სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის თანამშრომლებმა გუშინ თბილისში ანატოლი ბერძენიშვილი დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ბერძენიშვილი თურქეთში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად ჩავიდა.
„დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად, ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს დახმარება გაუწია თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე გადაადგილებაში” _ აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
დანაშაული, რომელიც სასჯელის ზომად 17 დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ანატოლი ბერძენიშვილს არ უღიარებია.
მისი ადვოკატი ელდარ გვალია ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ბერძენიშვილი დუმილის უფლებას იყენებს.
დაკავებულის უფლებადამცველის თქმით, მისთვის საქმის მასალები უცნობია და შესაბამისად, გამოძიების მტკიცებულებებზე ვერ ისაუბრებს.
აღნიშნავს იმას, რომ ბერძენიშვილმა მხოლოდ თემურ მაჩალიკაშვილთან ნაცნობობა დაუდასტურა:
„იცნობდა, თუმცა, ახლოს არა,“ _ გვითხრა გვალიამ.
ადვოკატი ამბობს, რომ ბერძენიშვილს იმდენი თანხა არ აქვს, რომ ტერორიზმი დააფინანსოს:
_ გამორიცხულია. მე როგორც ვიცი, ის საქართველოში ეკლესიებს აშენებდა და მხოლოდ ეს შემოსავალი ჰქონდა. მას არ ჰქონდა იმდენი ფული, სხვა დაეფინანსებინა, _ აღნიშნავს „გურია ნიუსთან“ საუბრისას ელდარ გვალია.
როგორც „გურია ნიუსმა“ გაარკვია, ანატოლი ბერძენიშვილი წარმოშობით გურიიდანაა. უფრო კონკრეტულად კი, ჩოხატაურიდან _ მას აქ ნათესავები ჰყავს და მათი ინფორმაციით, ანატოლი მორწმუნე ადამიანი იყო:
_ ჩვენთვის მოულოდნელი იყო ამ ამბის გაგება და სიმართლე გითხრათ, არც გვჯერა. წლებია, ის ჩოხატაურში არ ჩამოსულა. მასთან კონტაქტი ძირითადად სოციალური ქსელით გვქონდა, თუმცა, ბოლო დროს აქტიური კავშირი არ გვქონია, _ გვითხრა მისმა ერთ-ერთმა ნათესავმა, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს.
ის, რომ ბერძენიშვილს ჩოხატაურთან კავშირები აქვს, ადვოკატმაც დაგვიდასტურა:
_ როგორც ანატოლიმ მითხრა, წარმოშობით ჩოხატაურიდანაა. დედა ჰყავს პოლონელი, _ ამბობს ადვოკატი.
_ ბატონო ელდარ, ჩვენ გვითხრეს, რომ ანატოლი ჩოხატაურში 2010 წელს იმყოფებოდა და ის ასევე იცნობს ტერორისტთა სიაში მყოფ ჩოხატაურელს _ სოფელ ზოტის მკვიდრს თამაზ ჭაღალიძეს. ამის შესახებ თუ გაქვთ ინფორმაცია _ გამოძიებას ხომ არ უთქვამს რამე?
_ მსგავსი არაფერი მსმენია და ვინც ეგ გითხრათ, იმას ჰკითხეთ. მე ვიცი, რომ ის საქართველოში ტაძრებს აშენებდა.
_ ფოტოებში, რომლებიც ჩვენ მოვიპოვეთ, ჩანს, რომ ის ტაძრების მოსალოცად სხვა ქვეყნებშიც დადიოდა…
_ მე არ ვიცი, რას აკეთებდა 2010 წელს. მე ვიცი, რომ ბოლო წლებში საქართველოში აშენებდა ეკლესიებს.
_ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მას კომპანიაც ჰქონდა და ბიზნესით იყო დაკავებული.
_ ამის შესახებ არაფერი მსმენია, _ გვითხრა ადვოკატმა.
ანატოლი ბერძენიშვილის ერთ-ერთი მეგობარი, რომელსაც ამ ეტაპზე მისი ვინაობის გახმაურება არ სურს, „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ბერძენიშვილის მიმართ წაყენებული ბრალი დაუჯერებელია:
_ შეუძლებელია ამის დაჯერება _ წარმოუდგენელია ასეთი ბრალდება. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით ერთად. მისი ყველაზე დიდი საქმიანობა ეკლესიის მშენებლობა და რწმენა იყო, _ გვითხრა ანატოლი ბერძენიშვილის მეგობარმა.
ანატოლი ბერძენიშვილს ელდარ გვალიას გარდა ადვოკატი მაია სირაძეც იცავს. “პირველი რადიოსთვის” მიცემულ ინტერვიუში სირაძე ამბობს, რომ ბერძენიშვილი საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე ხშირად დადიოდა თურქეთში:
“თურქეთში დადიოდა თავის საქმიანობიდან გამომდინარე. აშენებდა ეკლესიებს და ხშირი შეხება ჰქონდა თურქეთთან, მასალებთან დაკავშირებით. ხიზირ მარგოშვილთან ადასტურებს კავშირს. მეგობარი იყო და ბიზნესთან დაკავშირებით ურთიერთობა ჰქონდა ხშირი. ამ შემთხვევაში ტაძრების აშენებასთან არა, სხვა ბიზნესი ჰქონდათ,” _ აცხადებს ადვოკატი მაია სირაძე.
კონკრეტული დეტალების გადამოწმება ჩვენ ანატოლი ბერძენიშვილის მეგობართან ვცადეთ. როგორც მან გვითხრა, მისთვის უცნობია, ეწეოდა თუ არა ბიზნესსაქმიანობას დაკავებული და ამის გამო უწევდა თუ არა თურქეთში ხშირად სიარული.
„გურია ნიუსმა“ ოფიციალური დოკუმენტებით გაარკვია, რომ 42 წლის ანატოლი ბერძენიშვილი რამდენიმე წლის მანძილზე ინდივიდუალური მეწარმე იყო. ბიზნესრეესტრის მონაცემებით, ის 2005 წლის 28 დეკემბერს დარეგისტრირდა, ხოლო 2014 წლის 23 დეკემბერს რეგისტრაცია გააუქმა.
რეესტრის თანახმად, ანატოლი ბერძენიშვილმა 2013 წლის 22 ოქტომბერს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს „გიორგი ლიზი“ დააფუძნა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც და დირექტორიც თავადაა.
ამ კომპანიაზე სხვა ინფორმაცია არ იძებნება და მისი საქმიანობის სტატუსიც უცნობია.