ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ბახმაროში სასტუმრო კომპლექსს “ორბი ჯგუფი“ გააკეთებს. ამის შესახებ “გურია ნიუსისთვის“ ეს ამბავი ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. ეკონომიკის სამინისტროში დაგვიდასტურეს, რომ სწორედ ეს კომპანია არის აუქციონის გამარჯვებული.
ინფორმაციისთვის, მთავრობის მიერ საპრივატიზაციოდ გამოტანილ (გურიაში 9 ობიექტი იყო გამოტანილი) ობიექტიდან გაიყიდა მხოლოდ ერთი, ბახმაროში მდებარე მიწის ნაკვეთი.
აუქციონში მხოლოდ ერთი მყიდველი მონაწილეობდა. ეს მყიდველი კი “ორბი ჯგუფი“ აღმოჩნდა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ თუ ვინ მოიგო აუქციონი ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა.
“გურია ნიუსის“ არქივში ვკითხულობთ, რომ საქართველოს მთავრობის #1098 განკარგულების თანახმად, შპს „ორბი ჯგუფ ბახმაროს“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, დაბა ბახმაროში, გურიის ქუჩაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 43,269 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 1 ლარად მიჰყიდა (სტატია გამოქვეყნებულია www.gurianews.com,-ზე 2019 წლის 28 მაისს).
ამავე სტატიაში ვლითხულობთ, რომ 2018 წლის ბოლოს რეგისტრირებული კომპანიამ, რომელიც „ორბი ჯგუფის“ სამშენებლო დეველოპერული ჰოლდინგის საკუთრებაა, 5 წლის ვადაში პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა ააშენოს, რომელიც მოიცავს სასტუმროს ან სასტუმროებს არანაკლებ 120 ნომრით; კომერციული დანიშნულების ფართებს; კვების ობიექტებს; სპორტულ მოედანს/მოედნებს.
გარდა ამისა, კომპანიამ უნდა გააკეთოს გარე განათება, მოახდინოს გამწვანება.
საერთო ჯამში, 5 წლის განმავლობაში, ინვესტორმა ბახმაროში 50 მილიონი ლარი უნდა დახარჯოს.
აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის განკარგულების თანხმად, „ორბი ჯგუფ ბახმაროს“ 10 წლის განმავლობაში აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენების უფლება არ აქვს.
„ორბი ჯგუფი ბახმაროს“ დირექტორი ირაკლი კვერღელიძე, „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ეს კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია:
_ ბახმარო არამარტო გურიისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი კურორტია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ იქ ტურისტული ნაკადი გავაასმაგოთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტების დამუშავება და დოკუმენტაციის მოწესრიგებ და შესაძლოა, ძალიან მოკლე ვადაში დაიწყოს მშენებლობა, _ აღნიშნა კვერღელიძემ ჩვენთან საუბრისას.