ოზურგეთის მუნიციალიტეტის მერის კონსტანტინე შარაშენიძის მოადგილეებს თანაშემწეები დაენიშნათ, ამათგან ორი მამაკაცი და ერთი ქალია.
მოადგილეების უფლება-მოვალეობები ერთნაირად აქვთ განსაზღვრული : _ დაიცვან დაწესებულებაში არსებული შრომის შინაგანაწესით განსაზღვრული მოთხოვნები; ხელი შეუწყოს მერის პირველ მოადგილეს მუშაობაში; შეასრულოს მერის პირველი მოადგილის დავალებები და მითითებები; ორგანიზება გაუწიოს მერის პირველი მოადგილის შეხვედრებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება; უზრუნველყოს მერის მოადგილისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარი და მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს მიაწოდოს ინფორმაცია მის მიერ გაცემული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ;
მერიიდან მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 83-ე მუხლის თანახმად, სსიპ _ საჯარო სამსახურის ბიუროსთან შეთანხმების საფუძველზე გამარტივებული კონკურსის გარეშე შრომითი ხელშეკრულებები გააფორმა ხუთ პიროვნებასთან:
ვიცე მერის ალექსანდრე სურგულაძის თანაშემწედ თეიმურაზ ჭანუყვაძე დანიშნა. მერის მოადგილის ირაკლი სირაძის თანაშემწედ _ მერაბ ჭელიძე, ხოლო მერის მოადგილის ოსიკო თოთიბაძის, რომელიც ინფრასტრუქტურის დარგს ხელმძღვანელობს, თანაშემწედ დარეჯან გოგოტიშვილი დაინიშნა. მისი ფუნქცია- მოვალეობები ზუსტად იგივეა, რაც სხვა მოადგილეებს თანაშემწეებს აქვთ განსაზღვრული.
სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალისტად _ ჟანა ჩხიკვიშვილი, ხოლო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის კონსულტანტად _ ქეთევან გორგოშიძე დაინიშნენ.