაპირდაპირი წესის არჩევასთან დაკავშირებით ნეგატიური რეაქცია რომ ჰქონოდა არჩევნების შედეგებზე აისახებოდა. ვფიქრობ, საზოგადოებას არ აღელვებს პრეზიდენტი პირდაპირი წესით იქნება არჩეული თუ არაპირდაპირით“ _ აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.
იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტის არჩევის წესში ცვლილება არ შევიდა, ვახტანგ ხმალაძის მიერ წარდგენილი მოდელის მიხედვით, ქვეყნის საკრებულოები 150 საარჩევნო კოლეგიის წარმომადგენელს აირჩევენ. კ
ოლეგიის წარმომადგენლები კი პრეზიდენტს სავარაუდოდ, 50%-ზე მეტი ხმით დაამტკიცებენ.